რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

პეტრიაშვილი: ლუკაშევიჩის განცხადება არათუ გვაშფოთებს, პირიქით, გვაძლიერებს

ევროპის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვალდებულია, დააყენოს თავდაცვითი საშუალებებით ქვეყნის აღჭურვის საკითხი პარტნიორების წინაშე. პეტრიაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ალექსანდრ ლუკაშევიჩს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ასეთი ტიპის განცხადებები არათუ გვაშფოთებს, არამედ, პირიქით, გვაძლიერებს, ჩვენს მეგობრებს კი, კიდევ უფრო მეტად აფხიზლებს". მისივე თქმით, დღეს ემბარგოთი ვერავინ შეაშინებს საქართველოს. პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ "წარმატება ძალიან ახლოს არის და ჩვენ მას აუცილებლად ვიზეიმებთ 27 ივნისს, როდესაც საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის 28 ქვეყნის მეთაურის თანდასწრებით მოაწერს ხელს ასოცირების შეთანხმებას".

"რუსეთმა 2008 წელს დაიპყრო საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი, ჩვენს მიწა-წყალზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კი საოკუპაციო ჯარები განალაგა. ყოველდღიურად, სომალელი მეკობრეების მსგავსად, რუსი სამხედროები იტაცებენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მშვიდობიან მოქალაქეებს, ავლებენ მავთულხლართებს, არ უშვებენ ხალხს სალოცავებთან და საფლავებთან. 2014 წელს რუსეთმა მოახდინა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსირება და განაგრძობს დესტრუქციულ ქმედებებს სუვერენული ქვეყნის - უკრაინის ტერიტორიაზე. სწორად ამიტომ და ბევრი კიდევ სხვა მიზეზის გამოისობით, როდესაც საოკუპაციო ჯარები დგას დედაქალაქიდან 40 კმ-ის დაშორებით, არათუ მისასალმებელია, არამედ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვალდებულია დააყენოს თავდაცვითი, ხაზს ვუსვამ - თავდაცვითი საშუალებებით ქვეყნის აღჭურვის საკითხი ჩვენი პარტნიორების წინაშე შესაბამის ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე.

2. საქართველოდან რუსეთში პროდუქციის შეტანა ნამდვილად არ წარმოადგენს რუსეთის მხრიდან ჰუმანიტარულ აქციას ან კეთილგანწყობის ჟესტს კარგი მოქცევისთვის. 23 მილიონ ბოთლ ღვინოს ჩვენი ხათრით ერთმორწმუნე რუსები ნამდვილად არ სვამენ და არც ერთი მაგდენი ბორჯომი ენატრებათ დილაობით ტყუილად. ვერც ემბარგოთი შეაშინებს დღეს ვერავინ საქართველოს. ევროკავშირის მზაობა ყოველმხრივი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის სულ უფრო მეტად გამოკვეთილია კონკრეტულ ქმედებებში. ასე იქნება მომავალშიც.

3. ასოცირების ხელმოწერის მერე, მართლაც, შესაძლოა, რომ გადასახედი გახდეს სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ არა ხელების ამოგრეხვით და შანტაჟით, არამედ ორ სხვადასხვა სავაჭრო სისტემაში, უფრო ზოგადად კი ღირებულებათა სისტემაში მყოფი სახელმწიფოების შესაბამისი სპეციალისტებისა და ექსპერტების დონეზე" - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

ცნობისთვის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით, საქართველომ უნდა გააცნობიეროს, თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით. 

„ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ხალხის უფლებას, თავად გადაწყვიტოს ამა თუ იმ საერთაშორისო ფორმატთან შეერთების საკითხი. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შედეგების გაცნობიერება. ეს ეხება როგორც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას, ასევე ფინანსურ-ეკონომიკურ შედეგებს, რომლებზეც ჩვენ იძულებულები ვიქნებით ვიმუშაოთ საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების გათვალისწინებით“, - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, „ბოლო პერიოდში რუსეთმა დაიკავა მესამე ადგილი საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში. ეს რაღაცაზე მეტყველებს. ყველა სახელმწიფომ უნდა გათვალოს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან ურთიერთობის შედეგები და დაფიქრდეს იმაზე, თუ რა ზომები შეიძლება მიიღონ სხვა ქვეყნებმა, რომლებსაც მათთან ორმხრივი შეთანხმებები აკავშირებთ“.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი შეშფოთებულა საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებთ საქართველოში NATO-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებასთან დაკავშირებთ.

„ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ნებისმიერ ფასად მიისწრაფვის NATO-ში გასაწევრიანებლად. ისინი მოქმედებენ სრულ პოლიტიკურ ვაკუუმში ისე, რომ არ ფიქრობენ, რომ ამან, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოებას ზარალი მიაყენოს. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადება, რომელიც მან ვაშინგტონში გააკეთა საქართველოში NATO-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ლუკაშევიჩმა.

ლუკაშევიჩის თქმით, თავდაცვის მინისტრი უნდა ზრუნავდეს თავისი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე და, მინიმუმ, მხედველობაში უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების პრობლემები და მეზობელი სახელმწიფოები. მისი განცხადებით, "თბილისის რეალურ განზრახვებთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვიჩნდება, თუ რა აქვთ მხედველობაში და ვისგან უნდა დაიცვას ამ სისტემებმა“.

კომენტარები