ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიაში შესვლას უარყოფს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიაში შესვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. მერის მოადგილის ირაკლი აბესაძის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"თბილისის მერიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე მერის მოადგილემ ირაკლი აბესაძემ გააკეთა განცხადება, თითქოს თბილისის მერიაში შესულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. ეს ინფორმაცია არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტებზე აწარმოებს გამოძიებას კონკრეტული ფირმების მიმართ, რომლებიც იყვნენ მერიის კონტრაქტორი ფირმები და თბილისის მერიის დაკვეთით ასრულებდნენ გარკვეულ სამუშაოებს. გამოძიების ფარგლებში, თბილისის მერიას ჩაბარდა სასამართლოს განჩინება აღნიშნული ფირმებისა და თბილისის მერიის თანამშრომლობის ამსახველი დოკუმენტაციის ამოღებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის ინტერესებში უნდა შედიოდეს მისი კონტრაქტორი ფირმების მიერ მერიის საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლა, თუმცა თბილისის მერია გაურკვეველ აღშფოთებას გამოხატავს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიას მოუწოდებს, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან", - აღნიშნავს საგამოძიებო სამსახური.

ცნობისთვის, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი აბესაძემ დღეს განაცხადა, რომ ამჟამად თბილისის მერიაში შესულია თბილისის ფინანსური პოლიციის მეორე სამმართველო, მესამე სამმართველო, მეოთხე სამმართველო, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო და თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისია, რომელიც ერთდროულად 5 სამსახურს ამოწმებს. 

კომენტარები