საპატრულო პოლიციის ჯარიმები

მარგველაშვილი: სიჩქარის გადაჭარბებისთვის 800 ლარი მომივიდა ჯარიმა

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

ტელეკომპანია კავკასიის წამყვანმა დავით აქუბარდიამ თავის გადაცემაში პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა იმ ჯარიმების გამო, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებისთვის აკისრებს.

აქუბარდიამ ივანიშვილს შეახსენა მისი და მისი გუნდის დაპირება ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით.

"ღარიბაშვილმა დამისაბუთა, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, ჯარიმების შემცირება გამოიწვევს მეტ ავარიებს", - უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტს.

ქართული ოცნების პრეზიდნეტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა კი განაცხადა, რომ სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობა მასაც აწუხებს.

"სიჩქარის გადაჭარბებისთვის 800 ლარი მომივიდა ჯარიმა, ამ საქმეში თქვენს მხარეს ვარ დავით", - მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატმა ტელეწამყვანს.

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის თქმით, საპატრულო პოლიციის ჯარიმებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე დისკუსია იყო და ეს დისკუსია საჯაროდაც უნდა გაიმართოს. მან ღარიბაშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ 2013 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებულ ჯარიმათა რაოდენობა 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 9 971 876 ლარით (47,2%-ით), ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 12 830 187 ლარით (70%-ით).

კომენტარები