საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მზის და ქარის ელექტროსადგურების განვითარებას იწყებს. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, პირველ ეტაპზე ქარისა და მზის ელექტროსადგურების მიზანშეწონილობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა მოხდება, რის შემდეგაც ელექტროსადგურების მშენებლობის კონკრეტული ადგილები დადგინდება.
ენერგეტიკის სამინისტრომ უკვე გააფორმა მემორანდუმი ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც სამინისტროს მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 მეგავატის ქარის და მზის პოტენციური ელექტროსადგურების კვლევა-განვითარებაში დაეხმარება. ამისთვის ახალი კომპანია უნდა დაფუძნდეს. ერთობლივი კომპანიის 85%-ის მფლობელი ამერიკული კომპანია Aeolus Apollo Altus Energy-ი, 15%-ის მფლობელი კი - ენერგეტიკის სამინისტროს შვილობილი კომპანია - საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი იქნება.





