რუსული ოკუპაცია

კანდელაკი: თუ გსურთ დემოკრატიული რუსეთი, მკაცრი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ

timer.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს სურთ, მოესწრონ თავისუფალ და დემოკრატიულ რუსეთს, აუცილებელია, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება რაც შეიძლება მკაცრი იყოს. როგორც რუსეთისთვის ხმის უფლების შეჩერების შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას კანდელაკმა თქვა, რუსეთისთვის მხოლოდ ხმის უფლების ჩამორთმევას რუსული პროპაგანდა გამარჯვებად ასაღებს.

"დარწმუნებული ვარ, აგრესორის გათამამება აქ დამსწრე არც ერთ დეპუტატს არ სურს" - აღნიშნა კანდელაკმა და შეახსენა მათ, ვინც უფრო რბილ ვარიანტს ემხრობიან, გადაწყვეტილების მიღებისას ახსოვდეთ საკუთარი პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილება მიიღონ ამ პასუხისმგებლობის გაცნობიერებით.

"რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმასთან ერთად, წარმოდგენა, რომ რომ რუსეთი წარმოადგენს არასრულყოფილ დასავლურ ქვეყანას, დასამარდა. რუსეთი არის რევიზიონისტულად განწყობილი ძალა, რომელიც ჯერაც მიიჩნევს რომ საბჭოთა კავშირის რღვევა მე-20 საუკუნის კატასტროფა იყო. ვლადიმერ პუტინს ეს სიტყვები ჯერაც არ წაუღია. მეტიც, რუსეთში ისმის მოთხოვნები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს მიხეილ გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის დაშლის დაშვებისთვის. ამდენად, დაჯერება იმისა რომ მთელი ეს ამბავი მხოლოდ ყირიმს შეეხება, საკუთარი თავის მოტყუების ტოლფასი იქნებოდა. ეს ამბავი არ შეეხება მხოლოდ ყირიმს ან მხოლოდ უკრაინას" - აღნიშნა კანდელაკმა და დასძინა, რომ პუტინის მიერ ნათლად გაცხადებული ზრახვების ვერდანახვა დაყვავების პოლიტიკის თანამედროვე სახეობად მიაჩნია.

"2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, განახორციელა სამხედრო აგრესია და ეთნიკური წმენდა. წარმოიდგინეთ, რომ 1939 წელს, როცა საბჭოთა კავშირი თავს დაესხა ფინეთს, იგი არ გაერიცხათ ერთა ლიგიდან. ეს ხომ არასერიოზული იქნებოდა. მაშინ, ასამბლეამ რუსეთის ფედერაციის დელეგაციას უფლებამოსილებები არ გაუუქმა. სოციალისტების ჯგუფის თავმჯდომარე ანდრეას გროსი, რომელიც არის ოცნების მთავრობის ერთ-ერთი მთავარი დამცველი, დაჟინებით გვირჩევდა, რომ აუცილებელია „დიალოგის არხების“ შენარჩუნება. და რა მივიღეთ სანაცვლოდ? რუსეთმა საკუთარი ჯარი გაიყვანა საქართველოდან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაუშვა ევროკავშირის დამკვირვებლები თუ საშუალება მისცა ქართველ დევნილებს საკუთარ სახლებში დაბრუნებულიყვნენ? რა თქმა უნდა არა" - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მიმდინარეობს, სადაც დღეს რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ევროპარლამენტარებმა გუშინ უკვე მიიღეს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია და დაგმეს რუსეთის აგრესია და მის მიერ ყირიმის ანექსია.

კომენტარები