NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში გერმანიის წინადადება განიხილეს, რომელიც ე.წ. გონიერი თავდაცვისთვის ალიანსის რესურსების გაერთიანებას ემსახურება. წევრი ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტების შემცირების გამო ალიანსი ხარჯების მოკავშირეებს შორის განაწილებას ცდილობს. გერმანიის წინადადებით, ალიანსის წევრი ქვეყნები ჯგუფებში, კლასტერებში უნდა გაერთიანდნენ. თითოეულ კლასტერს NATO-ს მსხვილი ქვეყანა უხელმძღვანელებს. ე.წ. ჩარჩო ერების კონცეფცია ალიანსს რესურსების ეკონომიის საშუალებას მისცემს.
იდეას მხარს უჭერს NATO-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, თუმცა არიან მოწინააღმდეგეებიც. საფრანგეთმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ამას შესაძლოა ქვეყნების სუვერენიტეტის შეზღუდვა და ალიანსის შიგნით ზედმეტად ვიწრო სპეციალიზაცია მოჰყვეს. ზოგიერთი დიპლომატი ასევე შიშობს, რომ კლასტერული სისტემის პირობებში ალიანსის ოპერაციების განხორციელება უფრო რთული გახდება, რადგან კლასტერის წევრი ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს მისი დაბლოკვა შეეძლება.
ალიანსის წევრებმა ასევე განიხილეს 2014 წლის შემდეგ ავღანეთში სტაბილურობის შენარჩუნების საკითხი. რასმუსენმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებულ შტატებსა და ავღანეთს შორის შეთანხმების გაფორმებას ამ ქვეყანაში ამერიკის სამხედრო მისიის ყოფნის შესახებ, პრობლემები არ შეექმნება.





