დავით ჩაგინავა

წამებაში ბრალდებული დავით ჩაგინავას საქართველოში ექსტრადირება მოხდა

Police.ge

წამების საქმეში ბრალდებულის დავით ჩაგინავას ავსტრიიდან საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, 1978 წელს დაბადებული დავით ჩაგინავა თბილისის, ანკარისა და ვენის ინტერპოლების თანამშრომლობის შედეგად 30 სექტემბერს ავსტრიის რესპუბლიკაში დააკავეს. მას დაპატიმრებისა და ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლი 2013 წლის 10 სექტემბრიდან ეძებდა. ჩაგინავას ბრალად ედება საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 1441 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და წამებას.

გამოძიების ვერსიით, მეგის ქარდავამ შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისადმი დაქვემდებარებული, შსს-ს თანამშრომლებისა და სხვა პირებისგან შექმნა სტრუქტურული ფორმის მქონე, მყარად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანი იყო სხვადასხვა დანაშაულის ჩადენა. 

"დავით ჩაგინავა წარმოადგენდა ამ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს. მეგის ქარდავას უშუალო დავალებით ჯგუფის წევრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით, ტყის მასივებში, კონკრეტულ პირთა წამების, დაშინების და სხვა უკანონო ქმედებების ჩასადენად მოწყობილი ჰქონდათ ე.წ. მიწურები და ხის სადგომები. 2011 წლის განმავლობაში, აღნიშნული ადგილების გამოყენებით, დავით ჩაგინავა სხვადასხვა დროს, თანამზრახველებთან ერთად, მეგის ქარდავას დავალებით, უშუალოდ მონაწილეობდა ორი პიროვნების გატაცებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ცემაში, წამებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და გაუპატიურებაში. ზემოხსენებულ ქმედებებს ჯგუფის წევრები ახორციელებდნენ, რათა უდანაშაულო პირებისგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები", - აცხადებს შსს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 2013 წლის 31 ივლისის განჩინებით, დავით ჩაგინავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

დავით ჩაგინავა უკვე გადაიყვანეს რუსთავის მე-9 საპყრობილეში.

კომენტარები