ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ უკრაინაში მიმდინარე პროვოკაციებში რუსეთი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამერიკა მზადაა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციებისთვის. ამავე დროს, კერის თქმით, მომავალ კვირას რუსეთის, უკრაინის, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით მოლაპარაკებები დაიწყება.
”ყველაფერი, რაც ბოლო 48 საათის განმავლობაში ვიხილეთ აღმოსავლეთ უკრაინაში, იმაზე მეტყველებს, რომ რუსი პროვოკატორები და აგენტები იქ ქაოსის შესაქმნელად არიან მივლენილი. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. რუსეთი არალეგიტიმურ და უკანონო ქმედებებს ახორციელებს სუვერენული სახელმწიფოს დესტაბილიზაციისა და ხელოვნური კრიზისის შექმნის მიზნით.
გუშინ მე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შევთანხმდით, რომ მომდევნო კვირას უკრაინელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად შევხვდებით ევროპაში და განვიხილავთ დეესკალაციის, დემობილიზაციის, არჩევნების მხარდაჭერისა და კონსტიტუციური რეფორმის საკითხებს.
ამერიკა მუშაობს უახლოეს პარტნიორებთან და მზად არის, თუნდაც საკუთარი ზარალის მიუხედავად, ახალი მკაცრი სანქციები აამოქმედოს, რომელიც შეეხება რუსული ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებს, როგორიცაა ენერგეტიკა, ბანკები და ბუნებრივი რესურსების მოპოვება. ჩვენ ახლა ყველა ამ ზომას განვიხილავთ”, - თქვა კერიმ.





