არჩევნები 2013

დავითაშვილი: თუ 3%-ს ვერ მივიღებ, ეს არ იქნება ნდობის მანდატი და წავალ სახლში

პრეზიდენტობის კანდიდატის კობა დავითაშვილის თქმით, საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ხალხის არჩევანს ანდობს. 

"სიმართლე გითხრათ, ცოტა მეშინია, რადგან ჩემს ბედს წყვეტენ ჩემს გარეშე. თუ სამ პროცენტს მივიღებ, ეს იქნება ნდობის მანდატი, რომ ხალხის პარტია და კობა დავითაშვილი დარჩეს პოლიტიკაში, თუ არ მივიღებ, ეს არ იქნება ნდობის მანდატი და აქედან გამომდინარე, წავალ სახლში, ბავშვებთან" - ამბობს დავითაშვილი.

საქართველოს მოსახლეობა დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 741 საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებს 65 საერთაშორისო და 60 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის 6.8 %-ია. ცესკო-ს სპიკერის ეკა აზარაშვილის თქმით, არჩევნებში მონაწილეობა ამ დროისთვის, 240 732-მა ამომრჩეველმა მიიღო. აზარაშვილი აღნიშნავს, რომ ოლქების მიხედვით ყველაზე მეტი - 63 360 ამომრჩეველი თბილისში მივიდა. ცესკოს სპიკერის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის ინფორმაციით კი, არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ამ ეტაპზე 10 საჩივარი აქვთ დაწერილი. მისივე განმარტებით, საიას დამკვირვებლებმა ჩანაწერის წიგნში დამატებით კიდევ 13 შენიშვნა დააფიქსირეს.

კომენტარები