მერიის თანამშრომლების დაკითხვა

ახვლედიანი: დაკითხვებით თბილისის მერიის მუშაობის პარალიზებას ახდენენ

timer.ge

საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა-ძველი თბილისის თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მერიის თანამშრომლების დაკითხვაზე დაბარებას წინასაარჩევნო პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს. მამუკა ახვლედიანი  გამოძიების კითხვებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 10 საათის განმავლობაში პასუხობდა. ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, კითხვები თბილისის მერიასა და სითი პარკს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას და ჩატარებულ კონკურსს შეეხებოდა.

”როგორც მოგეხსენებათ, მამუკა ახვლედიანი  ქალაქ თბილისის ვიცემერი იყო, ასევე იგი იმ კომისიას ხელმძღვანელობდა, რომელმაც თბილისში პარკირების თემასთან დაკავშირებით კონკურსი ჩაატარა. ზუსტად ამ კონკურსთან და შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით იყო დასმული კითხვები და ასევე მთელი ის პროცედურა იყო განხილული, თუ როგორ გაიმარჯვა აღნიშნულ კონკურსში შპს სითი პარკმა”, - განაცხადა ადვოკატმა.

ახვლედიანის თქმით, მერიის თანამშრომლების გახშირებული დაკითხვები მერიის მუშაობის პარალიზებას იწვევს.

”დაკითხვა ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა, დეტალური  და ნიუანსური იყო, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ყველა კითხვას, რომელიც გამოძიებას აღელვებს, პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ მთავარი სხვა რამაა: ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი დაკითხვა და ჩემი მრავალი საათით ამ უწყებაში ყოფნა, ეს არის მასიური, საქართველოს მთავრობის აღვირახსნილი ქმედება და არა მარტო მთავრობის, არამედ კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკური დაკვეთა. როდესაც დღის განმავლობაში მერიის მაღალი თანამდებობის ათ და უფრო მეტ პირს იბარებენ, საათობით აჩარებენ აქ, ამით თბილისის მერიის მუშაობის პარალიზებას ახდენენ. ამითი ნაციონალურ მოძრაობაზე წინასაარჩევნო პოლიტიკური ზეწოლაა დაწყებული”, - განაცხადა ახვლედიანმა. 

კომენტარები