ზბიგნევ ბჟეზინსკი

ბჟეზინსკი: ადრე თუ გვიან რუსეთში ავტორიტარიზმი ჩავარდება

npr.org

"ადრე თუ გვიან, რუსეთში ავტორიტარიზმი ჩავარდება", - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე ისაუბრა, რომელიც უკრაინაში განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისს ეხებოდა. ბჟეზინსკის თქმით, დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ ომს არ ნიშნავს.

უსაფრთხოების ყოფილი მრჩევლის აზრით, ევრაზიული პროექტი რუსეთის პრობლემებს ვერ გადაჭრის და დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის ნორმალურ პოსტიმპერიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში დახმარებას წარმოადგენს.

ზბიგნევ ბჟეზინსკი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ევროპულ განვითარებას ვლადიმირ პუტინი ხელს უშლის. მისი თქმით, პუტინის ნოსტალგია წარსულზე რეალობისგან გაქცევას ნიშნავს და რუსეთი იმპერიული ძალა აღარ არის. ბჟეზინსკის განცხადების მიხედვით, რუსეთის მსხვილ ქალაქებში საშუალო კლასის რაოდენობა იზრდება, რომელიც დასავლურ ფასეულობებზეა ორიენტირებული და პუტინის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რუსეთის ევროპული განვითარება გარდაუვალია.

ზბიგნევ ბჟეზინსკი პოლონური წარმოშობის ამერიკელი პოლიტოლოგი და სახელმწიფო მოღვაწეა. ის ჯიმი კარტერის ადმინისტრაციის დროს 1977-81 წლებში პრეზიდენტის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ბჟეზინსკი ავტორია წიგნისა - "დიდი საჭადრაკო დაფა".

კომენტარები