პოლიტიკა

არაპოლიტიკა და ცუდი პოლიტიკა: საზოგადოებრივი მაუწყებლის ვერ-რეფორმის გაკვეთილები

საზოგადოებრივი მაუწყებლის გამგეობის არჩევა-ვერარჩევის სევდიანი და დამაბნეველი ისტორია ერთი პატარა ქარიშხალია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ამ მინი-ქარიშხალში უშუალოდ ჩართული იყვნენ „მოლაპარაკე კლასები”, ანუ საზოგადოებრივად აქტიური და ცნობადი ადამიანები, ვისაც ხშირად „სამოქალაქო საზოგადოებას” ვუწოდებთ: მე „სამოქალაქო ელიტად” მოვიხსენიებ, ეს გამოთქმა უფრო ზუსტი მგონია. ხსენებული ისტორია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი კანონის მიღებით დაწყებული და პარლამენტის მიერ ახალი გამგეობის არ თუ ვერ-არჩევით დამთავრებული, სამოქალაქო ელიტის ჩავარდნილი პროექტია. პროექტი რომ ჩაგივარდება, შეცდომები უნდა გააანალიზო და გაკვეთილები გამოიტანო. ამ შემთხვევაში წარუმატებლობაც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს.

კონკრეტულად რაში იყო შეცდომა? თვით სამოქალაქო ელიტამ აღშფოთება გამოხატა ცუდი პოლიტიკოსებით, რომლებმაც კეთილშობილი წამოწყება ჩაუგდეს. ემოციურად, ეს რეაქცია გასაგებია. მაგრამ ასე საკუთარი შეცდომებით ვერ ისწავლი.

ჩემი აზრით, ახალი კანონის და მის საფუძველზე მაუწყებლის ახალი გამგეობის შექმნის იდეა იმთავითვე მანკიერი იყო და ძალიანაც კარგი, თუ ჩავარდა. ის ემყარებოდა პრინციპულად არასწორ წამოდგენას იმაზე, რამ უნდა უზრუნველყოს ამ მაუწყებლის დამოუკიდებლობა. ეჭვს არ შევიტან, რომ მაუწყებლის რეფორმატორებს კარგი უნდოდათ: მაშინ ეს ის კლასიკური შემთხვევაა, როცა კეთილი განზრახვით უარესი გაკეთდა. ისიც მართალია, რომ მაუწყებელი, სხვა მიზეზების გამო, ისედაც ცუდ დღეში იყო. მაგრამ თუ სწავლა გვინდა, შეცდომა მაინც გასაანალიზებელია.

როგორაა შესაძლებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა

მაუწყებლის „დეპოლიტიზაციის” ამაო მცდელობებზე (რასაც ჩვეულებრივ მის დამოუკიდელობას უთანაბრებენ) ადრეც დამიწერია და ამ აბზაცში გავიმეორებ. სრულიად არაპოლიტიკური საზოგადოებრივი მაუწყებელი ქიმერაა, მისი მიღწევის მცდელობა ფილოსოფიური ქვის ძიებას ჰგავს. მას, საზოგადოების სახელით, ვიღაც უნდა მართავდეს, ხოლო ერთადერთი ორგანო, რომელიც ლეგიტიმურად წარმოადგენს საზოგადოებას, პარლამენტია. ეს უკანასკნელი კი სწორედ იმისთვის გამოიგონეს, რომ აქ პოლიტიკა კეთდებოდეს. რაც გინდა ფორმულები მოვიგონოთ, პარლამენტი პრინციპულად არაპოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. შეიძლება პარლამენტმა კანონით თავი შეიზღუდოს და თავს აუკრძალოს მაუწყებლის გამგეობაში პოლიტიკური პარტიის წევრების შეყვანა. ეს სწორია, მაგრამ პრობლემას ვერ წყვეტს: წევრობის კანდიდატებს პოლიტიკური სიმპათიები და ანთიპათიები ექნებათ და პარლამენტარები მათ სწორედ ამ ნიშნით განიხილავენ. იდეალური შემთხვევაა, გამგეობაში მხოლოდ ის შევიდეს, ვინც ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც თანაბრად მისაღებია, მაგრამ ასეთი რამის წარმოდგენა ჩვენს პოლიტიკურ კლიმატში ძალიან მიჭირს.

ეს ის კლასიკური შემთხვევაა, როცა კეთილი განზრახვით უარესი გაკეთდა.

ესე იგი, შევეგუოთ, რომ არაფერი გამოვა? თუ მაუწყებლის პრივატიზაცია მოვახდინოთ და მოვრჩეთ საქმეს? ეს ბოლო ვარიანტიც შესაძლებელია, მაგრამ არა აუცილებელი. საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძლება საკმაოდ დამოუკიდებელი იყოს ხელისუფლების ზეწოლისგან (ხომ ეს გვინდა?) და ამის მაგალითები არსებობს. მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად არ არის გადამწყვეტი, როგორ აირჩევა მისი გამგეობა (თუმცა ამასაც მნიშვნელობა აქვს). მთავარია, ხელისუფლებას ნაკლებად ჰქონდეს უკვე არსებულ გამგეობაზე ზემოქმედების ბერკეტი. ასევე, გამგეობასაც არ უნდა შეეძლოს, თავისი დანიშნული დირექტორი თავის ჭკუაზე ათამაშოს (ეს იმათ გასაგონად, ვინც ხმამაღლა წუხდა, გამგეობას „ბერკეტები აკლიაო”).

ეს როგორღა მიიღწევა? არსებობს საკანონმდებლო მექანიზმები, პირველ რიგში, მაუწყებლის ბიუჯეტის განსაზღვრის წესი. პარლამენტს არ უნდა ჰქონდეს დისკრეცია, ბევრი თუ ცოტა ფული მისცეს მაუწყებელს: ოდენობას კანონით დადგენილი ფორმულა უნდა ადგენდეს. ასევე, ერთხელ არჩეული გამგეობის შეცვლა ძალიან ძნელი უნდა იყოს და გამგეობასაც უნდა უჭირდეს დირექტორის შეცვლა. ეს წინაღობები ჩვენთან 2004 წლიდან მოქმედებს. თუმცა, აბსოლუტური არაფერია: თუ ხელისუფლებას არ მოსწონს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა, კანონის შეცვლაც ხომ შეუძლია? კი, მაგრამ ამ შემთხვევაში აშკარა ხდება მისი სურვილი, მაუწყებელი თავის ჭკუაზე მოაქციოს.

საკანონმდებლო გარანტიები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი. მაუწყებლობის დამოუკიდებლობა პრაქტიკაში უნდა დამკვიდრდეს. მაყურებელი, პოლიტიკური კლასი, მაუწყებლის ხელმძღვანელები თუ თანამშრომლები უნდა შეეჩვიონ, რომ ეს ორგანო ხელისუფლების რუპორი არ არის. ეს შედარებით ხანგრძლივი პროცესია და მისთვის მნიშვნელოვანია ნიშანსვეტური პრეცედენტები, რომლებიც თვალნათლივ აჩვენებს, რომ თამაშის წესები რეალურად იცვლება.

რატომ იყო სამოქალაქო ელიტის ჩარევა მანკიერი

ზოგადად დემოკრატიისთვის ასეთი ნიშანსვეტური პრეცედენტები, პირველ რიგში, ხელისუფლების ცვლაა. მაგალითად, 2012 წელს საქართველოში ხელისუფლება პირველად შეიცვალა კანონმდებლობის ფარგლებში. თუ ეს პრაქტიკა დამკვიდრდა, თუ პოლიტიკურმა კლასმაც და ამომრჩეველმაც დაიჯერა, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია, სხვა გზით კი – არა, თუ ასეთი ცვლა ჩვეულებრივი ამბავი გახდა, ხოლო რევოლუციური გადატრიალების იდეა თავშიც კი არავის მოუვა ერთი-ორი მარგინალის გარდა, ესე იგი საარჩევნო დემოკრატია დამყარებულა (ამას მკვლევრები მის „კონსოლიდაციას” ეძახიან).

მაგრამ ეს არ არის საკმარისი. დემოკრატიის დასამკვიდრებლად აუცილებელია, ხელისუფლების შეცვლას სხვა ყველაფრის შეცვლა არ მოსდევდეს. მერე რა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და მინისტრთა კაბინეტი ახალია: სასამართლომ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ეროვნულმა ბანკმა, რომ არაფერი ვთქვათ დამოუკიდებელ მედიაზე, ბიზნესზე და ა.შ., ჩვეულებრივად უნდა გააგრძელონ ფუნქციობა. ასეთი პრეცედენტები რეალურად ამკვიდრებს ლიბერალურ დემოკრატიას. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ განვითარებული მოვლენებიც ამით უნდა შევაფასოთ.

იგივე ლოგიკა ვრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე. იმის ნიშანსვეტური პრეცედენტი, რომ მაუწყებელი პოლიტიკურად დამოუკიდებელი ხდება, ის იქნებოდა, რომ მთავრობის ცვლილებას მასზე გადამწყვეტი გავლენა ვერ მოეხდინა, ანუ მისი ხელმძღვანელობა ვერ შეეცვალა. ის, თუ რამდენად „კარგია” ძველი გამგეობა, მეორეხარისხოვანია: კარგი და ცუდი ადამიანების განსჯა ყოველთვის სუბიექტურია (და, სხვათა შორის, პოლიტიკური). ძველი გამგეობის შენარჩუნება ახალი მთავრობის პირობებში ნელ-ნელა შეგვაჩვევდა აზრს: აჰა, საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკურად დამოუკიდებელი ყოფილა.

საერთაშორისო პრეცედენტების მოყვარულებს შევახსენებ: როდესაც უნგრეთის დღევანდელ ხელისუფლებას ედავებიან, რომ მის ხელში ქვეყანა ნაკლებ დემოკრატიული გახდა, ერთ-ერთი პირველი საყვედური ისაა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორბანის მთავრობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეცვლა სცადა. იგივე მოხდა საქართველოშიც.

მე არ მიკვირს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებრივი მაუწყებლის თავის ჭკუაზე მოქცევა მოინდომა: ყველა მთავრობას უნდა ძალაუფლების გაფართოება, თუ ხელი არაფერმა შეუშალა. ხელს, ამ შემთხვევაში, კანონი უშლიდა: ის უკრძალავდა პარლამენტს არსებული გამგეობის შეცვლას მათი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე. ესე იგი, რა უნდა ექნათ? სწორია: კანონი შეეცვალათ. რა პრობლემაა, თუ უმრავლესობა შენია?

პარადოქსი ისაა, რომ განზრახვის განხორციელებაში მათ დაეხმარა სწორედ ის ჯგუფი, რომელიც თავს დემოკრატიის ქურუმად მიიჩნევს: კანონის შეცვლის ინიციატივა სამოქალაქო ელიტიდან მოვიდა. რატომ? თავს შევიკავებ პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთის თეორიისგან: მირჩევნია ვიფიქრო, რომ ინიციატორებს კეთილი განზრახვა ამოძრავებდათ. მაგრამ ვერსად გავიგე სერიოზული არგუმენტი, რატომ იყო საჭირო კანონის შეცვლა. სავარაუდოდ, ინიციატორებს სტერეოტიპული (და ფუნდამენტურად მცდარი) მოსაზრება ამოძრავებდათ: თუ რამე ისე არ არის, როგორც გვინდა რომ იყოს, შევცვალოთ კანონი და ყველაფერი კარგად იქნება. თან, თუ გვინდა, კარგი მაუწყებელი გვყავდეს, მის გამგეობაში კარგი ხალხი უნდა შევიყვანოთ. ჰოდა, გამოცხვა კანონი.

კიდევ ერთი პარადოქსი იმაშია, რომ, ამასობაში, მთავრობამ მაუწყებელს კანონის შეუცვლელადაც მოუარა. არსებული გამგეობის წევრებმა ერთიმეორის მიყოლებით აღმოაჩინეს, რომ აღარ სცალიათ ამ საქმისთვის, ან ჯანმრთელობა არ უწყობთ ხელს. ამით გამგეობამ ძველი კანონითაც დაკარგა უფლებამოსილება და პარლამენტს ისედაც მიეცა მისი შეცვლის შესაძლებლობა. მხოლოდ მიხვედრა შეგვიძლია, რა მეთოდებით მიაღწია მთავრობამ ამ გადატრიალებას, მაგრამ გონივრული ვარაუდია, რომ გამგეობის გადამდგარმა წევრებმა ისეთი წინადადებები მიიღეს, რაზეც უარს ვერ იტყოდნენ. სამოქალაქო ელიტის დახმარება ზედმეტი აღმოჩნდა: მაუწყებელს, სავარაუდოდ, მაფიოზური მეთოდებით მოუარეს.

ამ სევდიანი ისტორიის შეჯამება ასე შეიძლება: ნებსით თუ უნებლიეთ, სამოქალაქო ელიტა ხელისუფლების თანამზრახველი თუ „გამპრავებელი” გახდა ამ უკანასკნელის პროექტში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური კონტროლი დაემყარებინა. მისი დაწერილი და ადვოკატირებული კანონი ორმხრივად აღმოჩნდა უდღეური: ჯერ ერთი, ხელისუფლებამ თავისი საქმე (ძველი გამგეობის უვნებელყოფა) უმისოდაც შეძლო; მეორეც, პარლამენტი ღიად დაუპირისპირდა თავისსავე მიღებულ კანონში ჩადებულ ფორმულებს. სამაგიეროდ, მამაც და პრინციპულ სამოქალაქო ელიტას ხმა არ ამოუღია, როცა ძველ გამგეობას უმსგავსი მეთოდებით ათვინიერებდნენ (ის ხომ „ცუდი ხალხი” იყო).

სამოქალაქო ელიტის პოლიტიკური პროფილი

რა იყო შეცდომის ძირი? ერთი უკვე ვთქვი: სამოქალაქო ელიტის დიდ ნაწილს მეტად ზედაპირული წარმოდგენა აქვს საერთოდ დემოკრატიის არსზე, კერძოდ კი იმაზე, რამ შეიძლება უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის (შეფარდებითი) დამოუკიდებლობა. მაგრამ პრობლემაა ის თვითაღქმაც, თითქოს სამოქალაქო ელიტა იმყოფება ზეპოლიტიკურ სიცრცეში, სადაც მხოლოდ წმინდა ღირებულებები (დემოკრატია, ადამიანის უფლებები) მნიშვნელობს. ამ ფანტაზიაში ყოფნა ხელს უშლის მათ, ნათლად გაიაზრონ თავისი ადგილი საზოგადოებაში და, შესაბამისად, მოქმედების სტრატეგია. მერე გულწრფელად (თუ არც ისე გულწრფელად?) უკვირთ, რატომ არ მისცა პარლამენტმა ხმა ასეთ „კარგ” ადამიანებს („ნინია კაკაბაძე კიდევ გასაგებია, მაგრამ იმ აჭარელს მაინც რას ერჩოდნენ?”).

სამოქალაქო ელიტა მართლაც „არაპოლიტიკურია” იმდენად, რამდენადაც არა აქვს პირდაპირი ვალდებულებები ხელისუფლების თუ ოპოზიციის მიმართ. მაგრამ მას, როგორც წესი, გამოკვეთილი დამოკიდებულებები აქვს სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშის მიმართ, რაც გარდუვალად აისახება მის შეფასებებსა და ქმედებებზე, ხოლო ეს შეფასებები და ქმედებები პოლიტიკურ ველზე ახდენს გავლენას. გარდა ამისა, თუ მას რაიმე კონკრეტულის მიღწევა უნდა, როგორც წესი, პოლიტიკურ მოთამაშეებთან თანამშრომლობაში ან დაპირისპირებაში უნდა შევიდეს.

მოკლედ, სამოქალაქო ელიტის თვითდახასიათება არაპოლიტიკურ „შუაშისტებად” მეტწილად მცდარია (ტერმინოლოგიას ორგანიზაცია გრასის პროექტს, „ფაქტჩეკს” დავესესხები). მისი უდიდესი ნაწილი არც მალავს, რომ ახალი მთავრობა ძველს ურჩევნია. ამის ერთი მიზეზი მარტივია: ახალი მას უკეთ ექცევა. „ოცნებას” ყოფნის ჭკუა, სამოქალაქო ელიტა ტყუილუბრალოდ არ გადაიმტეროს (მაშინაც, როცა ის ნერვებს უშლის), და მის მიმართ რევერანსები აკეთოს. ეს აშკარა კონტრასტს ქმნის „ნაციონალების” წარსულ ქედმაღლობასთან, რომელიც შეიძლება შევაჯამოთ ფრაზით „თქვენ ვიღას დაკარგვიხართ”. „ოცნების” სწორი პოლიტიკა მიზანს აღწევს: არასამთავრობოები მასაც კი აკრიტიკებენ, მაგრამ უფრო თავშეკავებულად, ვიდრე წინამორბედებს, და საჭირო ადგილას არასოდეს ავიწყდებათ, მთავარი აღნიშნონ: რა შედარებაა, 1 ოქტომბრის შემდეგ გაცილებით უკეთაა საქმე.

უმრავლესობის უმცირესობას სჭირდება მხარდაჭერის რაღაც ბაზა ივანიშვილის კაპრიზის გარდა, ასეთი კი მხოლოდ სამოქალაქო ელიტაა.

მაგრამ ყველაფრის ამაზე დაყვანა არასწორია. პრაგმატული ინტერესები გულწრფელ იმედებთან იკვეთება. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დეკლარაციები თვალთმაქცურია უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ „შუაშისტების” უდიდეს უმრავლესობას გამოკვეთილი პოლიტიკური ფალავნები ჰყავთ, ოღონდ ეს არის არა მთლიანად „ოცნება”, არამედ მისი შემადგენელი ნაწილები: რესპუბლიკელები და/ან თავისუფალი დემოკრატები, რომ შევამოკლოთ, უსუფაშვილი და ალასანია. ეს მათ საშუალებას აძლევს, „ოცნების” მიმართ დისტანციაც შეინარჩუნონ და მხარიც დაუჭირონ. მეორე მხრივ, ხსენებული პარტიები შეადგენენ უმრავლესობის უმცირესობას, რომელიც ხელისუფლების ნაწილად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კეთილი ნების წყალობით რჩება. მათ ფარულად თუ აშკარად უტევენ მეინსტრიმული „მეოცნებეები”, ვისაც ასეთი თანაკოალიციელები ჭირის დღესავით ეჯავრება და მათ „ნაციონალების აგენტებს” ეძახიან. უმრავლესობის უმცირესობას სჭირდება მხარდაჭერის რაღაც ბაზა ივანიშვილის კაპრიზის გარდა, ასეთი კი მხოლოდ სამოქალაქო ელიტაა. საარჩევნო პოლიტიკის თვალსაზრისით ეს დიდი ვერაფერია, მაგრამ მედია-მხარდაჭერის რაღაც ხარისხს უზრუნველყოფს. სამაგიეროდ, პარლამენტის თავმჯდომარე ყველაფერს აკეთებს, რომ სამოქალაქო ინიციატივებს გასაქანი მისცეს. სამოქალაქო ელიტის და უმრავლესობის უმცირესობის ინტერესები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული (რაც სულაც არ გამორიცხავს, რომ მათ ღირებულებებსა და ხედვებს შორისაც არის თანხვედრა).

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გამგეობა დავით უსუფაშვილის და სამოქალაქო ელიტის ერთობლივი პროექტი იყო. მეინსტრიმული „ოცნება” მათ ადვილად მიუხვდა ეშმაკობას, საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა საკუთარ თავსმოხვეულ თავმჯდომარეს აუჯანყდა და ჩანაფიქრი არ გაატანინა. აბა, რა ეგონათ სოროსელებს?

ეს ბოლო მსჯელობა თავისთავად ვინმეს კრიტიკა არ არის. სამოქალაქო ელიტა ჩაერთო პოლიტიკურ თამაშში და წააგო. ნორმალურია, რომ ის პოლიტიკურ მოკავშირეებს ეძებს. პრობლემაა, რომ ამას არასწორად აკეთებს. პრეტენზია, პოლიტიკის გარეთ ვიყოთ, ცუდ პოლიტიკაში გვაგდებს.

კომენტარები