კინო

კინოს ნაწილაკები კომაში

არსებობს მოსაზრება, რომ კინო კრიზისშია. იდეების საშინელ ნაკლებობას განიცდის. ახალი ძალიან ცოტა რამ ხდება და ყოველ წელს, სულ უფრო მეტი "ძველი" ფილმი გამოდის. ამ მოსაზრებას ამყარებს ბერლინისა და ვენეციის მომაკვდავი კინოფესტივალები, კანის წლევანდელი სუსტი ნამუშევრები, ოსკარის დაჯილდოება, რომელიც წლიდან წლამდე დეგრადირებს.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ახალი, დამწყები რეჟისორების ნამუშევრები შედის. კინომოყვარულს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ აქ კინოშედევრს ან თუნდაც წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმს ნახავს. მთავარია, საკონკურსო პროგრამაში მონაწილე ნამუშევრებში რეჟისორის პოტენციალი, მისი ხედვა, კინოსადმი სიყვარული, პრობლემისადმი მიდგომა და ინტელექტუალური შესაძლებლობები გამოჩნდეს. მე-14 კინოფესტივალი სამი დღეა, დაიწყო და 4 საკონკურსო ნამუშევარი გამოვიდა. სამი ვნახე და მათი შეფასებისას ყველაზე კარგი რაც თავში მომდის, არის სიტყვები - სუსტი ფილმი.

საკონკურსო პროგრამაში საქართველოს ღირსებას არჩილ ქავთარაძის "კომა" წარმოადგენს. ფილმი, რაზე მუშაობაც ციხის კადრების გავრცელებამდე დაიწყო და რეჟისორის თქმით, მის პირად გამოცდილებას ეფუძნება. "კომა" ციხეში და საავადმყოფოებში არსებულ პრობლემებს ეხება, რომლებიც ქართველი მაყურებლისთვის ასეთი მტკივნეულია. თემა კარგია, სცენარიც თავიდან საინტერესო. თუმცა, ფილმი არაა კარგად გაკეთებული. მსახიობების ცუდი პერფორმანსები, კონტექსტიდან ამოვარდნილი ანიმაციური ჩართვები და სუსტი რეჟისურა, ფილმს, რომელიც ძალიან რეალური და სულისშემძვრელი უნდა ყოფილიყო, ერთ დიდ ძალადობრივ აქტად აქცევს, რომელსაც ხშირად ხელოვნურობის ელფერი გასდევს.

თურქული ნამუშევარი "ნაწილაკი" სტამბოლოს გარეუბანში მცხოვრები გაჭირვებული ქალისა და მისი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. ისევე, როგორც "კომას" შემთხვევაში, აქაც რეჟისორი ერდემ ტეპეგიოზი ცდილობს კონკრეტული პრობლემის მაყურებლამდე მიტანას, მაგრამ ამას მეტისმეტად არარეალურად აკეთებს. იმის ნაცვლად, რომ ერთ კონკრეტულ ხაზსა და პრობლემას გაჰყვეს, რეჟისორი უამრავ საკითხს ეხება და იხლართება ისე, რომ ფინალში გაგიჭირდებათ, გაიგოთ, კონკრეტულად რა მოხდა, ან რატომ იღებდა მთავარი პერსონაჟი ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.

იტალიელი რეჟისორის ანდრეა პალაოროლოს ფილმს "მედეა" ყველაზე მეტად ველოდი და ყველაზე სუსტი ნამუშევარი აღმოჩნდა. იტალიურ-ამერიკული პროექტი მხატვრულ ფილმზე მეტად Power Point-ში გაკეთებულ Slide Show-ს ჰგავდა. "მედეა" ერთი ოჯახის ისტორიაა. ცოლი, რომელიც მეუღლეს ღალატობს; მორწმუნე და მკაცრი მამა; ხუთი შვილი სხვადასხვა პრობლემითა და სურვილით. ცოტა უცნაურია, როდესაც ახალგაზრდა რეჟისორი, რომელიც წესით ახალი იდეებით უნდა იყოს სავსე, ვისაც აქტუალური პრობლემები უნდა აწუხებდეს,  იღებს მითიური მედეას თანამედროვე ინტერპრეტაციას. არაფერ ახალს არ ამბობს, არც ინოვაციურ ან განსხვავებულ რეჟისორულ ხრიკებს იყენებს, რომ გაცვეთილი ამბავი საინტერესოდ აქციოს. ფილმი იწყება და შუაწელში უკვე ნათელია, როგორ დასრულდება. პალაოროლო ცდილობს, პერსონაჟები გაგვაცნოს, ბავშვების ისტორია მოგვიყვეს, მაგრამ ოსტატობა არ ყოფნის, ეს მცირე ისტორიები საინტერესოდ აქციოს.

პრობლემების განზოგადება არცერთ საკონკურსო ნამუშევარში არ ხდება. ნამუშევრების მთავარი სისუსტე ისაა, რომ კინოთეატრიდან გამოსული ადამიანი არა მოცემულ საკითხზე მსჯელობასა და ფიქრს ცდილობს, არამედ უხარია, რომ გაწელილი, დუნე, ფილმი დასრულდა. ყველა ამბავი თითქოს ერთ ოთახში ხდება, რომელიც დეკორაციაა და გარეთ სრულიად სხვა სამყაროა. იტალიელი და თურქი რეჟისორები არტ-ჰაუს კინოსთვის კლიშედ ქცეული გრძელი, ერთი აღებით გადაღებული კადრებითა და ცოტა საუბრით ქრონომეტრაჟის შევსებას ცდილობენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ დამწყები რეჟისორები თანამედროვე კინოს არ უყურებენ. არ აქვთ ნანახი მუნჯიუს, ფარჰადის, ვინტერბერგის ნამუშევრები, სადაც ეკრანზე ყოველ წამს რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, ყველა კადრს თავისი დანიშნულება აქვს. პეიზაჟების გადაღებასა და მარტოდ მოხეტიალე მთავარი გმირის სიარულის დაუსრულებლად ჩვენება, წარმატებული ფილმის შექმნის გარანტი არ არის.

კომენტარები