ეკონომიკური ზრდა

კვირიკაშვილი: ჩვენ ასეთ მოკლე პერიოდში, ფაქტიურად შეუძლებელი გავაკეთეთ

ბიუჯეტში გარღვევა რამდენია, ეს არ არის მთავარი. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გადაცემაში - პოლიტიკის დრო - ისაუბრა. მისივე თქმით, ბიუჯეტის დანაკლისის საკითხმა "ზედმეტად მაღლა აიწია". 

"იმის გამო, რომ ეკონომიკა 6%-ით არ გაიზარდა და გაიზრდება 2-2.5%-ით, რა თქმა უნდა, შესაბამის ნაწილში შემოსავლები იმდენი ვერ იქნება, რამდენიც უნდა ყოფილიყო 6%-ის შემთხვევაში, თუმცა ეს არ არის ტრაგედია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, ბიუჯეტის დანაკლისის ასანაზღაურებლად მთავრობას ვალის აღება არ მოუწევს. "ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დროში გადავადდა, ამიტომ ეს ხარჯები სოციალური ვალდებულებების გასასტუმრებლად მიიმართება", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მინისტრის თქმით, აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ სოციალური ვალდებულებების გასტუმრებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა გაჩერდეს, სწორი არ არის. "ეს აქცენტი ნაციონალური მოძრაობის აქცენტია და მართული აქცენტია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობისგან შენიშვნების მიღება მისთვის ძალიან ძნელია, რადგან ეს ადამიანები და პირადად, მიხეილ სააკაშვილი მთელი წელი ქვეყნის უარყოფით კამპანიას ეწეოდა, ხოლო გასული 9 წლის განმავლობაში ქვეყანა იყო მონოპოლიზებული და ეკონომიკაც ამის ხარჯზე იზრდებოდა. "მონოპოლიზებული ეკონომიკა მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე კონკურენტული გარემო. ის ცხრაწლიანი პერიოდი, რომელიც შეინარჩუნეს, ის ეკონომიკა, რომელიც იყო რეალურად ქვეყანაში, ის არ იყო შენარჩუნებადი უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ქვეყანას ჰქონდა ეკონომიკა, სადაც კერძო ინიციატივა "აბსოლუტურად მკვდარი იყო".

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობამ მოკლე პერიოდში შეუძლებელი შეძლო და ეკონომიკაში 2%-იანი ზრდა შეინარჩუნა. "ეს პროცესი შეიძლება გაცილებით მტკივნეული ყოფილიყო და ქვეყანას ეკონომიკაში ვარდნა მიეღო. ის, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკაში ვარდნა, ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ შარშან მშპ დოლარებში გამოსახული იყო 15 800 000 000 დოლარი, წელს 2%-იანი ზრდის შემთხვევაში იქნება 16 200 000 000 დოლარი და მემგონი, 16 მილიარდი 15 მილიარდზე მეტია", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი მომავალი ორი თვის განმავლობაში ინვესტორებისგან "ძალიან დიდ" აქტივობას ელოდება, ამიტომ კონკრეტულად არ ასახელებს რამხელა იქნება ბიუჯეტის დანაკლისი. გიორგი კვირიკაშვილის ვარაუდით, მომავალ წელს ეკონომიკა სულ მცირე 5%-ით გაიზრდება. 

კომენტარები