საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურულ-სამშენებლო და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი ზურაბ ლეკიშვილი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ზურაბ ლეკიშვილმა, ქარელის მუნიციპალიტეტში ამბულატორიების საძირკველის მოწყობითი სამუშაოების ინსპექტირებისას, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისებაში დახმარებისა და ყალბი ფარული სამუშაოების აქტის - ფორმა N2 დამზადებისა და დადასტურების სანაცვლოდ, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლისგან ქრთამის სახით, 3 000 ლარი აიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





