საპორტესტო აქციები კიევში

კიევში სამთავრობო შენობების ბლოკირება დილიდანვე დაიწყო

აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობებთან მისასვლელელბი გადაკეტეს. 2.12.2013
hromadske.tv

კიევში გასულმა ღამემ მშვიდად, მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა, ოპოზიციის ლიდერთა მოწოდების შემდეგ, რამდენიმე ათასმა აქტივისტმა გამთენიისას სამთავრობო შენობების ბლოკირება დაიწყო.

უკვე ბლოკირებულია მინისტრთა კაბინეტისა და უკრაინის ეროვნული ბანკის შენობები. გარდა ამისა, აქტივისტებმა ღამე გაათიეს კიევის მერიისა და უკრაინის სავაჭრო კავშირის შენობებში, რომლებიც 1 დეკემბერს დაიკავეს.

უკრაინის პოლიციამ დღეს, 2 დეკემბერს, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრილებს რამდენიმე საათი მისცა შენობების დასაცლელად.

სააგენტო Interfax-Ukraine-ს ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობა კიევის ქუჩებში, კონკრეტულად, ცენტრალურ მოედანზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მინისტრთა კაბინეტთან ყოველ წუთს იზრდება. ოპოზიციის ლიდერები აქტივისტებს მოუწოდებენ, ნუ აყვებიან პროვოკატორებს, რათა აქცია იყოს მშვიდობიანი.

უკრაინული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 1 დეკემბერს სპეცრაზმთან შეტაკების შემდეგ სამედიცინო დახმარება 165 ადამიანს დასჭირდა, 109 კი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. არ დასტურდება ინფორმაცია ერთ-ერთი ნაცემი აქტვისტის გარდაცვალების შესახებ.

უკრაინაში უკვე რამდენიმე დღეა აქციები მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით იმართება. საპროტესტო ტალღის აგორების მიზეზი უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა გახდა.

კომენტარები