ნარკოტიკების კონტროლი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო ნარკოტიკების სატრანზიტო ქვეყანაა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის 2014 წლის ანგარიში (INCSR) გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო სხვა ქვეყნებში წარმოებული ნარკოტიკების სატრანზიტო ქვეყანაა. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს სამართალდამცავების კონტროლს მიღმა რჩება. 

ანგარიშშის თანახმად, ექიმებმა და ანალიტიკოსებმა საქართველოში "ჯეფისა" და "ვინტის" გაზრდილი მოხმარების გამო შეშფოთება გამოთქვეს. მათი დამზადება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, რომ კუსტარულად, კოდეინის შერევით, ასევე შესაძლებელია "კრაკადილის" დამზადება. ფარმაცევტები კოდეინს რეცეპტის გარეშე, არალეგალურად ყიდიან.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ სახლში დამზადებული სტიმულატორებისა და ოპიოდების სტაბილურად მზარდი გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ყოვლისმომცველი მექანიზმი ჯერ ვერ შეიმუშავა  .

„სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებთან ერთად ადგილობრივ ბაზარზე  ჰეროინი, ბუპრენოფინი, მეტადონი და მარიხუანა  იყიდება,“ - ნათქვამია ანგარიშში.

2013 წელს წინა წლებთან შედარებით ნარკოტიკების ამოღების მაჩვენებლი მკვეთრად გაიზარდა. ეს იმის დემონსტრირება იყო, რომ საქართველოს მთავრობისთვის  ნარკოტიკების აკრძალვა პრიორიტეტულია. აშშ-მ კანონმდებლობის სრულყოფის, ტრეინინგისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საქართველოს დახმარება გააძლიერა. ამავდროულად აშშ ნარკოტიკის მოხმარების შემცირებისთვის საჭირო ღონისძიებებში ქვეყნის დახმარებას განაგრძობს. 2011 წელს მთავრობამ საკოორდინაციო საბჭო შექმნა, რომელსაც კოორდინაციას იუსტიციის სამინისტრო უწევდა. საბჭოს მიზანი ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის  ეროვნული სტრატეგიის ჩამოყალიბება იყო. მის შემუშავებაში რამდენიმე სამთავრობო სააგენტო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია, ასევე ექსპერტები და მეცნიერები მონაწილეობდნენ.

2013 წელს საქართველოში სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდა, ხოლო გამოძიება გააქტიურდა, რამაც ნარკოტიკების ამოღებას ხელი შეუწყო: ივლისში პოლიციამ სომხეთიდან შემოსული 116 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო. ეს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამოღებული ნარკოტიკების ყველაზე დიდი რაოდენობაა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქართველოში ინტრავენურ ნარკოტიკებს დაახლოებით 45.000 ადამიანი მიხმარს. ხოლო, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემების მიხედვით, რეგისტრირებულ წამალდამოკიდებულთა რაოდენობა 60.000-ს აღწევს. ინტრავენური ნარკოტიკების გამოყენების მაჩვენებელი ქალებსა და ახალგაზრდებში დაბალია. ქვეყანაში სისტემური ნარკოპრევენციის ზომების ნაკლებობაა. 

კომენტარები