კრიზისი უკრაინაში

ეუთოს დამკვირვებლები პრორუსმა აქტივისტებმა ნატო-ს ჯაშუშებად გამოაცხადეს

theguardian.com

პარსკევს, 25 აპრილს, უკრაინაში პრორუსმა აქტივისტებმა ეუთო-ს დამკვირვებლები დააკავეს.

ეუთო-ს ინფორმაციით, გატაცებულები არიან სავერიფიკაციო მისიის წევრები, რომელიც უკრაინის მთავრობის მოწვევით ვენის 2011 წლის დოკუმენტის შესაბამისად სამხედრო ნაწილების ინსპექტირებას ატარებს. ინსპექტორების მისიაში რვა ადამიანი შედის - ჩეხეთის, დანიის, პოლონეთისა და შვედეთის მოქალაქეები. 

სლავიანსკის თვითგამოცხადებული ლიდერის, ვიაჩესლავ პონომარიოვის თქმით, დაკავებულები ნატო-ს წევრი ქვეყნების ჯაშუშები არიან. იგი ასევე ირწმუნება, რომ დაკავებულებს აღმოაჩნდათ საგუშაგო პოსტების რუკა, რაც იმისი დამამტკიცებელი საბუთია, რომ ეუთოს მისიის სახით სლავიანსკში ნატო-ს ჯაშუშები ცდილობდნენ შეღწევას. 

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი, დენის პუშილინი, აცხადებს, რომ მისიის წევრებს მხოლოდ კიევის მხრიდან დაკავებული პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. 

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ ბილდტი და უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულთაგან, მისიის ერთი წევრი შვედეთის მოქალაქეა. 

ინსპექტორების დაკავებას გამოხმაურება მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც.  

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ჯენ საკიმ მოუწოდა სეპარატისტებს გაეთავისუფლებინათ დაკავებული ინსპექტორები და განაცხადა, რომ რუსეთსა და სეპარატისტებს შორის საკმაოდ მტკიცე კავშირი არსებობს.

კომენტარები