Forbes Media იყიდება. ფორბსის აღმასრულებელი დირექტორის მაიკ პერლისის განცხადებით, კომპანიას დაინტერესებულმა ინვესტორებმა რამდენჯერმე მიმართეს, რის შემდეგაც, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, ფორბსი გაყიდოს.
ბოლო დროს ჟურნალ ფორბსს სარეკლამო შემოსავლები მოაკლდა: ჟურნალში შარშან მესამე კვარტალში სარეკლამო გვერდების რაოდენობა 1%-ით შემცირდა, ხოლო რეკლამიდან შემოსავლები მხოლოდ 3%-ით გაიზარდა. ამის შემდეგ, ფორბსმა მეტი ინვესტიცია ჩადო Forbes.com-ის განვითარებაში. ერთი კვირის წინ, მაიკ პერლისი New York Times-ის გვერდებიდან იტყობინებოდა, რომ 2010-2013 წლებში Forbes.com-იდან მიღებული სარეკლამო შემოსავლები 35%-ით გაიზრდება. მისივე თქმით, მედიაკომპანია ცდილობს შემოსავლების წყაროების სხვა მხრივ დივერსიფიცირებასაც იმისთვის, რომ მთლიანად სარეკლამო შემოსავლებზე არ იყოს დამოკიდებული.
Bloomberg-ის შეფასებით, მედიაკომპანია 400 მილიონ დოლარად გაიყიდება.





