კრიზისი უკრაინაში

სლავიანსკში ბრძოლები განახლდა, ოდესაში დაპირისპირება გრძელდება

AP

დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში, სადაც რუსი დივერსანტები არიან გამაგრებული, დილიდან ანტიტერორისტული ოპერაცია განახლდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, სპეცრაზმელებმა რამდენიმე პუნქტი აღმოაჩინეს, სადაც ტერორისტები იყვნენ ჩასაფრებული. დივერსანტებმა ძალოვნებს ცეცხლი გაუხსნეს. სამთავრობო ძალების მხრიდან სულ მცირე 8 ადამიანი დაშავდა. სლავინსკში მყოფი რუსი ჟურნალისტების ინფორმაციით, ქალაქის გარეუბნებში ბრძოლის შემდეგ პრორუსულმა ძალებმა უკან, ქალაქის ცენტრისკენ დაიხიეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სეპარატისტთა ტყვეობაში მყოფი უკრაინელი მფრინავი გათავისუფლებულია.

ქალაქ ოდესაში კი პროუკრაინელმა აქტივისტებმა ღამით მსვლელობა გამართეს. აქტივისტები ჯერ პოლიციის სამმართველოსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პროფკავშირების სახლისკენ გაემართნენ, სადაც პრორუსი აქტივისტები იყვნენ შეკრებილი. რუსეთის მომხრეები დაიშალნენ, პროუკრაინული აქციის მონაწილეებმა კი შენობაზე რუსეთის დროშები ჩამოხსნეს და უკრაინის დროშა აღმართეს. აქციის მონაწილეებს ოლქის ახალდანიშნულმა მილიციის უფროსმა ივან კატერიონჩუკმა მიმართა.

”კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამიტომაც თქვენი დახმარების იმედი მაქვს. ოდესა უკრაინის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ საპროტესტო აქციების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ სეპარატიზმის წინააღმდეგი ვართ, აქ ჩვენი აზრი ერთიანია”, - თქვა ივან კატერიონჩუკმა.

პრუკრაინელი აქტივისტები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც რუსეთის მომხრეებმა ადგილობრივი პოლიციის შენობა ალყაში მოაქციეს და მილიცია აიძულეს, 60-ზე მეტი დაკავებული სეპარატისტი გაეთავისუფლებინა. ამ გადაწყვეტილებამ უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქის მილიციის ხელმძღვანელობა გაათავისუფლა. კიევმა ოდესაში სპეცდანიშნულების რაზმი მიავლინა. ადგილობრივი ხელისუფლება კი რუსული აგრესიისგან რეგიონის დასაცავად მოხალისეთა ბატალიონს ქმნის.

ბოლო მონაცემებით, 2 მაისს ოდესაში შეტაკებებისა და ხანძრის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის უმრავლესობა პრორუსი აქტივისტები არიან, რომლებიც შენობაში ხანძრის შედეგად გაიგუდნენ.

ქალაქ კრამატორსკში სეპარატისტებმა ქალაქის საბჭოს დეპუტატი გაიტაცეს, ქალაქ ნოვგოროდოვკაში კი - მაღაროელთა თავისუფალი პროფკავშირების წარმომადგენლები.

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩონოვმა განაცხადა, რომ რუსეთი პროვოკაციებს უკრაინაში 9 მაისისთვის გეგმავს და მისი საბოლოო მიზანი კიევში ხელისუფლების დამხობაა.

”მიმდინარეობს ომი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მხრიდან. როგორც უკრაინის აღმოსავლეთში, ასევე სამხრეთში, ისინი სიტუაციის სრულ დესტაბილიზაციას ცდილობენ. მათი მიზანი ხელისუფლების დამხობაა. დედაქალაქში ბლოკსაგუშაგოები შეიქმნა და სიტუაციას გაძლიერებულად ვაკონტროლებთ, რადგან 9 მაისს პროვოკაციებს ველოდებით. ყურადღებით უნდა ვიყოთ არა მხოლოდ კიევში, არამედ ყველგან, სადაც შეიძლება იყვნენ ტერორისტები და პროვოკატორები. აგრესიის მოსაგერიებლად მზად უნდა ვიყოთ”, - თქვა ტურჩინოვმა.

კომენტარები