გიორგი ონიანის დაკავება

გიორგი ონიანი: ჩემი დაკავების პროცედურა კანონის დარღვევით განხორციელდა

epn.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას ადვოკატის გიორგი ონიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შესახებ მსჯელობს.

პროკურატურა ონიანისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროცესზე განცხადება გააკეთა თავად ბრალდებულმა. გიორგი ონიანის თქმით, მისი დაკავების პროცედურა კანონის დარღვევით განხორციელდა.

”შემოვარდნენ და როდესაც განლაგდნენ ოთახში, მხოლოდ ამის შემდეგ განმიმარტეს თუ რატომ ვიყავი დაკავებული. მინდა აღნიშნო, რომ ჩემი დაკავება და პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა ერთდროულად, როდესაც მივდიოდით, მე ვიკითხე თუ სად მივემართებოდით, რომ ჩემი ადვოკატებისთვის მეთქვა სად მოსულიყვნენ, მოვენახულებინეთ და ჩამოგვეყალიბებინა შემდგომი მოქმედების გეგმა. გამომძიებელმა მიპასუხა, რომ მივდიოდით თბილისის პროკურატურაში. მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოდულის შენობისკენ მივდიოდით, რაზეც მე პროტესტი გამოვხატე და ვუთხარი, რომ ეს იყო დარღვევა. ამაზე იყო დამცინავი ტონი, რაზეც მე ვუთხარი, სხვა არაფერი მრჩებოდა გარდა იმისა, რომ პროტესტი გამომეხატა. ამას მოჰყვა ის, რომ ერთ-ერთმა გვერდზე მჯდომმა ადამიანმა სახეში ხელი გამარტყა. ამის შემდეგ მორალურად იმდენად ცუდად ვიგრძენი თავი, რომ დამეწყო ჯანმრთელობის პრობლემები. 15-20 წუთი ვიმყოფებოდი მანქანაში, სადაც მოვიდა ქალაქის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ე.წ. ტყუპი და განმიმარტა ასეთი რამ - კარგი, გიო, რა მოგივიდა, შენ ისეთ ”რაზგონზე” იყავი, ამას უნდა დალოდებოდი”, - განაცხადა ონიანმა.

პროცესის პარალელურად, დღეს გიორგი ონიანის მხარდამჭერებმა და ოჯახის წევრებმა სასამართლოსთან აქცია გამართეს და დაკავებული ადვოკატის გათავისუფლება მოითხოვეს.

გიორგი ონიანი 23 თებერვალს საკუთარი სახლიდან აიყვანეს. პროკურატურამ მას ბრალი მეორე დღეს, მოდულის შენობაში წაუყენა. გამოძიება ადვოკატს  შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და განზრახ უკანონო დაკავებას ედავება. 

 

კომენტარები