უგულავასა და კეზერაშვილის საქმე

კეზერაშვილის საქმის მოსამართლე: პროკურორი ჩემი მივლინებით დაინტერესდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე პროკურორ კახაბერ მურადაშვილს ex parte კომუნიკაციის წესის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც მოსამართლემ დღეს, გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმის განხილვისას განაცხადა, თანამშემწისა და სხდომის მდივნისგან მიიღო ინფორმაცია, რომ პროკურორი მისი მივლინებით დაინტერესდა. მოსამართლე მასალას გამოსაძიებლად მთავარ პროკურატურას გადასცემს. 

დღევანდელ პროცესზე ლაშა ჩხიკვაძემ საქმის პროკურორ კახაბერ მურადაშვილს ჰკითხა, თუ რამ გამოიწვია მისი ინტერესი მივლინებასა და ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. 

პროკურორმა აღნიშნული უარყო. ამის შემდეგ, მოსამართლემ განაცხადა, რომ სხდომის მდივანს და თანაშემწეს ახსნა-განმარტებას ჩამოართმევს და მასალას შესასწავლად მთავარ პროკურატურას გადაუგზავნის. 

"ამაზე გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია", - თქვა ლაშა ჩხიკვაძემ.

2007 წლის ივლისში პარლამენტმა მიიღო კანონი საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ. კანონი არეგულირებს მოსამართლეებსა და მესამე მხარეს შორის ex parte კომუნიკაციის წესს, რათა შეიზღუდოს სამართალწარმოებისას საჯარო მოხელეებისგან მოსამართლეებზე არასთანადო ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. ამასთან, 2010 წლიდან პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირთა მიერ მოსამართლეთა მუშაობაში ჩარევა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. 

კომენტარები