ქართული ოცნება

რა სარგებლობა მოაქვს ოცნებას?

კახა ბენდუქიძის 9-საათიანი დაკითხვა და აგრარული უნივერსიტეტის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის აქსელერაცია გვაიძულებს კიდევ ერთხელ დავსვათ ეს კითხვა: რა სარგებლობა მოაქვს „ოცნებას"?

ყველაზე რადიკალური ელექტორატის აზრით, „ოცნებამ" ვერ შეძლო „სამართლიანობის აღდგენა" („სამართლიანობის" იმ გაუკუღმართებული გაგებით, რომელსაც ეს ადამიანები გულისხმობენ). მეორე მხრივ, მოქალაქეების შედარებით მიუკერძოებელი ნაწილის დაკვირვებით, პოლიტიკური ოპონენტებისა და ივანიშვილის რეალური თუ წარმოსახვითი მტრების დევნა „ქართული ოცნების" ძირითადი საზრუნავია ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. მიკერძოებაში რომ არ ჩამოგვართვან, მოდი, აზრი თავად „ოცნებას" ვკითხოთ.

ყველაზე ლოგიკური „ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის არგუმენტების მოყვანა იქნებოდა, თუმცა, დამეთანხმებით, ამ ადამიანის გამოსვლებიდან ისეთი პასაჟების „ამოკენკვა" (©ბ.ი.), რომელიც სერიოზული მსჯელობის საფუძველს მოგვცემდა, რთული ამოცანაა. თანაც, დაუნდობელი ცინიკოსი უნდა იყო, რომ „ანალიზში" (©ბ.ი.) ივანიშვილის ციტატების საფუძველზე „შეხვიდე". ამ სიტუაციაში, ალბათ ყველაზე უპრიანია რეალურ სახელისუფლებო იერარქიაში მეორე პირის, ირაკლი ღარიბაშვილის გამონათქვამების მოხმობა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში პრემიერმინისტრმა სიტყვასიტყვით შემდეგი განაცხადა:

„მოდით, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ გადავხედოთ, რას მივაღწიეთ დღემდე, რა შედეგი დავდეთ. პირველ რიგში, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც გაათავისუფლა სასამართლო; ჩვენ არ ვერევით სასამართლო პროცესებში. სასამართლო გადაწყვეტილება წინასწარ არავინ იცის, ჩვენთვის ყველასთვის ერთნაირად უცნობია, რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო – და ამას ყველა ხედავს; მედიასაშუალებები თავისუფლად მუშაობენ, არ არსებობს არცერთი მაუწყებელი, რომლის მიმართაც საზოგადოებას ჰქონდეს ეჭვი, რომ ის დღევანდელი ხელისუფლების რუპორია; დაცულია კერძო საკუთრება და ბიზნესი; ვუფრთხილდებით პირადი ცხოვრების უფლებას. დღეს თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანებს აღარ ეშინიათ საკუთარი ხელისუფლების".

ამრიგად, „ქართული ოცნების" ლიდერის მტკიცებით, ხელისუფლების მთავარი მიღწევა რაღაცის გაკეთება კი არა, რაღაცების არგაკეთება, ანუ უმოქმედობაა.

ამ პასაჟის წაკითხვის შემდეგ, ჩნდება ორი კითხვა. პირველი – მართლაც ასეა თუ არა ეს, ანუ რამდენად არის უმოქმედობა იქ, სადაც ამას ამტკიცებს „ოცნება"? და მეორე – იქ, სადაც უმოქმედობა უდავოა, რამდენად წარმოადგენს ეს „მიღწევას"?

მივყვეთ თანმიმდევრულად:

სასამართლო. პირველი: „ოცნება" ვერ აკონტროლებს მთლიანად სასამართლო ხელისუფლებას, რადგან მან ეს ჯერჯერობით ვერ შეძლო და არა იმიტომ, რომ მას ეს არ უცდია. და მეორე: მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება" მთლიანად სასამართლო ხელისუფლებას ვერ აკონტროლებს, იგი სისტემატურ ზეწოლას ახორციელებს კონკრეტულ მოსამართლეებზე ყველა პოლიტიკურად გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით და იღებს თავისთვის სასურველ შედეგს.

მედია. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა დახურა მეცხრე არხი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე განვითარებული პროცესები, ასევე რამდენიმე კერძო მაუწყებლის საეჭვოდ ლოიალური დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი მედიის თავისუფლების არგუმენტს ერთობ არადამაჯერებელს ხდის. ამას ემატება უახლესი სკანდალი შორსმიმავალი რამიფიკაციებით (სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილისა და ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობით), როცა საგადასახადო მონიტორინგის სამსახური სატელევიზიო რეიტინგების მზომავ კომპანიაში შეიჭრა.

ღარიბაშვილის მტკიცება, რომ ხელისუფლება არ გვისმენს და არ ცდილობს გააკონტროლოს სასამართლო, მედია თუ ბიზნესი, სიცრუეა. „ოცნების" ძალისხმევა ყველა ამ მიმართულებით ფაქტებით დასტურდება. ხოლო თუ ამ ძალისხმევის შედეგები ამ ეტაპისთვის არაერთგვაროვანია, მხოლოდ იმიტომ, რომ „ოცნებამ" ჯერ ვერ მოახერხა ძალაუფლების სრულად კონსოლიდირება.

„თავისუფლად ვსუნთქავთ". ეს ცალსახად სუბიექტური, არაგაზომვადი კრიტერიუმია. ვის ეშინოდა ადრე და რამდენად საფუძვლიანად? ან საიდან ვასკვნით, რომ ვიღაცებს ახლა არ ეშინიათ? რამდენად ჯდება „თავისუფლად სუნთქვის" ნარატივში ჯეოსელის თავგადასავალი? არასამთავრობოები ამტკიცებენ, რომ დღეს ხელისუფლება გაცილებით მეტ ადამიანს უსმენს და უთვალთვალებს, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, „ოცნების" პირობებში, რუტინული გახდა საჭირო დროს ძველი თუ ახალი კადრების „შემთხვევით" გავრცელება „ანონიმური" წყაროებისა ან მითიური ჰაკერების მიერ.

„დაცულია კერძო საკუთრება და ბიზნესი". აქაც სუბიექტურ შეფასებასთან გვაქვს საქმე, რომელიც გადამოწმებადი და გაზომვადი ფაქტებით არ დასტურდება. თანაც, თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ვის წილებს ანაწილებს ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი ექსპრემიერისვე აღიარებით?

ამრიგად, ღარიბაშვილის მტკიცება, რომ ხელისუფლება არ გვისმენს და არ ცდილობს გააკონტროლოს სასამართლო, მედია თუ ბიზნესი, სიცრუეა. „ოცნების" ძალისხმევა ყველა ამ მიმართულებით ფაქტებით დასტურდება. ხოლო თუ ამ ძალისხმევის შედეგები ამ ეტაპისთვის არაერთგვაროვანია, მხოლოდ იმიტომ, რომ „ოცნებამ" ჯერ ვერ მოახერხა ძალაუფლების სრულად კონსოლიდირება.

მაშ, რა სარგებლობა მოაქვს „ოცნებას", გარდა იმისა, რომ მან ახალი სიტყვებით გაამდიდრა ქართული ენა (მაგალითების ჩამოთვლა ერთობ მოსაწყენია), შეცვალა არსებული სიტყვების მნიშვნელობა (უფლებადამცველი ნიშნავს უფლებადამრღვევს, პოლიტპატიმარი – უბირ ჯიბგირს და ა.შ.), ზოგ სიტყვას კი (მაგ., „სამართლიანობას" და „ღირსებას") საერთოდ დაუკარგა აზრი? ნუთუ ის, რომ უცოდინრობა პლურალიზმად მონათლა, ჭორიკნობა – გულწრფელობად, ხოლო ავტოკრატიისადმი ლტოლვა – დემოკრატიის განვითარებად? თუ ის, რომ დაიჭირა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს არქიტექტორები და გაათავისუფლა ყველა, ვინც თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს ებრძოდა?

ახლა რაც შეეხება იმ სფეროებს, სადაც ხელისუფლების უმოქმედობა უდავოა: „ოცნებამ" დააბრუნა კომიტეტებითა და კომისიებით მართვა, ანუ „განვითარებული ზასტოის" გვიანსაბჭოთა ეპოქისთვის ტიპური მდგომარეობა, როცა არაფერი კეთდება, მაგრამ პასუხისმგებელიც არავინაა. „ოცნების" მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის დადგენილებაა, რომლითაც შეიქმნა „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისია".

კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; სოფლის მეურნეობის მინისტრი; ფინანსთა მინისტრი; შინაგან საქმეთა მინისტრი; გარემოს დაცვის მინისტრი; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;

ძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი; შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; სახელმწიფო ქონების სააგენტოს თავმჯდომარე; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ორი მოადგილე; იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე; ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე; საგადასახადო ომბუდსმენი; კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვათ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებს.

დადგენილების მიხედვით, კომისია უფლებამოსილია დადგენილების ამოქმედებიდან ერთი წლის(!) ვადაში განიხილოს და მთავრობას წარუდგინოს წინადადებები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა გამომწვევი ობიექტური და სუბიექტური(!) ფაქტორების შესახებ. კარგად დავაკვირდეთ: საქართველოს მთავრობამ შექმნა კომისია, პრაქტიკულად მთელი მთავრობის შემადგენლობით, რომელიც უფლებამოსილი (მაგრამ არა ვალდებული) იქნება შეისწავლოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში შექმნილი ობიექტური და სუბიექტური პრობლემები. გამორიცხული არაა, ერთი წლის თავზე კომისიამ მისივე წევრებს (ოღონდ უკვე მთავრობის წევრების რანგში) წარუდგინოს დაახლოებით ასეთი წინადადება: „ამხანაგებო, ყველა პრობლემა სუბიექტური აღმოჩნდა! რაღაც უნდა შევცვალოთ. გთავაზობთ ახალი კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის, თუ რა უნდა შევცვალოთ".

* * *
დაკითხვიდან გამოსული კახა ბენდუქიძე რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში მივიდა. პარალელურად, ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაიცემოდა ბიძინა ივანიშვილის ჩაწერილი, დავარცხნილ-გაშალაშინებული ინტერვიუ. ალბათ არაფერი ისე ნათლად არ ასახავს კონტრასტს ძველსა და ახალ საქართველოს შორის, როგორც ეს ორი ეთერი. დაე, გვისაყვედურონ უტაქტობისთვის, მაგრამ უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კითხვაზე, თუ რა სარგებლობა მოაქვს „ოცნებას", შეგვიძლია ვუპასუხოთ ისევე, როგორც პასუხობენ „იმერულ ესკიზებში" მამლის სარგებლიანობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას:
ოცნება გვჩინჩლავს.

კომენტარები