ეკონომიკა

რას არ ამბობს ნოდარ ხადური

ინტერესთა შეუთავსებლობა

მას შემდეგ, რაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის საკითხი აქტუალური გახდა, ნოდარ ხადურს ყოველ საჯარო გამოსვლაზე მინიმუმ ერთი ჟურნალისტი მაინც უსვამს შეკითხვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ონოფრიშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თაობაზე, რომელიც არსებითად ცვლის საქართველოს მოქმედი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინსტიტუციურ სტრუქტურას.

ცვლილების მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქცევას; სამსახურის ყოველწლიური ბიუჯეტის განსაზღვრასა და დამტკიცებას; სამსახურის უფროსის დანიშვნას და განთავისუფლების წესს; სამსახურის საშტატო ნუსხის და ხელფასების ოდენობის დადგენის უფლებამოსილების პრემიერმინისტრისთვის გადაცემის საკითხებს.

აღნიშნული ცვლილებების შედეგად, აღმასრულებელი ხელისუფლების – ფინანსთა სამინისტროს (და არა რომელიმე დამოუკიდებელი ორგანოს) ხელში გადადის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პოლიტიკის და ფინანსური უზრუნველყოფის განსაზღვრის ბერკეტები, რადგან ფინანსთა მინისტრის წინასწარი თანხმობის გარეშე, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ ეყოლება სამსახურის უფროსი, არ ექნება განსაზღვრული წლიური ბიუჯეტი, რათა თავისი ფუნქციები დამოუკიდებლად შეასრულოს.

როგორც კანონპროექტის სამოტივაციო ნაწილში ავტორს აქვს განმარტებული, კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეფექტურობის უზრუნველყოფა. თუმცა არაფერს ამბობს იმ პრაქტიკულ საფუძვლებზე, რომელიც, მისი აზრით, ხელს უშლის და აფერხებს მოქმედი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფუნქციების დამოუკიდებლად და ეფექტურად შესრულებას.

მეტიც, კანონპროექტში არ არის მითითებული საერთაშორისო ორგანიზაცია, მაგალითად, IMF, FATF, MONEYVAL ან EGMONT GROUP, რომლის კომპეტენტური მოხსენება ეჭვქვეშ დააყენებდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეფექტურობას. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტს (Moneyval) საქართველოს შესახებ მიღებული აქვს 2007 და 2012 წლების შეფასების ანგარიში, რომლებიც შემუშავებულია საერთაშორისო მონეტარული ფონდის სტანდარტებზე დაყრდნობით, სადაც არ არის უარყოფითად შეფასებული ფინანსური მონიტორინგის ფუნქციონირება.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დანერგილი სტანდარტები

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნის და მუშაობის წესების მეთოდოლოგია შემუშავებული აქვს საერთაშორისო ორგანიზაცია FATF-ს (ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი), რომელიც რეკომენდაციების სახით ამტკიცებს იმ პრინციპებსა და მეთოდებს, რომელიც სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ჩამოყალიბების და შემდგომ ეტაპებზე. FATF-ის მიერ მიღებული რეკომენდაციები ფაქტობრივად წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის კანონმდებლობაში დანერგვა პოზიტიურად აისახება ქვეყნის საერთაშორისო ფინანსურ იმიჯზე.

საერთაშორისო სტანდარტისა და FATF-ის 29.6 რეკომენდაციის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ისეთი კანონები, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დამუშავებული, მოპოვებული და შენახული ინფორმაციის კონფიდენციალურობას და ასეთი ინფორმაციის მართვის წესებს. ამასთან, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ტექნოლოგიებსა და მოწყობილობებზე მკაცრად შეზღუდული დაშვება, რათა ინფორმაციის კონფიდენციალურობა მაქსიმალურად იქნას დაცული.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფუნქციონირების ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ნაწილს სწორედ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა შეადგენს, ვინაიდან საბანკო საიდუმლოების დაცულობა და სტაბილურობა საერთაშორისოდ აღიარებული და დაცული სიკეთეა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დაცვის და ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობასთან.

FATF-ის 29.7 რეკომენდაციის მიხედვით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური უნდა იყოს დამოუკიდებელი და ავტონომიური იმისთვის, რომ:

  • სხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინტერესთა ჯგუფებისგან დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მოიცავს ფულის გათეთრების, ტერორიზმის და სხვა დანაშაულის გამოძიების დაწყებას და გადაწყვეტილების მიღებას, სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის და იურიდიული პირების შესახებ განსხვავებული სტრუქტურებისგან ინფორმაციის გამოთხოვას, შესწავლას და დამუშავებას.
  • უცხოური სახელმწიფოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მონიტორინგის განხორციელების პრაქტიკის გაუმჯობესება მოხდეს. არსებული სახელმწიფო სტრუქტურის მმართველობის ქვეშ მოქცევის შემთხვევაში, ჰქონდეს ზედამხედველი სახელმწიფო ორგანოსგან დამოუკიდებელი და გამიჯნული ფუნქციები და უფლებამოსილებები ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას სამსახურის პოლიტიკურ და ფინანსურ დამოუკიდებლობას.
  • სახელმწიფო თუ სხვა ორგანოებისგან დამოუკიდებლად ჰქონდეს საშუალება შეასრულოს ფინანსური მონიტორინგი, დაგეგმოს სამსახურის ბიუჯეტი სხვა ორგანოებისგან დამოუკიდებლად და ზეგავლენის გარეშე. ამასთან, როდესაც ფინანსური მონიტორინგის სამსახური გეგმავს და განკარგავს თავის ყოველწლიურ ბიუჯეტს, კანონი ხელს უნდა უწყობდეს ნებისმიერი სახით პოლიტიკური, სამთავრობო ან კომერციული გავლენის და ჩარევის აკრძალვას.

არსებობს დასავლეთ ევროპის ქვეყნები, სადაც ფინანსური მონიტორინგის სამსახური ფუნქციონირებს სხვა საგამოძიებო სამსახურთან ერთად ან ექვემდებარება რომელიმე სამთავრობო დაწესებულებას. თუმცა, მსგავს განვითარებულ ქვეყნებში განსხვავებული მოწყობა გავლენას არ ახდენს სამსახურის დამოუკიდებლობასა და ეფექტურობაზე, ვინაიდან ამ ქვეყნებში არსებობს ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ინსტიტუციონალური ტრადიციები, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დამოუკიდებლობას და ეფექტურობას. ინსტიტუციონალურ ტრადიციებში პირველ რიგში იგულისხმება საჯარო მმართველობის გრძელვადიანი პრაქტიკა, სადაც სასამართლო და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით საჯარო სამსახური და საჯარო მოხელეები ამკვიდრებენ პროფესიული დამოუკიდებლობის, თანასწორობის და კოლეგიალობის პრინციპებს. შესაბამისად, რისკი, რომ ამგვარ ქვეყნებში ფინანსთა სამინისტრო ეცდება ზეგავლენა მოახდინოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პოლიტიკასა და ფუნქციებზე, ნაკლებია, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში, სადაც მსგავსი ტრადიციები მხოლოდ ახლა ინერგება.

თუმცა, რამდენადაც საქმე ეხება განვითარებად ქვეყნებს, სადაც ინსტიტუციონალური ტრადიციები არ არის ჩამოყალიბებული, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმართ დამოუკიდებლობის და ავტონომიურობის მოთხოვნები უფრო მაღალია. საქართველოს მეზობელ განვითარებად ქვეყნებში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ფინანსური მონიტორინგის სამსახური შექმნილია და ფუნქციონირებს ეროვნულ ბანკთან, რაც სამსახურის დამოუკიდებლობას და ავტონომიურობას უწყობს ხელს, ვინაიდან განსხვავებით ფინანსთა სამინისტროსგან, ეროვნული ბანკი წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკისგან დამოუკიდებელ ორგანოს, რომელსაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურისგან არსებითად განსხვავებული მიზნები და ფუნქციები აქვს. შესაბამისად, მიიჩნევა, რომ ეროვნული ბანკი ნაკლებად არის დაინტერესებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პოლიტიკურ და ფინანსურ დამოუკიდებლობაში ჩარევით და გავლენის მოხდენით.

ჩამოთვლილი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ჩამოყალიბებისას სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომლითაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დაცული იქნება კონფიდენციალური საიდუმლოება, სამსახური სტრუქტურულად გამიჯნული იქნება იმ ზედამხედველი სახელმწიფო ორგანოსგან, რომლის ქვეშაც იქმნება, სამსახურს ექნება ფინანსური დამოუკიდებლობა საკუთარი ბიუჯეტის სახით და, რაც მთავარია – სამსახურს ექნება ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა, მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი ფუნქციების განხორციელების შესახებ, ყოველგარი პოლიტიკური, სამთავრობო თუ კომერციული სფეროდან ჩარევის ან გავლენის გარეშე.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიერ ინიცირებული კანონპროექტი არ შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში დანერგილ პრაქტიკას. პროექტის თანახმად, ამჟამად დამოუკიდებელი და ავტონომიური ფინანსური მონიტორინგის სამსახური მოექცევა დაინტერესებული ორგანოს – ფინანსთა სამინისტროს მმართველობის და არა ანგარიშვალდებულების სფეროში, როგორც ამას ხაზს უსვამს ფინანსთა მინისტრი.

კანონპროექტის განხორციელების შემთხვევაში საფრთხე შეექმნება საბანკო საიდუმლოების და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას, რომელიც ფინანსური ბაზრის და სისტემის სტაბილურობის წინაპირობაა. ფინანსთა სამინისტროს, როგორც ფინანსური ინსტიტუტებით, საგადასახადო პოლიტიკით დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოს, ექნება უფრო მეტი საკანონმდებლო ბერკეტი, გავლენა მოახდინოს და ჩაერიოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მუშაობის პროცესში – მისი პოლიტიკის და ბიუჯეტის დაგეგმვის გზით. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, მხოლოდ ფინანსთა მინისტრის წარდგინებით და არა დამოუკიდებელი ორგანოს – ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით მოხდება პრემიერმინისტრის მიერ:

  • ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის დანიშვნა
  • ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ბიუჯეტის განსაზღვრა
  • ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსთა სამინისტროს მმართველობის ქვეშ მოქცევა
  • სამსახურის საშტატო მდგომარეობის დამტკიცება

აღნიშნული ცვლილებებით არსებობს რისკი, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის შეცვლით, ბიუჯეტის დამტკიცების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქცევის შემდეგ, სამსახურს აღარ ექნება ინსტიტუციონალური და ფინანსური დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა – თავად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი ფუნქციების განხორციელების შესახებ, პოლიტიკური და ინტერესთა ჯგუფების გავლენის და ჩარევის გარეშე. შესაბამისად, ინიცირებული პროექტი ცალსახად ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკასა და დანერგილ სტანდარტებს.

ინიცირებული ცვლილებებით, ფინანსთა მინისტრის შეთანხმებით პრემიერის მიერ დანიშნული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ახალი უფროსი, კანონით ვალდებული იქნება გაითვალისწინოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია რიგ საკითხებთან მიმართებით, რადგან ცვლილებები პირდაპირ მიუთითებს, რომ სამსახური იქნება ფინანსთა სამინისტროს მმართველობის ქვეშ შემავალი და არა დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ბიუჯეტს და თანამშრომელთა საშტატო გეგმას. შესაბამისად, კანონის ზოგადი ჩანაწერი, რომელიც ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დამოუკიდებლობას ავალდებულებს, სიმბოლურ მნიშვნელობას შეიძენს.

მეტიც, არ არსებობს კანონპროექტის მიღების საფუძველი, რადგან მოქმედი ფინანსური მონიტორინგის სამსახური ანგარიშვალდებულია (და არა მმართველობის ქვეშ) საქართველოს მთავრობის წინაშე (2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ), რაც გამოიხატება ყოველწლიური ანგარიშის წარდგენით.

მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური სტრუქტურულად და ფინანსურად დამოუკიდებელ ორგანოს წარმოადგენს, ის არ არის აღჭურვილი განუზომელი დისკრეციით და თავისუფლებით. მოქმედი კანონის თანახმად, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის (ხოლო 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ – საქართველოს მთავრობის) მიმართ.

დღეს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოქმედი ინსტიტუციონალური ფორმა აკმაყოფილებს პოლიტიკური, ფინანსური და სხვა ინტერესთა ჯგუფების გავლენისგან დამოუკიდებლობის და ეფექტურობის სტანდარტებს. ასევე, სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან: FATF, MONEYVAL, EGMONT GROUP და სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის სამსახურებთან.

კომენტარები