26 მაისის მოვლენები

ღარიბაშვილი: 26 მაისს ლექსო ასრულებდა მოვალეობას, თუმცა, დამარბეველი არ ყოფილა

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ 2011 წლის 26 მაისს შს მინისტრობის კანდიდატი ალექსანდრე ჭიკაიძე რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა , თუმცა, ის "დამარბეველი არ ყოფილა". აღნიშნული მან საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე, ნაციონალური მოძრაობის წევრის, დავით საყვარელიძის შეკითხვას უპასუხა. საყვარელიძე დაინტერესდა, როგორ აფასებდა მომავალი პრემიერმინისტრი იმას, რომ 26 მაისის აქციის "ლეგიტიმური დარბევის" პროცესის დროს, რის გამოც ვანო მერაბიშვილს ბრალი აქვს წარდგენილი, ალექსანდრე ჭიკაიძე, როგორც პოლიციის თანამშრომელი, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა.

"ლექსო მაშინ მუშაობდა სამინისტროში. ის 26 მაისს ასრულებდა თავის მოვალეობას - ეს ლექსოსაც არ დაუმალავს, თუმცა ის არ იყო დამარბეველი. ასე რომ, ვერ გავიგე თქვენი კითხვის არსი, ლექსოს მიმართ რა კითხვა არსებობს, არ მესმის. ჩვენ ვისაც ბრალი წარვუდგინეთ, ესაა ვანო მერაბიშვილი. გამოძიებას კითხვები აქვს არა დარბევაში მონაწილე პოლიციელების მიმართ, არამედ ბრძანების გამცემთა მიმართ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები