ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ რეგიონებს მიწოდება სავარაუდოდ დღის ბოლომდე აღუდგებათ. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე მეტი გათიშვა აჭარის რეგიონში იყო. როგორც კალაძემ განმარტა, სამივე ძირითადი ხაზი, რომლითაც ბათუმს ელექტროენერგია მიეწოდება, გაწყვეტილია. "ფაქტიურად ბათუმში არცერთ აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა", - აღნიშნა კახა კალაძემ.
როგორც კალაძემ თქვა, ელექტროენერგიის პრობლემები იყო სამეგრელოსა და იმერეთშიც. აჭარისგან განსხვავებით, ამ რეგიონებში ძირითადად დაბალი ძაბვის ხაზები დაზიანდა. "არის ისეთი ადგილებიც, სადაც უგზოობის და დიდთოვლობის გამო, მისვლა ვერ ხერხდება", - აღნიშნა კალაძემ.





