ნაციონალური მოძრაობის წევრის გოკა გაბაშვილის თქმით, "ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ნასამართლევ ადამიანს მთავარი პროკურორობის უფლება არ აქვს". მან ასევე აღნიშნა, რომ ოთარ ფარცხალაძე თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
"ერთადერთი გამოსავალია ის, რომ ოთარ ფარცხალაძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს. დანარჩენ შემთხვევაში, არანაირი გამართლება არ ექნება იმას, რომ კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი არის ის, ვინც უნდა მართლმსაჯულებდეს ქვეყანაში", - თქვა გაბაშვილმა.
ფარცხალაძის ნასამართლეობის შესაძლო გაქარწყლებასთან დაკავშირებით გაბაშვილი ამბობს, რომ "გენერალური პროკურორისთვის გაქარწყლებული და გაუქარწყლებელი ყაჩაღობა არ არსებობს".
"სახელმწიფოს შეუძლია ამ საქმის მასალები გამოითხოვოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, საქმის შესახებ ყველა დეტალი გვაქვს", - აღნიშნა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ყაჩაღური ქურდობისთვის ოთარ ფარცხალაძის ნასამართლეობის თაობაზე გუშინ განაცხადება გიგი უგულავამ გააკეთა. უგულავას ინფორმაციით, მთავარი პროკურორი 2001 წელს, აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გასამართლებულია გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისათვის.





