საპატრულო პოლიციის ჯარიმები

შსს საგზაო წესების დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმების საკითხს განიხილავს

Police.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, განიხილოს საგზაო წესების დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმების ოდენობის საკითხი და ინიციატივები მთავრობასა და პარლამენტს წარუდგინოს. უწყების განმარტებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგზაო ნიშნების შემოღებამ და გზების მონაკვეთებში მაქსიმალური სიჩქარის განსაზღვრამ უზრუნველყო ის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა 60%-ით შემცირდა.

"შეგახსენებთ, რომ შსს-ს მიერ უკვე ინიცირებულია პარლამენტში "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის ერთ-ერთი პუნქტია ჯარიმის განახევრება 100-დან 50 ლარამდე უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის შემთხვევაში. აღნიშნულ ინიციატივაში, რაც წარდგენილია პარლამენტში, უარი ითქვა ნასვამ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამო დაჯარიმებაზე და ფულადი ჯარიმის ნაცვლად შემოდის მართვის უფლების შეჩერების ინსტიტუტი. როგორც ეს, ასევე სხვა ცვლილებებიც დაკავშირებულია არა ფისკალურ ეფექტთან და ბიუჯეტში თანხების მობილიზებასთან, არამედ თითოეული ადამიანის, მათ შორის სამართალდამრღვევის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვასთან. ასევე გვსურს მოგახსენოთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგზაო ნიშნების შემოღებამ და ასევე გზების მონაკვეთებში მაქსიმალური სიჩქარის განსაზღვრამ უზრუნველყო ის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა 60%-ით შემცირდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებულ 100-ლარიან ჯარიმასთან დაკავშირებით, საჯარო განცხადების გაკეთება და გადაწყვეტილების არგუმენტირება მოსთხოვა.

"ვთხოვ ღარიბაშვილს, ტელევიზიით მოვიდეს და გააკეთოს განმარტებები. მახსოვს, მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე ბევრი პოლემიკა გვქონდა, კარგი იქნება თუ დისკუსია გაიმართება საზოგადოებაშიც. მე მოვითხოვ პოლემიკას და არგუმენტებს. ძალიან ბევრი მძღოლი გაჭირვებულია. კარგია, რომ იცოდეს მოსახლეობამ, რატომ კეთდება ეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში.

სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობა პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილსაც აწუხებს.

"სიჩქარის გადაჭარბებისთვის 800 ლარი მომივიდა ჯარიმა", - თქვა მარგველაშვილმა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ 2013 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებულ ჯარიმათა რაოდენობა 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 9 971 876 ლარით (47,2%-ით), ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 12 830 187 ლარით (70%-ით).

კომენტარები