ორჰან ფამუქი

სტამბოლით სავსე

ორჰან ფამუქთან შეხვედრით აჟიტირებულ ქართველებზე ქილიკი Facebook-ში გრძელდება. რატომ უნდა მოეწვიათ საქართველოში „უჯიშო" და „ურჯულო" თურქი, რომელსაც თავის რომანებში ქართველები სამარცხვინოდ ჰყავს გამოყვანილიო, კითხულობენ ისინი, რომლებსაც ჯერ სიტყვა არ დასცდენიათ ნინო ქათამაძისა და ნიკოლოზ რაჭველის მოსკოვში, 28 და 29 მარტს დაგეგმილ კონცერტზე „15 წელი ერთად".

„ქართველებისადმი უსამართლო დამოკიდებულების" შესახსენებლად, ორჰან ფამუქის თბილისში ყოფნის პერიოდში, ელექტრონულ გამოცემებსა თუ სოციალურ ქსელში, ხშირად მოჰყავდათ ციტატები რომანებიდან „თოვლი" და „მე წითელი მქვია". მათ შორის კომენტარების სიმძაფრით გამოირჩეოდა ამონარიდი – „...სტამბოლს მოედვნენ ჩერქეზები, აფხაზები, მეგრელები, ბოსნიელები, ქართველები, სომხები. მათ ისეთ უმსგავსობაში ჩაითრიეს ქვეყანა, საიდანაც უკან დაბრუნება ძნელია". მათი კითხვისას დავრწმუნდი, რომ ქართველებსა თუ საქართველოზე შექმნილი წარმოდგენების მაპროვოცირებელი და განმსაზღვრელი ჯერ კიდევ უცხო, ურჯულო ან უჯიშო გვგონია და არა საკუთარი თავი.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ნობელიანტი მწერლის საქართველოში ჩამოყვანით, თავისუფალმა უნივერსიტეტმა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მკითხველი (ან პოტენციური მკითხველი!) გამოაცოცხლა. 13 მარტს, რუსთაველის თეატრში მოწყობილ შეხვედრაზე მოსახვედრად საჭირო მოსაწვევის მისაღებად, გამომცემლობასთან რიგები დადგა. მათ შორის იქნებოდნენ ისეთებიც, რომლებსაც შესაძლოა სულაც არ ჰქონდათ მისი რომანები წაკითხული, მაგრამ კულტურული მოვლენის გამოტოვება არ სურდათ. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდას, წიგნის კითხვისკენ უბიძგებს, სასარგებლოა. სჯობს მწერალთან შეხვედრის მოლოდინში იყოს და ასეთი ტიპის შეთავაზებით მაინც მოხვდეს რუსთაველის თეატრში, ვიდრე ფამუქით საერთოდ არ დაინტერესდეს.

ნობელიანტი დარბაზში გამოცხადებისთანავე არ შემოსულა. ვიდრე ჟურნალისტებისა და ავტოგრაფების მისაღებად ჩასაფრებული თაყვანისმცემლების ტალღას გაარღვევდა, ორგანიზატორებმა მისი გამოჩენა რამდენჯერმე გვამცნეს და მწერლის მაგივრად მაყურებელმა ტაში ერთხელ სრულიად სხვა, დარბაზში დაგვიანებით შემოსულ ადამიანსაც დაუკრა.

ორჰან ფამუქთან (ამერიკისა და ჩინეთის უნივერსიტეტების საპატიო პროფესორი, მსოფლიოს ათზე მეტი სხვადასხვა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, 18-ზე მეტი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატი) შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა და იმედი მკითხველს მხოლოდ ორგანიზატორების დანაპირების არშესრულებამ გაუცრუა, როდესაც აღმოაჩინა, რომ დარბაზიდან დასმული შეკითხვებისთვის განკუთვნილი დრო ძალიან მცირე იყო (მხოლოდ სამი მოესწრო) და აღარც ავტოგრაფის მიღების შანსი დარჩენოდა – „მწერალი გაეპარებინათ".

რისი თქმა მოასწრო ფამუქმა? იმის, რომ სტამბოლი არის ქალაქი, რომელზე წერაც განსაკუთრებით სიამოვნებს და რითაც საზრდოობს. გული წყდება, რომ ყველა იმ მოგონებასა და განცდას, რომელიც მისთვის დაუვიწყარია, სქელტანიან რომანებშიც ვერ ატევს. „17-დან 23 წლამდე, ისევე როგორც ყველა თურქი ბიჭი, მეც ვწერდი ლექსებს. რომანიდან „სტამბოლი" ჩემი „პოეტური წლები" ამოვიღე, რადგან უნდა შევთანხმდეთ, რომ ცუდი პოეტი ვიყავი და მხატვრობის მსგავსად, პოეზიაც ჩემი ცხოვრების მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე მიტაცებდა. მაგრამ თურქეთს, ოტომანების იმპერიიდან მოყოლებული, პოეზიის ძლიერი ტრადიცია აქვს (ისევე როგორც საქართველოს!). ჯერ უნდა ყოფილიყავი პოეტი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლებოდი განათლებულ ადამიანად, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებდი საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას და ა.შ. ოტომანების იმპერიის დროს, სულთნებიც კი წერდნენ ლექსებს. პოეტობა 1970-იანი წლების დასაწყისშიც პრესტიჟული იყო, მაგრამ სირთულეებიც ახლდა, რადგანაც უნდა დაგეცვა გარკვეული ფორმა, პოეზიის წერის უამრავი წესი, რითმი და ა.შ. პოეტს ერი აღიქვამდა (და აღიქვამს) როგორც უფლისგან კურთხეულს, თითქოს მას რაღაც მეტაფიზიკური ძალა აწერინებდა, მაშინ, როდესაც პროზაიკოსი კლერკთან უფროა გაიგივებული. იმდენად იღბლიანი არ ვიყავი, რომ ღმერთს ყურში ეჩურჩულებინა, ამიტომ გადავწყვიტე მეწერა ის, რაც შეიძლებოდა ღმერთს ჩემთვის ეთქვა. აი, ასეთ მეტაფიზიკურ წარმოსახვაზე პოეტების შესახებ ვწერ ერთ-ერთ რომანში, რომლის მთავარი გმირიც პოეტია", – გაიხსენა ფამუქმა.

Orhan Pamuk visiting Château Mukhrani.
ფოტო: Dimitri Chikvaidze
პოეზიის გარდა, მწერალი მხატვრობითაც იყო გატაცებული. პროფესიულ არჩევანთან დაკავშირებულ ოჯახის დამოკიდებულებაზე აღნიშნა: „მამა, ბაბუა, ბიძა, ბებიაც კი, სამოქალაქო ინჟინრები იყვნენ და ყველას დამთავრებული ჰქონდა სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი. ასე რომ, ჩვენთვის ახლობელი იყო მათემატიკა, გონების სავარჯიშოები და ა.შ. ბიძაჩემი გამაჩერებდა ხოლმე და უცბად მკითხავდა (გ)ამოცანას, რომლის პასუხიც უნდა მეთქვა. ხატვა რომ დავიწყე, მთელმა ოჯახმა მოიწონა და ნიჭი ჰქონიაო, თქვა. მიხაროდა. ნათესავებს ევროპიდან ჩამოჰქონდათ საღებავები, ფანქრები და მეც ვხატავდი.

მოგვიანებით, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, მხოლოდ არქიტექტურის მიმართულებით, რადგან თვლიდნენ, რომ არქიტექტურა უფრო ახლოს იყო ხელოვნებასთან და მეტად შესაფერისი იქნებოდა. თავიდან სწავლას მთელი სერიოზულობით მოვეკიდე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ აღარც ხატვა მინდოდა და აღარც არქიტექტურა. რატომ არ შეიძლება გავხდე მწერალი-მეთქი, გადავწყვიტე მაშინ. კოლუმბიის უნივერსიტეტში ვასწავლი საგანს „ისტორიული ურთიერთქმედება ფერწერასა და ლიტერატურას შორის". ითვლება, რომ ეს არის ორი ისეთი სფერო, რომელიც მკითხველსა და დამთვალიერებელზე ერთსა და იმავე ეფექტს ახდენს.

რა მომცა მხატვრობამ? ვიზუალურ მწერლად მაქცია. დიახ, ჩვენ ვფიქრობთ როგორც სიტყვებით, ისე გამოსახულებებით. იგივე ვრცელდება წიგნის კითხვაზეც. მინდა მწერლები ორ კატეგორიად გავმიჯნო: პირველია ვიზუალური მწერალი, ხოლო მეორე არის ისეთი მწერალი, რომელიც ჩვენს ფანტაზიასა და წარმოსახვაზე სიტყვებით მოქმედებს. ასეთია, მაგალითად, დოსტოევსკი. მისი კითხვისას უფრო ზოგად წარმოდგენას ვიქმნით პერსონაჟებზე, საგნებზე, მაგრამ როცა ვკითხულობთ ტოლსტოის, ყველაფერს ვხედავთ, მაგალითად, ოთახს, სადაც მოქმედება ვითარდება. ანალოგიურად მოქმედებს ჩვენს გონებაზე პრუსტიც... მიმაჩნია, რომ „ვიზუალური მწერალი" ვარ".

მწერლის შემოქმედებაში გამორჩეულია „მე წითელი მქვია", რომელსაც ფამუქი ხუმრობით მისი ოჯახის ქრონიკას უწოდებს. „დედაჩემისგან ყველაზე დიდი კომპლიმენტი სწორედ „მე წითელი მქვიაზე" მივიღე, რადგან სხვა წიგნებზე ყოველთვის მეუბნებოდა: ა, მივხვდი ეს რომანი რამ დაგაწერინა, შენი ცხოვრების ესა და ეს ეპიზოდია აღწერილიო, მაგრამ „მე წითელი მქვია" იყო ერთადერთი წიგნი, რომელზეც მითხრა: წარმოდგენა არ მაქვს როგორ დაწერეო", – აღნიშნა ნობელიანტმა. აქვე გაიხსენა მწერლად გახდომის არჩევანთან დაკავშირებული სირთულეებიც: „მდუმარე სახლი" თითქმის მთლიანად ეძღვნება და ეთმობა ჩემს ორ ბებიას, დედის და მამის მხრიდან. ამ ქალბატონებმა იცხოვრეს 15 და 30 წლით დიდხანს, ვიდრე მათმა მეუღლეებმა და ცხოვრების დიდი ნაწილიც მარტოობაში გაატარეს. მამის დედას ჰყავდა მზარეული, რომელთან ურთიერთობაც გადმოტანილია წიგნში. როდესაც ჩემმა მამიდამ მისი პირველი სამი გვერდი წაიკითხა, გმირები მაშინვე ამოიცნო და ამას აღარ წავიკითხავო, თქვა.

ამ დროს თავს იჩენს ხოლმე საკითხი, რომელიც ყველა რომანისტს აწვალებს და ნაცნობ-მეგობრებს, ოჯახის წევრებს ეხება. მაგალითად, მოდის ჩემთან ბიძა და შემომჩივის: აი, შენ ჩემზე დაწერე, მაგრამ ასეთი ცუდი რომ არ ვარ?! არ ვარ ინჟინერი, არ ვარ ქერა, არ ვეწევი და არ მაქვს ცისფერი თვალები და რატომ დაწერე? როცა ვეუბნები, ბიძია, ეს ხომ შენ არ ხარ-მეთქი, მპასუხობს – არა, მე ვარო... მაგალითად, „თოვლის" წერისას, რომლის მოქმედება ვითარდება პატარა ქალაქ ყარსში (რომელიც ძალიან მაგონებს თბილისს), ქალაქში ჩასვლამდე მონახაზი, ანუ ამბავი უკვე მზად მქონდა. ერთ-ერთმა გაზეთმა გამგზავნა. რადენიმე ინტერვიუ ავიღე. რეპორტაჟის სტილში ვმუშაობდი. მაინტერესებდა აღმებეჭდა ქალაქი არჩევნებამდე. ყარსში კეთილგანწყობილი და საკმაოდ გახსნილი ხალხი დამხვდა. გულახდილად საუბრობდნენ საშინელებაზე, რაც ქალაქში ტრიალებდა: ჩიოდნენ კორუმპირებულ მთავრობასა და მუნიციპალიტეტზე, მექრთამეობაზე, პროსტიტუციაზე და ა.შ. მათთან შეხვედრის შემდეგ ქალაქის ინტელიგენციაც გავიცანი. ინტელიგენციის წევრებმა, რომლებთანაც დავახლოვდი, როდესაც ავტობუსის გაჩერებაზე მიმიყვანეს, ჩვენი ქალაქის შესახებ გულახდილად უნდა დაწეროო, კი მითხრეს, მაგრამ ბოლოს მაინც დააყოლეს, მხოლოდ კარგი ამბები მოყევიო... კარგი მწერალი ხარ მაშინ, როდესაც ასეთ სიტუაციას თავს დააღწევ და ყველაფრისგან გათავისუფლდები. ამის გამო საკმაოდ დიდი პრობლემები მქონდა თურქეთში".

ორჰან ფამუქი აპირებს დაამთავროს რომანი, რომელიც 1978-80 წლებში დაწერა, მაგრამ ჯერ არ გამოუცია. პოლიტიკური ნაწარმოები მემარცხენე ანარქისტ მეგობრებს ეძღვნება, რომლებმაც მისი დაბეჭდვის უფლემა მწერალს მაშინ არ მისცეს. 2014 წლის შემოდგომისთვის, 5-წლიანი პაუზის შემდეგ, ნობელიანტი მკითხველს წარუდგენს ახალ რომანს, რომელზეც ახლა მუშაობს და რითაც ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას, თუ როგორია სტამბოლის ცხოვრება დაბალი სოციალური ფენის, ღარიბი ადამიანის თვალთახედვით. 

„ვწერ ხელით. კალამი ყოველთვის თან დამაქვს. წერისთვის მჭირდება ოთახი, რომელიც იქნება შედარებით წყნარი. ამ დროს არ ვეკარები კომპიუტერს, შორს ვიჭერ თავს ინტერნეტისგან, არ ვამოწმებ მეილებს და არ ვკითხულობ ახალ ამბებს. პრინციპში, სულ ეს არის. ჩემი მწერალი მეგობრებისგან განსხვავებით, ინჟინრის თვისებები მომდგამს. წერისთვის ყოველთვის წინასწარ ვემზადები. წინასწარ მაქვს გაწერილი თავები. ამიტომაც, როდესაც დასავლეთში შემოქმედებით კრიზისსა და ჩავარდნებზე საუბრობენ, ასეთი რამ არასოდეს მემართება, რადგან თუ ერთი თავის წერას ვეღარ ვაგრძელებ, შემდეგ თავზე გადავალ და მაინც არ გავჩერდები", – გაგვიმხილა მწერალმა შეხვედრის ბოლოს.

შეკითხვაზე, როგორი იყო თქვენი წარმოდგენა საქართველოში ჩამოსვლამდე და როგორ შეიცვალა ჩამოსვლის შემდეგ, ნობელიანტმა ასეთი პასუხი გასცა: „თბილისი ყოველთვის წარმომედგინა ძალიან პოეტურ ქალაქად. ერთი ჩემი წიგნის გმირი სიზმარში ნახულობს თოვლის მოსვლას თბილისში... თბილისში თოვლი არ მინახავს, მაგრამ სიხარულით მინდა ვთქვა, რომ წინასწარ შექმნილმა წარმოდგენამ გაამართლა. გავიარე თბილისის ქუჩებში და მართლაც ძალიან პოეტური, მელანქოლიური განწყობის ქალაქია, განსაკუთრებით მისი ძველი ნაწილი. არაფერი იმაზე კარგი არ არის, როდესაც წინასწარ შექმნილი აზრი და წარმოდგენა ამართლებს.

თქვენ ზემოთ მკითხეთ, რამდენად გამიცრუვდა იმედი, როდესაც პირველი წიგნი ვერ დავბეჭდე. ახლა გიპასუხებთ, რომ ეს იყო 40 წლის წინ და სულაც არ ვიყავი უბედური, რადგან ვიცოდი, რომ 40 წლის შემდეგ ვიჯდებოდი საქართველოში, თბილისში, ენთუზიასტ და კეთილგანწყობილ მკითხველთან ერთად და ვესაუბრებოდი მათ.

მწერლის ცხოვრება არის მარტოსული ადამიანის ცხოვრება. ყოველთვის ხარ მარტო ოთახში, წერ, წერ და ოცნებობ იმაზე, რომ ოდესმე გეყოლება მკითხველები, რომლებიც წაგიკითხავენ და ყურადღებით მოგისმენენ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და სითბოსთვის, რაც ჩემდამი გამოავლინეთ. თავი მართლაც ზღაპარში მგონია".

კომენტარები