მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა

საგანელიძე: ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე საუბარი არ ყოფილა

interpressnews.ge

დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე საუბარი არ შეხებია ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურას - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

"საკადრო ცვლილებებზე საუბარი არ გვქონია. ამაში პარლამენტარები არ ჩავერევით. ეს არის მთავრობის პრეროგატივა, შესაბამისად, ეს საკითხი არც დასმულა და არც დაისმება. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ახალი მთავარი პროკურორი უნდა წარადგინოს" - განმარტა დავით საგანელიძემ. 

საგანელიძის თქმით მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა ყოველკვირეულად გაიმართება. ახლა სახელმწიფო კანცელარიაში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც საგანელიძის განცხადებით საუბარი შეეხება იმ კანონპროექტებს, რომლებთან დაკავშირებითაც, პარლამენტსა და მთავრობას შორის შეთანხმება აუცილებელია. 

"ჩვენ ვმართავთ სამუშაო შეხვედრას, ახალი წლის დღეების გამო ბევრი თემა დაგვიგროვდა, რაზეც დღეს ვსაუბრობთ. საკითხები ეხება იმ კანონპროექტებს, რომლებიც გასული წლიდან გადმოგვყვა, მათ შორის, თვითმმართველობის რეფორმას, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ საკითხს და ა.შ. გარკვეულწილად ვაჯამებთ გასულ წელსაც, ვსაუბრობთ იმ ძირითად ამოცანებზე, რომლებიც წელს გვექნება და ვაზუსტებთ იმ კანონპროექტების ჩამონათვალს, რითაც პარლამენტი წელს დაიწყებს მუშაობას. ასე, რომ ეს არის ჩვეულებრივი მუშა შეხვედრა, რომლის გარეშეც შეუძლებელია სახელმწიფოს მართვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის სამუშაო შეხვედრებს კვირაში ერთხელ მაინც ჩავატარებთ და ეს ძირითადად, მოხდება შაბათს" - განაცხადა დავით საგანელიძემ.

სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელოს, 17.00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები