ქართველი ძალოსნები დოპინგსკანდალში

ქართველ ძალოსნებს საერთაშორისო ტურნირებიდან ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯათ

20-დან 27 ოქტომბრამდე პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, არცერთ ქართველ სპორტსმენს მონაწილეობა არ მიუღია.

როგორც ირკვევა, ამის მიზეზი დოპინგსკანდალია, რომელშიც ქართველი ძალოსნები გაეხვნენ.

ინფორმაცია ამის შესახებ პოლონურმა ვებგვერდმა პოლსკა შტანგამ გაავრცელა. საიტის ცნობით, სისხლში არსებული აკრძალული ნივთიერების გამო, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა ტუნისელმა და ქართველმა სპორტსმენებმა არ მიიღეს.

ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელის პავლე კასრაძის ცნობით, ამ ეტაპზე საუბარია ორ ქართველ სპორტსმენზე - რაულ ცირეკიძესა და დავით გოგიაზე. ძალოსნებმა დოპინგკონტროლი აპრილში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვერ გაიარეს.

სავარაუდოდ, სპორტსმენებს შეჯიბრებებში მონაწილეობა 2 წლით აეკრძალებათ, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას კი ფინანსური სანქციები დაეკისრება. ასევე არ არის გამორიცხული, დისკვალიფიცირებული ძალოსნების რიცხვი კიდევ გაზიარდოს.

კომენტარები