თბილისის ბიუჯეტი

მერის მოადგილე: საკრებულოს უმრავლესობის ყველა წინადადებას დავაკმაყოფილებთ

Wikipedia

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი აბესაძის განცხადებით, მერია ბიუჯეტთან დაკავშირებით საკრებულოს უმრავლესობის წინადადებებს გაითვალისწინებს. მისი თქმით, საკრებულოს ხვალინდელ  სხდომაზე წარმოდგენილ ბიუჯეტში უმრავლესობის მოსაზრებები იქნება ასახული. ამასთან, აბესაძეს აინტერესებს, დაუჭერს თუ არა მხარს საკრებულო შესწორებულ ბიუჯეტს. 

"თბილისის მერიამ განიხილა საკრებულოს უმრავლესობის წინადადებები და მოსაზრებები ბიუჯეტთან დაკავშირებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერია არსებითად ყველა მათგანს დააკმაყოფილებს და თბილისის ბიუჯეტში ასახავს. ამჟამად გრძელდება მუშაობა კონკრეტულ ციფრებზე, წყაროებზე, საიდან უნდა დაფინანსდეს ეს პროგრამები, თუმცა, თითოეული მათგანი არსებითად თბილისის ბიუჯეტში აისახება. ახლა ჩვენ გვინდა შევეკითხოთ საკრებულოს თავმჯდომარეს და უმრავლესობას, რომელთაც წარმოადგინეს თავიანთი სურვილები თბილისის ბიუჯეტის მიმართ, მზად არიან თუ არა ისინი, დაუჭერენ თუ არა მხარს ბიუჯეტს ხვალინდელ სხდომაზე, როდესაც განსახილველად შევა ბიუჯეტი, სადაც მათი სურვილები იქნება არსებითად ასახული", - განაცხადა აბესაძემ. 

ცნობისთვის, გუშინ, საკრებულოს რამდენიმე ფრაქციამ და კომისიამ თბილისის მერიას ათი სხვადასხვა წერილით მიმართა. წერილებში, ქართული ოცნების დეპუტატების სურვილებია ასახული.

თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდა. 29 დეკემბერს, დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა, 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

20 იანვარს, თბილისის მერიამ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი ხელმეორედ შეიტანა. უმცირესობის წევრების განცხადებით, დოკუმენტი მაქსიმალურად ოპტიმალურია. უმრავლესობის წევრების მტკიცებით კი, მერიას არ წარუდგენია ისეთი ბიუჯეტი, როგორსაც საკრებულო ითხოვს.

ამასთან, საკრებულოში თბილისის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება. 7 თებერვალს კომისიების თავმჯდომარეები მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საკრებულოს დეპუტატის ნიკო ხაჩირაშვილის თქმით, ისინი ერთიანი პაკეტის შექმნაზე მუშაობას აგრძელებენ, რომელშიც კონკრეტული მიმართულებები იქნება გაწერილი.

კომენტარები