პროკურატურა

ივანიშვილი: მესამე მთავარი პროკურორის დანიშვნა ამცირებს უწყების ეფექტურობას

ბიძინა ივანიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში მესამე მთავარი პროკურორი ინიშნება, ამცირებს პროკურატურის ეფექტურობას. ივანიშვილმა ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დანიშვნა ქართულ ხასიათს დაუკავშირა.

"საუბედუროდ, გიორგი ბადაშვილს არ ვიცნობ. მაქვს ზოგადი ინფორმაცია, ძირითადად მედიის მხრიდან. ის, რომ მესამე პროკურორი გვყავს, აჩვენებს ახალი ხელისუფლების ხელწერას. იმავდროულად შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე პასუხისგებაში მიეცა, რაც აჩვენებს, რომ შიდა და გარე სამზარეულო არ არსებობს და ხელწერა, რაც მე დავიწყე, დღესაც გრძელდება. ორი ყოფილი მთავარი პროკურორი გვყავს. არჩილ კბილაშვილი თავისუფალია და სამოქალაქო საზოგადოებაში საქმიანობით არის დაკავებული. არავინ მას ხელს არ უგრიხავს, ნებისმიერ თემაზე შეუძლია ისაუბროს, თუ რა ხდებოდა მის დროს – ხდებოდა თუ არა ის, რასაც ნაციონალური მოძრაობა ხატავს, რომ ლამის მე ვიჭერდი ყველას... ოთარ ფარცხალაძეს ვიცნობდი - ძალიან კაცური და ვაჟაცურია. ის მოიქცა აბსოლუტურად ადეკვატურად. არ ვიცი, როგორ მოხდა დანიშვნა, რომ გამოეპარათ... ქართული ხასიათია. ქართველები ელექტრონიკას ვყიდულობთ და პირდაპირ დენში ვრთავთ – არც ერთი არ ვკითხულობთ ინსტრუქციას. ზუსტად ასე მოხდა ჩემი აზრით, ქართული ხასიათიდან გამომდინარე – არც მან მიაქცია ყურადღება, არც გუნდმა, რადგან ნამუშევარი ჰქონდა სხვა მაღალ თანამდებობებზე", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, როცა წელიწადნახევრის განმავლობაში მესამე მთავარი პროკურორი ინიშნება, ამცირებს პროკურატურის ეფექტურობას.

კომენტარები