მავთულხლართების გადმოწევა

საიამ მავთულხლართებით დაზარალებულთა სახელით ევროპულ სასამართლოს მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში მცხოვრები 19 მოქალაქის სახელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საია ევროპულ სასამართლოში დვანის მცხოვრებთა მიწაზე და საცხოვრებელ სახლებზე საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლების დარღვევას დავობს.

საია აღნიშნავს, რომ მავთულხლართების გავლებამ საოკუპაციო ხაზი 400-600 მეტრით გადმოსწია, რის გამოც დვანის 50-მდე ოჯახის სასოფლო-სამეურნეო მიწები ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა, ხოლო მავთულხლართების მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში, დვანში მცხოვრები სამი ოჯახის საცხოვრებელი სახლიც საოკუპაციო ხაზის მიღმა აღმოჩნდება.

საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლების დარღვევის გარდა (ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი პუნქტი) ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპულ სასამართლოში დავობს საცხოვრებლის პატივისცემის (ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი), მიმოსვლის თავისუფლების (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების დარღვევის თაობაზე (ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი).

"დღევანდელი მდგომარეობით, დვანის მოსახლეობის კუთვნილი 80-მდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა მავთულხლართების მიღმაა მოქცეული. მოსახლეობა ამ მიწებს 2013 წლის ოქტომბრამდე ამუშავებდა და მიწიდან მიღებულ მოსავალს ოჯახისა და შინაური პირუტყვის გამოსაკვებად იყენებდა. ზოგიერთი ოჯახი მიწაზე მოყვანილ მოსავალს ყიდდა კიდეც და ეს მათი ოჯახების შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. მიწებზე წვდომის დაკარგვის შედეგად ოჯახებმა მნიშვნელოვანი ზიანი განიცადეს, რადგან ისინი მავთულხლართების გამო მომავალში ამ მიწების დამუშავებას ვეღარ შეძლებენ. მიწის ნაკვეთებთან ერთად, დვანში მცხოვრებ სამ ოჯახს მავთულხლართების მშენებლობის გამო აღარ ეძლევა საშუალება, ისარგებლონ საკუთარი საცხოვრებელი სახლებით. ეს სახლები მავთულხლართების მიღმა ჯერ არ აღმოჩენილა, თუმცა, ტერიტორია უკვე მონიშნულია და რუსი მესაზღვრეების მითითებით, ამ ოჯახებმა თავიანთი სახლები დაშალეს და შეძლებისდაგვარად ყველა ნივთი გამოიტანეს", - აცხადებს საია და აღნიშნავს, რომ აგრძელებს პროცესზე აქტიურ დაკვირვებას და სხვა სოფლებში მნიშვნელოვნად დაზარალებული მოსახლეობის სახელითაც გეგმავს ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას.

მავთულხლართების გაბმის პროცესი 2011 წელს დაიწყო და 2013 წლის თებერვლიდან გააქტიურდა. ამჟამად, მავთულხლართების გავლების შედეგად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე დაახლოებით 23 ქართული სოფელია დაზარალებული.

კომენტარები