PABSEC-ს პოლიტიკური კომიტეტის სხდომა

საგანელიძე: PABSEC-ს პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე მოსკოვში ჩასვლას არ ვაპირებ

fb/DavidSaganelidzeOfficial

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ პრინციპული პოზიცია უნდა დააფიქსიროს მოსკოვში 26-27 მარტს დაგეგმილ „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის“ (PABSEC) პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე მონაწილეობასთან დაკავშირებით. საგანელიძის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ PABSEC-ში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა და არჩეულმა ვიცეპრეზიდენტმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა.

"მოსკოვში იმართება შავი ზღვის აუზის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივი და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელსაც უნდა ესწრებოდეს 12 ქვეყნის დელეგაცია და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. მე გახლავართ ამ ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ასევე „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის“ პოლიტიკური კომიტეტის ხელმძღვანელი და საპარლამენტო ასამბლეის არჩეული ვიცეპრეზიდენტი. შესაბამისად, ჩემი რანგით ვალდებული ვარ მონაწილეობა მივიღო და წარვმართო ამ სხდომის მუშაობა, მაგრამ იმ ფონზე, რა მოვლენებიც დღეს ვითარდება რუსეთსა და უკრაინას შორის.. ის აგრესია, რაც რუსეთმა გამოავლინა როგორც უკრაინის, ასევე თავის დროზე საქართველოს მიმართ, საქართველოს დელეგაციის ჩასვლა რუსეთის დედაქალაქში მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. შესაბამისად, პირადად მეც არ ვაპირებ გამგზავრებას. მე ოფიციალური წერილი გამომიგზავნა უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ბატონმა კირილენკომ. უკრაინის დელეგაცია არ ჩადის პროტესტის ნიშნად, ჯერჯერობით არ არის პოზიცია ჩამოყალიბებული სხვა ქვეყნებში. ორგანიზაციის სამდივნოს, რომელიც მუშაობს ქ.სტამბულში, სხვა ქვეყნებიდან ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ ჩემი აზრით, საქართველომ არ უნდა დაუცადოს სხვა წევრი-ქვეყნების პოზიციების დაფიქსირებას”, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

კომენტარები