ფენტეზი

ფენტეზის მოკლე ისტორია

ბოლო ათწლეულებია, ფენტეზის ჟანრი მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის. დღეს ის უკვე მეინსტრიმის ნაწილს წარმოადგენს და თავის "ანდერგრაუნდად" ყოფნის დღეებს, როდესაც მანტიაშემოსილი ყმაწვილები ცუდად განათებულ სარდაფებში უცნაური თამაშებით ირთობდნენ თავს, ნელ-ნელა ივიწყებს.

კაცობრიობის დასაბამიდან ადამიანი გამოხატავდა ინტერესს არარეალურისადმი. ზუსტად ამის შედეგია მითები, ლეგენდები და ზღაპრები. ფენტეზის ელემენტები ლიტერატურას და სხვა არტფორმებს, უკვე ათასწლეულებია თან გასდევს. თუმცა, ფენტეზი, როგორც ცალკე ჟანრი, გაცილებით უფრო ახალგაზრდაა. მისი დღევანდელ სახედ ჩამოყალიბების პროცესის დასაწყისს მე-20 საუკუნეში, Inkling-ების საზოგადოებაში უნდა ვეძებდეთ. ამ "კლუბში" ისეთი ცნობილი ავტორები შედიოდნენ, როგორებიც არიან ჯ.რ.რ. ტოლკინი და კლაივ ს. ლუისი. მათმა ნაშრომებმა - "ბეჭდების მბრძანებელმა" და "ნარნიას ქრონიკებმა", უზარმაზარი როლი ითამაშეს ჟანრის ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა, ტოლკინი და ლუისი არ იყვნენ პირველები, რომლებიც გამოგონილ სამყაროებზე წერდნენ ისტორიებს. ტოლკინის შთაგონების წყაროს წარმოადგენდნენ ისეთი ავტორები, როგორიც იყვნენ Lord Dunsany (რომელიც ამავე დროს ლავკრაფტის ერთ-ერთი საყვარელი ავტორი იყო), William Morris და George MacDonald. ხოლო რამდენად ხშირად სესხულობდა პროფესორი ევროპელ ხალხთა მითოსიდან და ლეგენდარიუმიდან, ამაზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს.

ფენტეზის ისტორია სამ ეტაპად შეიძლება დაიყოს. თავდაპირველად იყო Sword and Sorcery-ს ტიპის ისტორიები, რომლის პიონერად, რობერტ ი. ჰოვარდი ითვლება. შესაბამისად, ამ ქვეჟანრის ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი, მისი ქმნბა ბარბაროსი/კიმერიელი კონანია. აქ აქცენტი მასკულინურ ფანტაზიებზე, მთავარ პერსონაჟზე და მის თავგადასავლებზე კეთდება. ამ ქვეჟანრს ქალი მკითხველი ფაქტობრივად არ ჰყავდა, დაწერილი ნაშრომების უმეტესობა კი ფალფ ჟურნალებში გამოიცემოდა.

მეორე ეტაპი, უკვე ჰაი-ფენტეზის ერის დასაწყისია. ამ პერიოდში ფენტეზი უფრო ფართო აუდიტორიის ყურადღებას იპყრობს. რა თქმა უნდა, ჰაი-ფენტეზის ფუძემდებელს და ზოგადად ფენტეზის პოპულარიზაციის მამოძრავებელ ძალას ტოლკინი წარმოადგენს. 60 წელზე მეტი გავიდა „ბეჭდების მბრძანებლის" გამოსვლიდან, ფენტეზის ჟანრი კი დღემდე სავსეა მისი მიმბაძველებით. პროფესორის გარდა, აღსანიშნავია ტერი ბრუქსი და მისი 1977 წელს დაბეჭდილი "Sword of Shannara". ეს პირველი წიგნი იყო ამ ჟანრში, რომელმაც "ნიუ იორკ ტაიმსის" ბესტსელერების სიაში მოახერხა შეღწევა და ხუთი თვის განმავლობაში იქ იმყოფებოდა. შესაბამისად, ბრუქსის წიგნსაც დიდი როლი მიუძღვის ფენტეზი ტრენდების დახვეწასა და ფენტეზის, როგორც კომერციულად მომგებიან ლიტერატურულ ჟანრად ჩამოყალიბებაში.

ზოგადად, ჰაი-ფენტეზის ჟანრი ახალი სამყაროების შექმნაზე და მათი დეტალურად აღწერაზე არის ორიენტირებული. Sword and Sorcery-სგან განსხავებით, აქ აქცენტი არა ერთ პერსონაჟზე, არამედ ჯგუფზე (მაგ. Fellowship of the Ring) კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ ის დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას, მისი აქტუალურობა, ახალი ქვეჟანრების გამოჩენასთან ერთად, შესუსტდა.

რაც შეეხება თანამედროვე ფენტეზის: 90-იანი წლებიდან მოყოლებული პოპულარული გახდა არა სრულიად ორიგინალური სამყაროების შექმნა, არამედ ეგრეთ წოდებული crossover-ები, სადაც ჯადოსნური "განზომილება" ჩვენი სამყაროს ნაწილია, ან მის პარალელურად არსებობს. ამ თემის თავდაპირველი პოპულარობა "ჰარი პოტერის" წიგნების სერიასთან არის დაკავშირებული. მოგვიანებით გაჩნდა სრულიად ჩამოყალიბებული ქვეჟანრი, ურბანული ფენტეზის სახით, რომელიც დღეს თინეიჯერების განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს. ფენტეზი, ამჟამად, დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ჟანრში ყოველწლიურად მრავალი წიგნი გამოდის, რომელთა ხარისხი ძალზე მერყეობს. აქ შეიძლება გადავეყაროთ ისეთ კარგ ავტორებს, როგორიც ნილ გეიმანია, ან ისეთ მაკულატურას, როგორიც "ბინდის" ფრენჩაიზია. ამიტომაც, მკითხველს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებს, როდესაც საქმე ურბანულ ფენტეზის ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ ჟანრი პოპულარობის ნაკლებობას არ განიცდიდა, 2000-იანი წლების დასაწყისიდან, მისი ნამდვილი ბუმი დიდწილად დიდ ეკრანებზე წარმატებული ადაპტაციებმა განაპირობეს (რომელებსაც შემდგომ ბევრი წარუმატებელი ადაპტაციის მცდელობაც მოჰყვა, აქედან ყველაზე გამოსარჩევი "ერაგონი" და "ოქროს კომპასია"). „ბეჭდების ტრილოგიის" და „ჰარი პოტერის" ფრენჩაიზის შემდეგ ფენტეზი ფილმების გადაღება დღის ნორმად იქცა. მათი წარმატების შემყურე, კომიქსების მწარმოებელმა გიგანტებმაც გადაწყვიტეს, რომ ფანტასტიკის ჟანრის ფილმებს სტიგმა აღარ დაჰყვებოდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, გოგოსთან ერთად "ევენჯერებზე" წასვლა არავის „გაუტყდებოდა" და ჰოლივუდში დესანტის გადასმის შემდეგ, წარმატებულად შეძლეს დიდი ეკრანების სრულად დაპყრობა.

თუმცა, თანამედრვე წიგნებიდან, ფენტეზის ჟანრის სერიოზულად აღქმაში, ყველზე დიდი წვლილი ჯორჯ მარტინის A song of Ice and Fire-ს და მის სატელევიზიო ადაპტაციას The Game of thrones-ს ეკუთვნის. თუ კიდევ არსებობდა სტერეოტიპები იმის შესახებ, რომ ფენტეზის ჟანრი თინეიჯერების დროებითი გასართობია, ამ სატელევიზიო შოუმ საბოლოოდ დაამსხვრია ისინი. თუკი ვინმეს კვლავაც იგივე წარმოდგენა აქვს, მაშინ, აზრის შესაცვლელად, საკმარისი იქნება Game of throne-ის თუნდაც ერთ სერიას უყუროს საკუთარ შვილებთან ერთად.

ფენტეზი გაიზარდა და თავის თავდაპირველ მედიუმში ვეღარ ეტეოდა. წიგნებიდან ის ჯერ სამაგიდო თამაშებზე გადავიდა, შემდეგ ვიდეოთამაშები დაიპყრო, ახლა კი დიდ ეკრანებზე მეფობს. უმეტესწილად, ეს ცვლილებები ტექნოლოგიურმა პროგრესმა განაპირობა. სხვა ჟანრებთან შედარებით, ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკა, ალბათ, ყველაზე უფროა დამოკიდებული ვიზუალურ მხარეზე. ახლა კი, თანამედროვე CGI ეფექტებით, მაყურებელს სათანადო სანახაობა გარანტირებული აქვს. 40-50 წლის წინ ამ კინოჟანრების თაყვანისმცემელი თუ იყავი, მაშინ ჭეშმარიტი ნერდის ტიტულს იმსახურებდი, ახლა კი ეს ნორმად იქცა.

მიუხედავად პოპულარობისა, საეკრანო ფენტეზი საკმაოდ ერთფეროვანია, ამიტომაც უმჯობესია კვლავ წიგნებს დავუბრუნდეთ. ურბანული ფენტეზის ქვეჟანრის ჩამოყალიბების გარდა, ასევე ტრენდული გახდა რეალისტური და შავი (Dark) ფენტეზი, რომელსაც შედარებით უფროსი მკითხველი ჰყავს. ისეთი სერიები, როგორებიცაა A Song of Ice and Fire, საპკოვსკის Witcher, ერიქსონის Malazan Book of the Fallen და აბერკრომბის The First Law მუდამ პოულობენ როგორც კრიტიკოსთა, ასევე მკითხველთა დადებით შეფასებებს. მათი სიუჟეტი ფენტეზის სამყაროებში ვითარდება, მაგრამ პერსონაჟების კომპლექსურობით, მორალური დილემებით, პოლიტიკური ინტრიგებითა და ძალადობით, ისინი ძალიან ჰგვანან ჩვენს სამყაროს. ტრადიციული, ჰაი-ფენტეზის, სამყაროს შავ-თეთრად დაყოფის და თეთრ რაშზე ამხედრებული გმირების მოყვარულთათვის კი - რეიმონდ ფეისტის The Riftwar Cycle არსებობს. რაც შეეხება იუმორისტულ ფენტეზის: აქ უპირობო გამარჯვებული, ნაშრომების რაოდენობითაც და ხარისხითაც, ტერი პრატჩეტია. ხოლო, თუ ურბანული ფენტეზის დაგემოვნება გსურთ და, ამავდროულად, თინეიჯერი გოგოს ემოციური სპექტრი არ გაგაჩნიათ, მაშინ ნილ გეიმანზე უკეთესს აქ ვერავის ნახავთ.

ფენტეზის ჟანრი ვითარდება, იცვლება და თავისი სიდიდის გამო სულ უფრო ხშირად, მკითხველის კომფორტისთვის, ახალ და ახალ ქვეჟანრებად იყოფა. ფენტეზის საკუთარი ფესვები მითებში და ლეგენდებში აქვს. თუმცა, თანამედროვე, მეცნიერულ სამყაროში, სადაც ყველაფერი იზომება და იწონება, ამ უკანასკნელების ადგილი აღარ დარჩა. ამიტომ, რეალობიდან თავის დასაღწევად ფენტეზი საუკეთესო, ლეგალურ არჩევნად რჩება. სანამ იქნება ხალხი, რომლებსაც სურთ მეტი ფერების დანახვა, ვიდრე ჩვენს სამყაროშია, მანამდე იარსებებს ფენტეზის ჟანრიც.

კომენტარები