ეკონომიკური ზრდა

ნაციონალური მოძრაობა: 1 წელიწადში ერთ ოჯახზე დაახლოებით 1000 დოლარი დაიკარგა

2013 წლის ბიუჯეტი ვერ შესრულდა. ამაზე თანხმდება როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიცია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, წლის ბოლომდე ბიუჯეტს დაახლოებით 800-900 მილიონი ლარი დააკლდება. მის მიხედვით, ეს თანხა მეტია, ვიდრე თავდაცვის ერთი წლის ბიუჯეტი, ასევე, შსს-ს ერთი წლის ბიუჯეტი და დაახლოებით იმდენივეა, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი.

ნაციონალური მოძრაობა იმასაც განმარტავს, ბიუჯეტის შესრულების შემთხვევაში, რას შეიძლება მოხმარებოდა ეს თანხები:

  • 90 ათასი სტუდენტის ბაკალავრიატის 4-წლიანი პროგრამის სრულად დაფინანსებას
  • 240-ლარიანი პენსიის გაცემას 1 წლის განმავლობაში
  • 10 ათასი სტუდენტის საგასიტრო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას საუკეთესო უნივერსიტეტებში
  • იპოთეკართა პრობლემის სრულად მოგვარებას
  • დევნილთა განსახლების პრობლემების სრულად მოგვარებას
  • თბილისში ავარიული სახლების პრობლემის სრულად მოგვარებას
  • წყლისა და სარწყავი სისტემის პრობლემის მოგვარებას ყველა დიდ სოფელში
  • 15 ათასი ადამიანის დასაქმებას
  • ვაუჩერის სახით თითოეული მოქალაქისთვის 185 ლარის გადაცემას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ეკონომიკის გაჩერების შედეგად, დაიხარჯა ბიუჯეტში არსებული უსაფრთხოების ბალიში - 1 მილიარდამდე ლარი, ხოლო მშპ-ის სახით დაიკარგა დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარი, ანუ დაახლოებით 450 ლარი ერთ სულ მოსახლეზე, რაც ერთ ოჯახზე (საშუალოდ 4-სულიანი) დაახლოებით 1000 დოლარს ნიშნავს. 

კომენტარები