ნაციონალური მოძრაობის წევრმა გოკა გაბაშვილმა ყოფილ პრემიერმინიტრ ბიძინა ივანიშვილს ”საქართველოს პირველი მოქალაქე” უწოდა. მისი თქმით, გუშინ დადასტურდა, რომ ბატონი ივანიშვილი მართავს საქართველოს ხელისუფლებას ღიად და დეტალებში.
”დღეს საქართველოს საპარლამენტო უმრვლესობის წარმომადგენელთაგან ბოლოსდაბოლოს გავარკვიეთ ბატონი ივანიშვილის ტიტული - საქართველოს პირველი მოქალაქე. რაც, რა თქმა უნდა, ცინიკურია, იმიტომ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თანაბარია და არავის არ აქვს უფლება არაფორმალური გავლენებით არაფორმალურად მართოს საქართველოს ხელისუფლების უკლებლივ ყველა შტო. სწორედ, ეს დადასტურდა გუშინ, რომ ბატონი ივანიშვილი მართავს საქართველოს ხელისუფლებას ღიად და მართავს საქართველოს ხელისუფლებას დეტალებში.
ის მართავს საქართველოს პრეზიდენტს, აძლევს ან არ აძლევს მას უფლებას, დაადოს ვეტო თავის მოსაზრებისამებრ კანონპროექტს. აძლევს ან არ აძლევს უფლებას, დაიკავოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა. ის არის სრული მმართველი საქართველოს პრეზიდენტისა, როგორც საკუთარი მარიონეტისა და გაღიზიანებას იწვევს ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილი ასრულებს მის ნებას, მაინც სადღაც ავლენს ხასიათს და უწევს მას წინააღმდეგობას პირად საუბარში.
მან შეაქო საქართველოს პრემიერმინისტრი და თქვა, ვციტირებ " ბატონ ღარიბაშვილს ორჯერ საუბარი არაფერზე არ სჭირდება” - ანუ ხაზი გაუსვა მის უსიტყვო მორჩილებას და ამის გამო შეაქო. მან აღიარა,რომ მისი დეიდაშვილი ყველანაირი ოფიციალური პოსტის გარეშე მართავს საქართველოს მსხვილ ბიზნესს. ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების ჩათვლით, როგორიც არის საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია და ნავთობპროდუქტების ტრანზიტი. ბატონი უჩა მამაცაშვილი, უბრალოდ, მისი დეიდაშვილი ყველანაირი პოსტის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს ამ საკითხებზე. მან გაამართლა ბატონი ღარიბაშვილის პრაქტიკა სახელმწიფო უწყებების საკუთარი ნათესავებით გავსებისა და გამოავლინა კიდევ ერთხელ სრული უცოდინარობა საერთაშორისო პოლიტიკური საკითხების და სრული უცოდინარობა იმ ვითარებისა, რომელიც დღესდღეობით შექმნილია უკრაინაში”, - თქვა გაბაშვილმა პრესკონფერენციაზე.
გაბაშვილის თქმით, ივანიშვილმა საქართველოს საზოგადოებას თავს მოახვია პრეზიდენტი, პრემიერი და ახლა აპირებს, თავს მოახვიოს დავით ნარმანია.
”ბატონმა ივანიშვილმა მოახვია საქართველოს საზოგადოებას თავს, როგორც თავის მარიონეტი, საქართველოს პრეზიდენტი. დღეს ის ამას შეცდომად თვლის და აკრიტიკებს სრულიად უგვანო ფორმებით პირადი ჭორაობის ფორმით პირად საკითხებზე. მეორე, მან თავს მოახვია საქართველოს პრემიერმინისტრად ასევე მის უსიტყვო მორჩილებაში მყოფი ბატონი ღარიბაშვილი. ის აპირებს, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით თბილისელებს თავს მოახვიოს ბატონი ნარმანია. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბატონი ივანიშვილი არის ფაქტიური მმართველი საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოსი. და ის ვერანაირად ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დღესდღეობით გვაქვს ქვეყანაში”, - თქვა გაბაშვილმა





