დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში განცხადება დღეს გაკეთდება. ბრიფინგი 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ამასთან, გელაშვილი გუშინ, გვიან ღამით პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც უსაფრთხოებისთვის სახელმწიფო დაცვა მოითხოვა. მისი თქმით, ყოფილ თანამდებობის პირებს, ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას ბრალი დაუმძიმდებათ.
შეგახსენებთ, რომ გელაშვილის საქმის გამოძიების დასრულება მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა 20 აპრილს დააანონსა და განაცხადა, რომ გამოძიება დასკვნით ეტაპზეა.
"ვალერი გელაშვილის საქმეს რაც შეეხება, გამოძიება ფაქტობრივად დასკვნით ეტაპზეა. დაახლოებით კვირის ბოლოს გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ ინფორმაცია. აღნიშნული საქმე ფაქტობრივად დამთავრებულია", - თქვა ბადაშვილმა.
პარლამენტარ ვალერი გელაშვილს 2005 წელს სცემეს. მისი საქმის გამოძიება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხელახლა დაიწყო.





