ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა. დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის თქმით, 2013 წელს 2012 წელთან შედარებით, რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა. მისივე თქმით, დაახლოებით 1 მილიარდით შემცირდა შიდა ინვესტიციების რაოდენობა და დაახლოებით 2 თვეში, შიდა და საგარეო ვალი 192 მილიონით გაიზარდა.
გარდა ამისა, ჯაფარიძის თქმით, ეკონომიკის დასუსტებასთან ერთად, რუსეთი საქართველოს სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი გახდა, რაც მისი აზრით, შემაშფოთებელია.
"ოკუპანტი სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ იბრუნებს ეკონომიკურ ბერკეტებს საქართველოზე, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ ინერციით მოძრაობს წინ", - ამბობს ჯაფარიძე და აღნიშნავს, რომ მთავრობა მუდმივად ცვლის ეკონომიკურ გარემოს, შემოაქვს ახალ-ახალი რეგულაციები, ზრდის სახელმწიფო ბიუროკრატიას, იღებს ახალ ვალებს, ვერ უზრუნველყოფს ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას, ზრდის წნეხს ბიზნესზე და ვერ აცნობიერებს საკუთარი პოლიტიკის დამღუპველობას.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს, დასწიოს გადასახადები და შეამციროს სახელმწიფო ხარჯები, შეწყვიტოს ეკონომიკური გარემოს მუდმივი ცვლა ათასგვარი გაუაზრებელი ინიციატივით, გამოაცხადოს საგადასახადო ამნისტია და მოახდინოს ფინანსურ/ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია.
"სხვა შემთხვევაში, წლევანდელი წელიც დასრულდება ისეთივე ეკონომიკური და საბიუჯეტო პრობლემებით, როგორც დასრულდა 2013 წელი", - თქვა ჯაფარიძემ.




