საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გაავრცელა, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ხელმძღვანელთა პირადი საუბრების ფარული ჩანაწერების აღმოჩენასთან დაკავშირებული საქმის გამოძიებას შეეხება.
განცხადებაში საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ წინა ხელსუფლების დროს შეძენილი ფარული მიყურადებისთვის განკუთვნილი აპარატურის დიდი ნაწილი ამჟამად დაკარგულია და პროკურატურას ეჭვი აქვს, რომ მისი გამოყენებით ფარულ მიყურადებას ამჟამად ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ახორციელებენ.
უწყების განცხადებით, ფარული ჩანაწერების უკანონო გამოყენება და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშულია.
„პროკურატურა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიებას გააგრძელებს
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2014 წლის 9 მაისს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ იქნა საჯარო განცხადება, რა დროსაც იგი საზოგადოებას დაპირდა, რომ გაასაჯაროებდა მოქმედ მაღალჩინოსანთა პირადი საუბრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებს.
მოგახსენებთ, რომ უკანონო მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით უკვე არსებობს სისხლის სამართლის საქმე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფიდან დაიქვემდებარა სისხლის სამართლის საქმე, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღევის ფაქტზე და მასზედ გამოძიებას პროკურატურა აქტიურად გააგრძელებს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელთა ჩვენებებით დგინდება, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელბის მიერ 2010-2011 წლებში, ადგილი ჰქონდა ფარული ხარჯებით, არაოფიციალურად, ფარული მოსმენა-მიყურადებისთვის განკუთვნილი სპეციალური, პორტატული აპარატურის უკანონო შეძენას, რომელსაც ისინი იყენებდნენ კერძო საუბრების ჩასაწერად მათი კომპრომატების სახით გამოყენების მიზნით.
ჩატარებული გამოძიებით ასევე დგინდება, რომ უკანონოდ შეძენილი სატელეფონო და ფარული ვიდეო მიყურადებისთის განკუთვნილი სპეციალური პორტატული ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგულია.
არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული ტექნიკით სარგებლობს ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები. საზოგადოებას გვინდა ვაუწყოთ, რომ გამოძიება მუშაობს ხსენებული ტექნიკის ძებნისა და ამ დანაშაულში ჩართული პირების დადგენის მიზნით, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი.
აქვე მოგახსენებთ, რომ პირადი საუბრების ჩანაწერის, მათ შორის ტექნიკური საშუალებით მოპოვებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერის უკანონო გამოყენება და გავრცელება მათ შორის მასმედიის საშუალებით წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს", - ნათქცვამია პროკრუატურის განცხადებაში.
პროკურატურის განცხადება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც ის ამბობდა, რომ ის აპირებს იმ ჩანაწერების გამომჟღავნებას, რომლითაც დასტურდება რომ მთავრობა საკუთარ მაღალჩინოსნებს უყურადებს.
"ამაზე უარესი ამბების გამოაშკარავებასაც გპირდებით, აი, მერე რას მოიფიქრებთ - თქვენი საკუთარი მაღალჩინოსნები რომ გყავთ ჩაწერილი და რომ უსმენთ, იმათ რომ მოგასმენინებთ, მერე მაინტერესებს ძალიან, ესეც ჩვენ დავამონტაჟეთ, გადავიღეთ და მოვისმინეთ? აი, ეს შეკითხვები იქნება დასმული და ველოდებით უახლოეს დღეებში ამ კითხვებზე პასუხებს" - მიმართა გვარამიამ ხელისუფლებას.
ამ განცხადების შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ ნიკა გვარამია გააფრთხილა, რომ ფარული ჩანაწერების განხორციელება, რეალიზაცია და გასაჯაროება სისხლის სამართლის კოდექსით არის დასჯადი.





