ანგოლაგეიტი

ივანიშვილის ყოფილი პარტნიორი შვეიცარიაში დააკავეს

fr.wikipedia.org

რუსული წარმომავლობის ისრაელელი ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი არკადი გაიდამაკი შვეიცარიელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო РИА Новости ისრაელის მედიაზე დაყრდნობით იუწყება. ბიზნესმენი შვეიცარიაში არბიტრაჟში მიმდინარე დავის განხილვაში მონაწილეობის მიზნით ჩავიდა. მის მიართ ბრალდების შინაარსი ჯერჯერობით არ ხმაურდება.

გაიდამაკის წინააღმდეგ გამოძიება საფრანგეთში ე.წ. ანგოლაგეიტის საქმესთან დაკავშირებთ მიმდინარეობდა, რომელიც 2000 წელს აღიძრა და ანგოლისთვის საერთაშორისო ემბარგოს გვერდის ავლით, 790 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღების მოწოდებას ეხებოდა. გაიდამაკთან ერთად ამ საქმეში ფრანგი ბიზნესმენი პიერ ფალკონე, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის ვაჟი ჟან-კრისტოფ მიტერანი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი შარლ პასკუა და სხვა მაღალჩინოსნებიც ფიგურირებდნენ, რომლებსაც გამოძიებამ კორუფციის ბრალდება წაუყენა. არკადი გაიდამაკი მაშინ გამოძიებას ჯერ ისრაელში, შემდეგ კი რუსეთში გაექცა. განაჩენი ამ საქმეზე 2009 წელს გამოცხადდა. გაიდამაკს დაუსწრებლად 6 წელი მიესაჯა.

2000 წელს არკადი გაიდამაკმა ცოტა ხნით ბიძინა ივანიშვილის ბანკის - როსიისკი კრედიტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. მოგვიანებით ივანიშვილმა განაცხადა, რომ გაიდამაკის დანიშვნის მომენტში არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ იგი იარაღის კონტრაბანდაში იყო ეჭვმიტანილი.

2012 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის შეკითხვაზე "ანგოლაგეიტის" საქმის შესახებ, ქართული ოცნების ლიდერმა განაცხადა, რომ "ამ კომპანიის შესახებ" არაფერი სმენია.

გარდა ამისა, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიხედვით, გაიდამაკი და ფალკონე ასევე რუსეთის წინაშე ანგოლის ვალების ჩამოწერის კორუფციულ სქემაში მონაწილეობდნენ. მათთან ერთად ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილის ყოფილი უახლოესი ბიზნესპარტნიორი და მეგობარი ვიტალი მალკინიც ფიგურირებს.

კომენტარები