კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

ბრძანებას მარინე მიზანდარის გათავისუფლების შესახებ ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააკმაყოფილა კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას მოთხოვნა და თანამდებობიდან გაათავისუფლა კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი.

ღარიბაშვილმა ბრძანება #34 2014 წლის 10 თებერვალს გამოსცა.

"საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 78–ე მუხლის პირველი პუნქტის ,"ა" და ,,გ" ქვეპუნქტებისა და 79–ე მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით გათავისუფლდეს მარინე მიზანდარი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 99–ე მუხლის მე–3 პუნქტის საფუძველზე", - წერია ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ თავისი პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, 5 თებერვალს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

კულტურის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ოფიციალურ წერილში გათავისუფლების მიზეზად დაუმორჩილებლობა და მითითებების შეუსრულებლობა სახელდება. მიზანდარი მინისტრის გადაწყვეტილების მიღების მიზეზად, მასთან რამდენიმე საკითხზე უთანხმოებას, განსაკუთრებით კი, საყდრისის თემას ასახელებს. მინისტრის მოადგილის განმარტებით, 27 იანვარს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი გაიტანა განსახილველად. მინისტრსა და მოადგილეს შორის დაპირისპირების ძირითადი მიზეზი სწორედ საბჭოს დადებითი რეკომენდაცია გახდა.

კომენტარები