Mount Whitney საქართველოში

ბოკერია: გემის შემოსვლა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზავნილია

გიგა ბოკერია
tabula.ge

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული ხომალდის Mount Whitney-ს შემოსვლას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, ასევე ეს ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზავნილია. ბოკერია დღეს ამერიკული ხომალდის მიღებას ესწრებოდა.

"ამ გემის შემოსვლას საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს იმ ერთობლივ წვრთნებს, რომელიც ჩატარდა, მაგრამ ამაზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გზავნილს, რაც ამ გემს თან ახლდა. ეს არის გზავნილი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გარღმავებისა, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში", - თქვა ბოკერიამ.

უშიშროების საბჭოს მდივანმა ასევე ისაუბრა 2008 წლის ომის დროს საქართველოში ამერიკული ხომალდის შემოსვლის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ამით საქართველომ სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი შეინარჩუნა.

"ამ გემს აქვს ისტორიული მნიშვნელობა, ის შემოვიდა საქართველოში 2008 წლის ომის დღეების შემდეგ. მის შემოსვლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ჯარისკაცების თავდადებასთან ერთად იმ საქმეში, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ სახელმწიფოებრიობა, ასევე, იმ საქმეში, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას სუვერენულ ქვეყნაში. დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენმა სტრატეგიულმა მეგობრებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ. ამ გემის შემოსვლა იყო ნაწილი იმ პოლიტიკური გზავნილისა, რაც დაგვეხმარა შეჩერებასა და შეფერხებაში აგრესორის სვლისა დედაქალაქისკენ", - აღნიშნა ბოკერიამ.

ამერიკულ ხომლად Mount Whitney-ზე მიღება ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და ხომალდის კაპიტანმა ქრეიგ კლეპერტონმა გამართეს. მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

კომენტარები