შს სამინისტროს ინიციატივა

მართვის მოწმობებზე მოქალაქეებს სისხლის ჯგუფისა და რეზუსის აღნიშვნა შეეძლებათ

RFE/RL

დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, მართვის მოწმობებზე მოქალაქეების სურვილის მიხედვით, სისხლის ჯგუფისა და რეზუსის დატანას იწყებს. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე, დღეს, სისხლის ბანკის თანადგომით, სისხლის კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა. 

როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სისხლის ბანკის და სამედიცინო დირექტორმა თამთა დემურაშვილმა განაცხადა, ბავშვების სიცოცხლის და არა მარტო ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად ძალიან მნიშვნელოვანია შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინიციატივა. 

"ეს ყველაფერი მომსახურების სააგენტოს ინიციატივით მოხდა. დღეიდან მართვის მოწმობაში დატანილი იქნება სისხლის ჯგუფი და რეზუსი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ავტოკატასტროფის შემთხვევაში მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია თავისი სისხლის რეზუსის და ჯგუფის შესახებ. ხშირ შემთხვევაში, ამის დადგენაზე დრო იკარგება და ხშირად შემთხვევა ფატალური შედეგით მთავრდება. უმნიშვნელოვანესია ის, რომ ადამიანები, რომლებიც განახორციელებენ უანგარო დონაციას, მიიღებენ მონაწილეობას აქციაში - "გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიციოცხლე", რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ეს სისხლი მოხმარდება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარეც, რომ ზოგჯერ სისხლი დაავადებული ბავშვებისათვის მედიკამენტებზე უფრო მნიშვნელოვანია", - განაცხადა თამთა დემურიშვილმა. 

მართვის მოწმობაში მფლობელის სისხლის ჯგუფის ასახვა ნებაყოფლობითია.

კომენტარები