ოთარ ფარცხალაძის საქმე

ფარცხალაძე: 2000 წელს გერმანიის პოლიციასთან ინციდენტი ნამდვილად შემემთხვა

ოთარ ფარცხალაძე

საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საზოგადოებას მიმართავს. ფარცხალაძის განცხადებით, ბოლო დროს, "მის მიმართ გააქტიურდა ბინძური პოლიტიკური კამპანია". მისივე შეფასებით, მთავარი პროკურატურის მიერ რეზონანსულ საქმეებზე გააქტიურებულმა გამოძიებამ, ოპონენტები გაანაწყენა.

"ისინი შეუდგნენ ბინძური ხრიკებით უწყების და პირადად ჩემს კომპრომეტირებას. გულწრფელად გეტყვით, რომ პასუხის გაცემა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რადგან მათი მოტივი და ინტერესი უკვე ნათელია და ამის შესახებ ცნობილია საზოგადოებისთვისაც. მე თავს ვალდებულად ვთვლი, აღნიშნულ საკითხზე განცხადება მხოლოდ იმიტომ გავაკეთო, რომ დავაკმაყოფილო საზოგადოების მაღალი ინტერესი, რომელიც შეცდომაში შეიყვანეს. 2000 წელს ნამდვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან. სამართალდამცველს, რომელსაც მოგვიანებით დადგინდა რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულეობა. მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტს ჩემი ქვეყნიდან დეპორტი და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მას შემდეგ საქმიანი და პირადი ვიზიტით არაერთხელ ვიმყოფებოდი გერმანიაში და ქვეყანაში შესვლისა და მისი დატოვების დროს არანაირი სახის პრობლემა არ შემქმნია", - აცხადებს ფარცხალაძე და განმარტებას თავის განათლებასთან დაკავშირებითაც აკეთებს. მთავარი პროკურორი დიპლომის ასლს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს ღია ჰუმანიტარულ ინსტიტუტში სწავლა დაიწყო 1991 წელს, ხოლო 1995 წელს მიენიჭა სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. აღსანიშნავია, რომ მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებული ბიოგრაფიის თანახმად, ფარცხალაძე 1976 წელს არის დაბადებული.

"ასევე, მინდა ვთხოვო ჩემს თანამოქალაქეებს ნუ აჰყვებიან საქართველოს პროკურატურის ინსტიტუციის წინააღმდეგ წარმოებულ ბინძურ კამპანიას. მე თავი ვალდებულად ჩავთვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის ამეხსნა საქმის ვითარება და განმემარტა, თუ რა მოხდა გერმანიაში 2000 წელს. ეს განმარტება ეკუთვნის საზოგადოებას და არა იმ პირებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით ცდილობენ ჩემი და მთავარი პროკურატურის დისკრედიტაციას", - აღნიშნავს ფარცხალაძე.

გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, თბილისის მერმა გიგი უგულავამ სპეციალური განცხადება გააკეთა. უგულავას თქმით, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 2001 წელს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით გასამართლდა და სასჯელის ერთ-ერთ ფორმად გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

"საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, დაბადებული 1976 წლის 18 ივნისს, 2001 წლის 16 იანვარს გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით: ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი, პატიმრობა ერთი წელი და სამი თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მისამართი: კარმელიტე გასე 12. დამატებითი სასჯელის სახით, ფარცხალაძეს განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2001 წლის 14 მარტს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

აღსანიშნავია, რომ სტუდია მონიტორი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმებას 2013 წლის ოქტომბრიდან ცდილობს.

"15 ნოემბერს აუგსბურგის სასამართლოდან მიღებული წერილის subject-ის ნაწილში წერია "ოთარ ფარცხალაძე - ძარცვა ძალადობის გამოყენებით", თუმცა ამავე წერილში, პროკურატურა საქმის დეტალების გასაცნობად მეტ დასაბუთებას ითხოვს. ჩვენი მეორე წერილის შემდეგ (სადაც დასაბუთება ვცადეთ), პროკურატურის პრესსპიკერმა მოგვწერა, რომ პირადი ინფორმაციის შემცველ ცნობებს არ გასცემდნენ. ჩვენ გერმანიაში ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმებას დღემდე ვცდილობთ", - ნათქვამია სტუდია მონიტორის განცხადებაში. 

კომენტარები