GPB

ბრძოლა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის

ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა – ამ დასკვნამდე მივიდა ორგანიზაცია ინტერნიუს უკრაინა, რომელიც ახორციელებს პროექტს – მედიის თავისუფლების მონიტორინგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. მიზეზად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები სახელდება.

კვლევა ექვს ქვეყანაში ბოლო 3 თვის მდგომარეობას ასახავს და მასში უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი მონაწილეობენ. კვლევის მიხედვით, მოლდოვა პირველ ადგილზეა და 6 ქულით უსწრებს საქართველოს მაჩვენებელს. ყველაზე პრობლემური მაჩვენებელი ბელარუსშია, მისი ინდექსი საქართველოს და მოლდოვის მაჩვენებელს თითქმის სამჯერ ჩამორჩება. ამავე პროექტის ფარგლებში ჩატარებული წინა კვლევის მიხედვით, მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო ლიდერი იყო.

საქართველოში მონიტორინგის პროექტის პარტნიორის, რადიო მწვანე ტალღის დირექტორმა მაკა ჯახუამ ინტერნეტგამოცემა media.ge-ს განუცხადა, რომ კვლევის საბოლოო შედეგებზე გავლენა იქონია საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებმა, კერძოდ – არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 2 პოლიტიკური ტოკშოუს დახურვამ.

GPB საპარლამენტო არჩევნების შემდეგ

საზოგადოებრივ მაუწყებელში სიტუაცია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში შეიცვალა, როცა მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 2012 წლის დეკემბერში განაცხადა.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მათ შორის, ელისო ჩაფიძე, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოუწოდებდნენ, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანამდე ახალი დირექტორი არ აერჩიათ, რადგან ცვლილებების შემდეგ სამეურვეო საბჭო ხელახლა უნდა დაკომპლექტებულიყო. მიუხედავად ამისა, სამეურვეო საბჭომ დირექტორის პოსტზე გიორგი ბარათაშვილი აირჩია. ბარათაშვილმა 2013 წლის გაზაფხულზე თანამდებობიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი. ბერძენიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ გიორგი ბარათაშვილი ახალი ხელისუფლების, კონკრეტულად კი –კოალიცია ქართული ოცნების, გავლენის ქვეშ იყო და თავისი გათავისუფლებაც პოლიტიკურ დაკვეთად შეაფასა.

ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში სამეურვეო საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა გიორგი ბარათაშვილს, თუმცა, სასამართლომ ის მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე დააბრუნა.
გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა მეორედ უკვე 2013 წლის სექტემბერში გამოუცხადეს.

დახურული ტოკშოუები

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის ახლადდანიშნულმა შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ საზოგადოების ყურადღება მალევე მიიპყრო: საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, პირველ არხზე დახურა ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გადაცემები.

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე პოლიტიკურ დაკვეთად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს იყო მმართველი კოალიცია ქართული ოცნების საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავლენის შედეგი. კვესიტაძის თქმით, ამის დასტური იყო პირველი არხის საინფორმაციო სამსახურში პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეცხრე არხის თანამშრომლების დასაქმება.

ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს მუშაობის სტილს ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს უწუნებდა.

„როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, საზოგადოებრივი არხის წარმომადგენლებს საზოგადოება არ გადაუხდის ხელფასს, თუ ისინი რიტორიკას არ შეიცვლიან, რომელიც გუშინ ვერ დამალა კვესიტაძემ", – თქვა ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია ქართული ოცნების საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებამდე.

ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და თავისი მეცხრე არხის შესაძლო საერთო მომავალზეც ისაუბრა:
„თუ მოხერხდა, რომ პირველი არხი გახდეს ჭეშმარიტად საზოგადოებრივი, ასეთ შემთხვევაში, რაც მეცხრე არხს აქვს, რაც ადრე გავაკეთე და დიდი შეცდომა დავუშვი, ამ ქონებას პირველ არხს ვაჩუქებ, ყველაფერს, შენობიდან დაწყებული, უფასოდ. ჟურნალისტების გუნდიც, კარგი იქნება, რომ გადავიდეს, რომ უმუშევარი არ დარჩნენ".

ტყემალაძე მუნიციპალიტეტს სთავაზობს შეარჩიოს რესპონდენტები, მათ შორის, „კარგი მოსაუბრე, დამსახურებული, აღიარებული ავტორიტეტები" და „საეკლესიო ინტელიგენცია".

ამ განცხადებიდან რამდენიმე თვეში ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ შეუძლებელი იყო მეცხრე არხის ქონების გადაცემა პირველი არხისთვის და მისი საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნა.

„გაცილებით კარგი იქნება, რომ ჩვენ ძირითადი ყურადღება გადავიტანოთ საზოგადოებრივ ტელევიზიაზე და მოვახერხოთ, რომ ის მაქსიმალურად ჩადგეს საზოგადოების სამსახურში", – აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს გააკეთა. ივანიშვილმა 2013 წლის აგვისტოში მეცხრე არხის დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღო.

ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი პირები, ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნისას აცხადებდნენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გათავისუფლებულიყო ნაციონალური მოძრაობის გავლენისგან, უნდა შეცვლილიყო დირექტორი გია ჭანტურია და სამეურვეო საბჭო ხელახლა დაკომპლექტებულიყო.

მაუწყებლის ყოფილი დირექტორი გია ჭანტურია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა, რაც, ოპონენტების თქმით, მის პოლიტიკურ მიკერძოებულობას ადასტურებდა. გარდა ამისა, პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი 2013 წლის გაზაფხულზე ტელევიზიიდან გათავისუფლების შემდეგ თბილისის მერმა გიგი უგულავამ ძველი თბილისის რაიონის გამგებლად დანიშნა.

ცვლილება მაუწყებლობის შესახებ კანონში

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს პარლამენტში 2013 წლის ივლისში განვითარდა. საპარლამენტო ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში. პარლამენტს ამისთვის პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაც დასჭირდა.

ცვლილებების შესაბამისად, 2014 წლის პირველი იანვრიდან დაიშლება მაუწყებლის მოქმედი სამეურვეო საბჭო და სამომავლოდ, ის 15-ის ნაცვლად, 9 წევრით დაკომპლექტდება.

9 წევრიდან 3 უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობის წარდგენით არჩეული, 3 – უმრავლესობის მიღმა დარჩენილი პარლამენტარების მიერ (35-ზე მეტი), 2 უნდა წარადგინოს სახალხო დამცველმა, ხოლო 1 ადგილს დაიკავებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი.

აქამდე მოქმედი წესით, სამეურვეო საბჭოს წევრობის 15 კანდიდატს პრეზიდენტი წარუდგენდა პარლამენტს და შემდეგ პარლამენტი ამტკიცებდა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის, რამდენიმე იყო მოქმედი ოპოზიციის მიერ შერჩეული კანდიდატი, თუმცა, ისინი უმრავლესობაში არასდროს ყოფილან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში.

საპარლამენტო უმცირესობის, ასევე სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრები მიიჩნევენ, რომ საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი ზრდის მაუწყებელზე პოლიტიკოსთა მიერ გავლენის მოპოვების შანსს.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე ტაბულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ის ცხადად ხედავს მოქმედი ხელისუფლების მხრიდან მაუწყებელზე გავლენის მოპოვების მცდელობებს.

„გავლენის მოპოვების ნიშნებს ვხედავ. ორი ადამიანი ძალიან უცნაურ დროს გავიდა საბჭოდან. ერთმა უცნაურად მოიმიზეზა გადაღლა, როცა 3 წელი უპრობლემოდ ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს სხდომებს თვეში ორჯერ. როგორ უნდა გადაღლილიყო, ან თუ გადაიღალა, უფრო ადრე რატომ არ გადაიღალა და ეს მაინცდამაინც კრიტიკულ მომენტში რატომ მოუვიდა? რაც შეეხება მეორე ადამიანს, მართალია, მას გული აწუხებდა, მაგრამ საავადმყოფოში წოლის დროს მას არავინ აიძულებდა სხდომებზე დასწრებას, წესით, ეს არ უნდა ყოფილიყო პრობლემა. ეს ყველაფერი ეჭვებს ბადებს", – აცხადებს ემზარ გოგუაძე.

ორი ადამიანი, რომლებმაც 2013 წლის ოქტომბერში სამეურვეო საბჭო დატოვეს, ეკა მაზმიშვილი და ავთანდილ ანთიძე არიან. ემზარ გოგუაძე ამბობს, რომ მათ გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღეს. მათი საბჭოდან გასვლის შემდეგ, აღნიშნული სტრუქტურა უფუნქციოა, ის ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რადგან ამჟამად საბჭოში 7 წევრი დარჩა, გადაწყვეტილების მისაღებად კი მინიმუმ 8 წევრია საჭირო. 2014 წლის 1-ლი იანვრიდან კი ფუნქციადაკარგული სამეურვეო საბჭო საბოლოოდ დაიშლება და ახალი წესით დაკომპლექტდება.

ზეწოლა სამეურვეო საბჭოზე

ემზარ გოგუაძემ აღნიშნულ მოვლენებამდე რამდენიმე კვირით ადრე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხის თაობაზე პოზიციას არ შეიცვლიდა, დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი სამეურვეო საბჭოს დაშლით დაემუქრა.

ირაკლი ტრიპოლსკიმ მუქარის ფაქტი უარყო და გოგუაძის ბრალდებას ბოდვა უწოდა.

თავის მხრივ, სამეურვეო საბჭოს წევრმა ნინო დანელიამ საჯაროდ განაცხადა, რომ მას აიძულებდნენ დაეტოვებინა სამეურვეო საბჭოს წევრობა, თუმცა, დანელიამ არ ისურვა იმ კონკრეტული პირის ვინაობის გამხელა, რომლისგანაც ეს ინიციატივა მოდიოდა.

„პირდაპირ ხელის დადება ძნელია, მაგრამ გავლენის მოპოვების ტენდენცია ჩანს. ჯერჯერობით, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად იმის შესაგნებად, რომ მედიის საქმეებში ასეთი ჩარევა არ არის მომგებიანი არცერთი ქვეყნისა და არცერთი ხელისუფლებისათვის და ამან შეიძლება უარესი უკუშედეგი გამოიწვიოს თავად ამ პოლიტიკური ძალისათვის", – მიიჩნევს ემზარ გოგუაძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ 2013 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ მასზე არაპირდაპირ ზეწოლას ახდენდა მაუწყებლის დირექტორის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი ციბაძე. გოგუაძის განცხადებით, ციბაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და ფარული წარმომადგენელია მაუწყებელში, რომელსაც ადგილზე სიტუაციის კონტროლი ევალება.

ემზარ გოგუაძემ ტაბულას განუცხადა, რომ ციბაძეს ხელფასს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უხდის, გარდა ამისა, შსს-ც უარყოფს, რომ ციბაძე უწყების თანამშრომელია. შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისთვის გაუგებარია, კონკრეტულად რა მიზნითა და ვისი დავალებით მუშაობს ირაკლი ციბაძე საზოგადოებრივ მაუწყებელში.

ე.წ. ოდეერის, იგივე უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა სხვადასხვა უწყებებში არსებობაზე გაზეთ რეზონანსის რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან საჯარო შეხვედრისას ისაუბრა. მან პრემიერს ჰკითხა, როდის აპირებდა მთავრობა ამ ინსტიტუტზე უარის თქმას, რომელიც, ტუღუშისვე თქმით, ქვეყნის „სამარცხვინო ლაქაა". პრემიერმა საჯაროდ აღიარა, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს.

„მთავრობის სხდომაზე ორჯერ მქონდა პოლემიკა ამაზე. ამას გარეთ ვერ გამოვიტან, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, ამაზე უარი ვთქვათ და ალბათ უახლოეს მომავალში მოვახერხებთ. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ეს ასე არ უნდა იყოს", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სამეურვეო საბჭოს განცხადების გამოძიებისა და საკუთარი ფარული ზედამხედველების სხვადასხვა ორგანიზაციებიდან გამოწვევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომაც მიმართა, თუმცა, შსს-მ ორგანიზაციის განცხადებას არასერიოზული უწოდა.

„ჩვენს ანგარიშში საუბარი იყო ე.წ. ოდეერების (ОДР – офицер действующего резерва) ინსტიტუტზე, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან მოქმედებდა. აღნიშნულ ინსტიტუტს იყენებდა როგორც შევარდნაძის, ასევე ვარდების რევოლუციის შემდგომი მთავრობა. ანგარიშში ასევე საუბარი იყო იმ ფაქტზე, რომ ხელისუფლებამ არ გამოიძია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების განცხადებები მათზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით. შსს-ს წარმომადგენლის ტელევიზიაში არსებობასა და მისი მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა საბჭოს თავმჯდომარე – ემზარ გოგუაძეც", – განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ.


საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, შსს-ს ასევე ჰყავს წარმომადგენელი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში და ის ზაზა მაზმიშვილია, რომელსაც თანამშრომლები „გენერალს" ეძახიან. კომისიის ვებგვერდის მიხედვით, ზაზა მაზმიშვილი კომისიის თავმჯდომარის მრჩეველია. მან მარეგულირებელ კომისიაში მუშაობა ამა წლის 1-ლ მაისს დაიწყო, იმ პერიოდში, როდესაც მისი უშუალო ხელმძღვანელი, კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი სამსახურში არ ცხადდებოდა.

იმავე სახელითა და გვარით პიროვნება შინაგან საქმეთა სამინისტროშიც მუშაობს. მან მაისის შუა რიცხვებში ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. მაზმიშვილმა სამინისტროში მუშაობა წელს დაიწყო, რადგან მის დეკლარაციაში არ არის მითითებული, რომ ის შსს-ს თანამშრომელი 2012 წელსაც იყო (ქონებრივ დეკლარაციას საჯარო მოხელეები სამსახურის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში ავსებენ). 2002 წლის პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, ვინმე ზაზა მაზმიშვილი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო კონტრდაზვერვის უფროსი იყო.

ჟურნალისტური კორუფცია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ნინო დანელიამ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში 2013 წლის ნოემბერში გაავრცელა დოკუმენტი, რომელშიც მაუწყებლის გენერალური დირექტორი თამაზ ტყემალაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან გიგინეიშვილს მიმართავს. წერილში საუბარია გადაცემაზე „ლიხს იქით და ლიხს აქეთ" და ამ გადაცემისთვის მასალების მომზადებასა და რესპონდენტების შერჩევაზე.

ტყემალაძე მუნიციპალიტეტს გადამღები ჯგუფის ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯების დაფარვას სთხოვს, ასევე უთანხმებს საქართველოს რეგიონების შესახებ გადაცემების ციკლის შინაარსს და თემებს. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიგინეიშვილს სთხოვს, ვითარების შესახებ საქმის კურსში ამყოფოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.

ტყემალაძე მუნიციპალიტეტს სთავაზობს შეარჩიოს რესპონდენტები, მათ შორის, „კარგი მოსაუბრე, დამსახურებული, აღიარებული ავტორიტეტები" და „საეკლესიო ინტელიგენცია". ტყემალაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს წერილზე თანდართული კითხვარის შევსებასაც სთხოვს. მისი თქმით, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ლანჩხუთის რაიონი „საუცხოოდ წარმოჩინდება" და „წარსდგება მილიონიანი მაყურებლის წინაშე".

თამაზ ტყემელაძემ მოგვიანებით განმარტა, რომ ეს იყო მისი მეგობრული, შინაურული წერილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლისადმი.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს რამდენიმე ვალდებულებას აკისრებს. კანონის მიხედვით, მაუწყებლის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა უზრუნველყოს სატელევიზიო პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება.

კრიზისი მაუწყებელში

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაურკვეველი დროით გადაიდო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის სარჩელის განხილვა, რომელიც თანამდებობაზე მეორედ მოსვლას ცდილობს. უფუნქციოდ დარჩენილ სამეურვეო საბჭოს კი მაუწყებელში გადაწყვეტილების მიღების უფლება 2014 წლამდე არ აქვს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიზისული სიტუაციის მთავარ შემოქმედად სამეურვეო საბჭოს მიიჩნევს. მისი თქმით, ბარათაშვილისთვის უნდობლობის გამოცხადებით სამეურვეო საბჭომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ამით მაუწყებელში პოლიტიკური დაპირისპირება ღიად გაიშალა.

„ასეთ ინსტიტუციებს რყევები არჩევნებამდე არ უნდა ეხებოდეს და რაც არ უნდა მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს, უმჯობესია მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებრივი პროცესების ნორმალური განვითარების და სახელმწიფოს ნორმალური განვითარების სურვილით, თუ არ გვაქვს საქმე მკვეთრად გამოხატულ სისხლის სამართლის დანაშაულთან", – ამბობს ზვიად ქორიძე ტაბულასთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, თუკი პირველ ოქტომბრამდე სამეურვეო საბჭო ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამტარებელი იყო, არჩევნების მერე ქართულ ოცნებას აქვს მცდელობა, გავლენა მოიპოვოს.

„აქამდე ყველა სამთავრობო ძალას ჰქონდა სურვილი, ჰქონოდა გავლენა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. იყო მცდელობა კონკრეტულ ჟურნალისტებზე გავლენის მოპოვების, თუმცა, ასე ღიად ეს ბრძოლა აქამდე არ გაშლილა", – მიიჩნევს ზვიად ქორიძე.

საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო ცვლილებების დაწყებამდე, 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, პირველი არხი, ეუთოსა და ევროკავშირის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ყველაზე დაბალანსებული და მიუკერძოებელი მაუწყებელი იყო საქართველოში. მსგავსი შეფასება მაუწყებელმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც მიიღო.

 

კომენტარები