საქართველოს პარლამენტში უკვე შესულია კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ხელფასის 9 000 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტაბულას განუცხადეს, რომ კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობაა.
ტაბულა შეეცადა დაკავშირებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს, თუმცა, ის საზღვარგარეთ იმყოფება და საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება. ამ ეტაპზე უმრავლესობის სხვა წევრებთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
პრეზიდენტის ანაზღაურებას არეგულირებს საქართველოს კანონი საქართველოს პრეზიდენტის შრომის ანაზღაურების შესახებ. არსებული კანონმდებლობით, პრეზიდენტის ამჟამინდელი ხელფასი 4 720 ლარია. მიხეილ სააკაშვილი ბოლო წლებში სწორედ ამ ოდენობის ხელფასს იღებდა.
პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, 2013 წლის გაზაფხულზე მინისტრებს ხელფასის, 3 500 ლარის გარდა, დაენიშნათ სახელფასო დანამატი 4 335 ლარის ოდენობით. ჯამში, ისინი ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის თვეში 7 835 ლარს იღებენ.






