პოლიტიკა

პიროსის გამარჯვება

დამთავრდა არჩევნები, ქვეყანას ახალი პრეზიდენტი და ახალი ძველი მთავრობა ჰყავს, მაგრამ საარჩევნო ციკლი ამით არ დასრულებულა. მაისში ადგილობრივი არჩევნები გველის. იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ რას შეიძლება ველოდოთ ამ არჩევნებისგან, დავაკვირდეთ განვლილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

რა მიიღეს აქტივში და პასივში მმართველმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა?

ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად გაიმარჯვა. მისმა კანდიდატმა ხმების ორი მესამედი და უახლოეს კონკურენტზე თითქმის სამჯერ მეტი ხმა მიიღო. რეფერენდუმი ქართული ოცნების ერთწლიანი მმართველობის შესახებ, მისთვის დადებითი შედეგით დასრულდა.

ამის საწინააღმდეგოდ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პირწმინდად დამარცხდა, მან დათმო ყველა, 85 საარჩევნო ოლქი და თავისი შარშანდელი ამომრჩევლების ნახევარზე მეტი მოისაკლისა.

თითქოს, გამარჯვებული პოლიტიკური ძალისთვის ამაზე ხელსაყრელი ფონის და ძლიერი მანდატის წარმოდგენაც კი რთულია. ამავე დროს, იმ პარტიისთვის, რომელიც ცხრა წელი დომინირებდა ქვეყნის პოლიტიკურ სარბიელზე, ნაჩვენები შედეგი მძიმე რეალობის ამსახველი და ასეთივე პერსპექტივის მომასწავებელი უნდა იყოს.

მაგრამ იქნებ ყველაფერი ასე არ არის და ქართული ოცნების მანდატი არც ისე ძლიერია? იქნებ გამარჯვებულებს გამარჯვება და მიღებული მანდატი სულაც არ ახარებთ? იქნებ მათ გამარჯვებაში იმდენი პოლიტიკური რესურსი ჩადეს, რომ სამარქაფოდ აღარაფერი დარჩათ? და ბოლოს, იქნებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შედეგი ნეგატიური კი არა, პოზიტიური პერსპექტივის ნიშანია?

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, გაზაფხულის სოციოლოგიური კვლევების მაჩვენებლებთან შედარებით, შეძლო გაეორმაგებინა თავისი რეიტინგი. საინტერესოა, რომ ეს შედეგი პრაქტიკულად იმეორებს მათს 10 წლის წინანდელ მაჩვენებელს. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე მათ თითქმის ამდენივე, 350 ათასი ხმა მიიღეს.

ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად ჯერ საარჩევნო სტატისტიკა გავაანალიზოთ. აქ ქართული ოცნებისთვის საგანგაშო თუ არა, დასაფიქრებელ ორ სურათს დავინახავთ. პირველი ამომრჩეველთა დაბალი აქტივობაა. 27 ოქტომბერს არჩევნებზე იმაზე ნაკლები ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე 1990 წლიდან მოყოლებული ოდესმე მისულა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე და ნახევარი მილიონით ნაკლები, ვიდრე 2012 წლის 1 ოქტომბერს. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საარჩევნო ყუთებთან მისულთა რაოდენობა ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვან 50%-იან ნიშნულზე ქვემოთ ჩამოვიდა. საინტერესოა, რომ 27 ოქტომბრის არჩევნებზე იმდენივე ამომრჩეველი რომ მისულიყო, რამდენიც შარშან 1 ოქტომბერს, გიორგი მარგველაშვილი ხმათა მხოლოდ 46%-ს მიიღებდა. ანუ, თუ ის საკუთარ სიტყვას უერთგულებდა, საქართველოს სხვა პრეზიდენტი ეყოლებოდა.

მეორე – ქართულმა ოცნებამ შარშანდელთან შედარებით 170 ათასი ამომრჩეველი, ანუ თავისი ელექტორატის 15% დაკარგა, რაც მმართველობის ყველაზე „ტკბილი”, პირველი წლისთვის ბევრია. ერთი სიტყვით, ქართული ოცნების მანდატი არც ისე ძლიერია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არის ამ მანდატის გამოყენება, თუმცა ამ საკითხს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შედეგის ანალიზის შემდეგ დავუბრუნდეთ.

27 ოქტომბერს მოხდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ლეგიტიმაცია. „შერჩევით-სამართლებრივი” დევნის, ფიზიკური მუქარის, შანტაჟისა და ცილისწამების ფართო კამპანიისა და ფინანსური რესურსების მწვავე დეფიციტის პირობებში, მან შეძლო ამომრჩეველთა 22%-ის, ანუ თითქმის ყოველი მეოთხე აქტიური ამომრჩევლის მომხრობა. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, გაზაფხულის სოციოლოგიური კვლევების მაჩვენებლებთან შედარებით, შეძლო გაეორმაგებინა თავისი რეიტინგი. საინტერესოა, რომ ეს შედეგი პრაქტიკულად იმეორებს მათს 10 წლის წინანდელ მაჩვენებელს. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე მათ თითქმის ამდენივე, 350 ათასი ხმა მიიღეს, რამაც, როგორც შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, მომავალ გამარჯვებებს ჩაუყარა საფუძველი.

შესაძლოა, არჩევნების კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შედეგი ის იყოს, რომ ჩავარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განადგურებისა და პოლიტიკური ველიდან მისი განდევნის „საოცნებო” პროექტი. დემოკრატიულ გარემოში პარტიას, რომელსაც ზურგს 350 ათასი აქტიური ამომრჩევლის ნება უმაგრებს, იგნორირებას ვერ გაუკეთებ. საპარლამენტო მოსმენებზე თავისი ხაზგასმულად არასაპარლამენტო, ნერვიულ-გამომწვევი ქცევით, ეს ქართული ოცნების ახალმა დე იურე ლიდერმა, პრემიერმა ღარიბაშვილმაც დაადასტურა.

ახლა კი მანდატის გამოყენების საკითხს მივუბრუნდეთ. გამარჯვებულ პოლიტიკურ ჯგუფს მოუწევს იმის გაცნობიერება, რომ 27 ოქტომბერს, თუნდაც შედარებით სუსტი მანდატის მინიჭებით, ქართველმა ამომრჩეველმა მას თავის მართლების უფლება ჩამოართვა! ინდულგენციების მარაგი ამოწურულია. ეკონომიკური და სოციალური გაუმჯობესების მომლოდინე ზამბარასავით შეკუმშული ელექტორატი „მიშა ხელს გვიშლის”, „ლიმონივით გამოწურული ეკონომიკა დაგვხვდა” და „მძიმე მემკვიდრეობა გვერგოს” მსგავს ლუღლუღსა და ზღაპრებს აღარ მიიღებს. ან მთავრობა გაჩერებულ ეკონომიკას გამოაცოცხლებს და სამუშაო ადგილებს შექმნის, ან გაზაფხულზე სერიოზული ალიყური არ ასცდება.

ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც მთავრობის ახალ პროგრამაში უნდა გვეხილა, ზოგადი ფრაზებისა და ზედაპირული სურვილების ეკლექტურ კრებულს წარმოადგენს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში ვერც ერთ ციფრს (!) ვერ იპოვით.

შესაძლოა, ეკონომიკური წარუმატებლობების გადასაფარად მთავრობას ისევ „შერჩევითი მართლმსაჯულებისკენ” გაექცეს თვალი. მაგრამ, ერთი მხრივ, ამომრჩეველმა მკაფიოდ განაცხადა, რომ „სანახაობა პურის ნაცვლად” ფანდზე ის აღარ წამოეგება. მეორე მხრივ, ვილნიუსში პარაფირებული ხელშეკრულების ხელმოწერის მკაფიო პირობად ევროკავშირმა, ყოფილი მთავრობის წინააღმდეგ „კავკასიური ვენდეტის” შეწყვეტა დაასახელა.

ქართულ ოცნებას ამ სცილასა და ქარიბდას შორის მოუწევს გავლა. ამისთვის კი მას ზუსტი რუკა, კომპეტენტური ეკიპაჟი და მცოდნე კაპიტანი სჭირდება. როგორც ჩანს, სწორედ აქ უნდა ვეძებოთ იმ შესამჩნევი უკმაყოფილების მიზეზი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეტყობოდა არჩევნების შემდგომ პრესკონფერენციაზე. მასზე უკეთ ვინ უნდა იცოდეს, რომ მის პოლიტიკურ-ფინანსურ პირმშოს სამშვიდობოზე გასაღწევად რესურსები პრაქტიკულად აღარ დარჩა. ყველა პირობა დარიგებული, თავის მართლება გახარჯული და თამასუქი გაცემულია. ივანიშვილი, თავისი ახალი სტატუსით, მათ აქტიურად ვეღარ დაეხმარება. ამას ემატება სუსტი პარტიული სტრუქტურები რეგიონებში, არაკონკურენტუნარიანი არტისტულ-სპორტული საპარლამენტო წარმომადგენლობა და ლიდერობის დეფიციტი. მათ განკარგულებაში მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსია, მარტო ადმინისტრაციული რესურსით კი შორს ვერ წახვალ. დეტალები – კრწანისელ პენსიონერთან შეუძლიათ მოიკითხონ.

ქართული ოცნების მთავარ კონკურენტს კი, როგორც ჩანს, ენერგია და ენთუზიაზმი კი არ აკლდება, ემატება. მით უმეტეს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მისი ამოცანა მოკრძალებული იქნება: რამდენიმე საკრებულოს და მერის ოფისის მოგება. ყველაფერი, რასაც ის მმართველ პარტიას წაართმევს, გამარჯვებად აღიქმება. საპრეზიდენტო არჩევნების გადმოსახედიდან, ეს ამოცანა არარეალისტურად სულაც არ გამოიყურება. დავით ბაქრაძემ ყველაზე მეტი ხმა შემდეგ ოლქებში მიიღო:

  1. დმანისი – 42%
  2. ზუგდიდი – 41%
  3. სენაკი – 35%
  4. წალენჯიხა – 35%
  5. მარტვილი – 35%

აქედან სამ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა ხმების ნახევარიც ვერ მოაგროვა (დმანისსა და ზუგდიდში – 47%, სენაკში – 46%). ამ და, შესაძლოა, რამდენიმე სხვა ოლქში დასახული მიზნის მიღწევა სავსებით შესაძლებელია. 

მმართველ გუნდში დუღილი დაწყებულია. ივანიშვილის საპრემიერო სავარძელი ჯერ არც გაციებულა, უმრავლესობიდან კი უკვე უკმაყოფილების ბუყბუყი გაისმა. ჯერ იყო და, ფრაქციის ლიდერი „ჩამოალაბორანტეს”, რაზეც ამ უკანასკნელმა მესამე პირში უკმაყოფილება გამოთქვა; კიდევ ერთმა დეპუტატმა ბუნტი მოაწყო, თბილისის მერად არათბილისელს როგორ დავუჭერ მხარსო; მესამემ კი, სულაც ფრაქციიდან მივდივარ, ოღონდ რატომ, ამას მოგვიანებით გეტყვითო.

ახლადარჩეული პრეზიდენტის, პრემიერისა და მთლიანად ქართული ოცნების წინაშე სერიოზული გამოწვევებია. მათ ხელთ შარშან არსებული პოლიტიკური რესურსების უდიდესი ნაწილი დახარჯულია. თუ მათ ვერ შეძლეს ახალი რესურსების მოძიება, რომელიც მხოლოდ წარმატებულმა ეკონომიკურმა და სოციალურმა პოლიტიკამ შეიძლება მოიტანოს, დიდია იმის ალბათობა, რომ როდესაც 27 ოქტომბერს გაიხსენებენ, ეპირუსის მეფის მსგავსად, რომელმაც რომის არმია უზარმაზარი მსხვერპლის ხარჯზე დაამარცხა, მათაც აღმოხდეთ: „კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და ჩემი დამარცხება გარდაუვალი იქნება”.

ადგილობრივი არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნებამდე ორწელიწად-ნახევარზე ნაკლები დარჩება.

კომენტარები