სახელმწიფო ბიუჯეტი

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების ფასი

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც განსახილველად პარლამენტს წარედგინა, ასახავს სამ პრიორიტეტულ მიმართულებას: ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში დაგეგმილია 7,379 მლრდ ლარის მობილიზება, ხოლო ხარჯები 7,482 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში შიდა და საგარეო ვალდებულებები, ჯამში, 1 მილიარდი 332 მილიონი ლარით იზრდება.

2014 წლის ბოლოს საგარეო ვალი 9 977,1 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო შიდა ვალი – 2 384 2 მილიარდი ლარი. საგადასახადო შემოსავლების სახით 6.95 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი, რაც 30 მლნ ლარით აღემატება 2013 წელს დაგეგმილ პარამეტრს. სახელმწიფო 400 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდების – სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. 732 მილიონი ლარის სესხად აღება კი სხვა წყარობიდან მოხდება. შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის სამინისტროს ბიუჯეტი 355 მლნ ლარით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 91 მლნ ლარით, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 49 მლნ ლარით იზრდება. 38 მლნ ლარით მცირდება ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის 250 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც თითქმის 200 მლნ ლარით ნაკლებია წლევანდელ დაფინანსებაზე.

2014 წლის ბიუჯეტში დეფიციტი 1 პროცენტით არის გაზრდილი. ამ დეფიციტის დაბალანსების გზა არის ან პრივატიზაციიდან მიღებული ფული ან შიდა და საგარეო ვალი. ამ შემთხვევაში შიდა და საგარეო ვალზეა აქცენტი გაკეთებული და ბიუჯეტში დეფიციტი ამის ხარჯზე იზრდება. დაგეგმილია, რომ 2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5% იქნება. 2013 წლის ბიუჯეტის თანახმად, მშპ-ის ზრდის პროგნოზი 6%-ია. საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის რვა თვეში მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 1.6% შეადგინა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის მონაცემებით, ეკონომიკის ზრდამ, წლის ბოლოს, შესაძლებელია, 2.5%-ს მიაღწიოს. ასევე მოსალოდნელია, რომ უმუშევრობა გაიზრდება 17.1%-მდე. 2013 წელს, საჯარო მოხელეთა რაოდენობა 755 ადამიანით გაიზარდა, რაც 2012 წელთან შედარებით 0.7%-იანი ზრდაა, ხოლო შრომის ანაზღაურების მუხლი – 49.1 მლნ ლარით. დასაქმებულთა რაოდენობა საჯარო სამსახურში 300,000 ადამიანს აჭარბებს, რაც საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის (15-დან 75 წლმდე) 19%-ს შეადგენს. 2013 წელს ახლადდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წინა წლის მაჩვენებელთან შეფარდებით 17%-ით, ხოლო დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ცვლილება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8,2%-ით შემცირდა.

აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ხელს უწყობს ეკონომიკური კრიზისის წარმოქმნას. კერძოდ ,

  • იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამართლდება, მშპ-ს მთლიანი ნამეტი საშინაო და საგარეო ვალის დაფარვას მოხმარდება. მოსალოდნელია, რომ საბანკო სესხის მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით, 1 მლრდ ლარი), რომელიც ორიენტირებულია იმ მომხმარებელზე, რომელიც მომავალში შემოსავლის ზრდას ელოდება ან/და რომელსაც სურს ბიზნესის შექმნა და გაფართოება, არამიზნობრივად დაიხარჯება, რადგან სახელმწიფო ხდება ბანკების ერთ-ერთი უმსხვილესი კლიენტი, რომელიც აპირებს 1 მლრდ ლარის სესხის საკუთარი შეხედულებისამებრ გადანაწილებას და არა იმის მიხედვით, თუ როგორ წარმოიქმნება მოთხოვნა კაპიტალის ბაზარზე. ამდენად, სესხის მომხმარებლები გახდებიან არა ის ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ რაციონალური ხარჯვა და ახალი ეკონომიკური პროექტების ინიცირება, არამედ ისინი, რომლებიც არ ქმნიდნენ სესხზე მოთხოვნას, რადგან არ ელოდებოდნენ შემოსავლის ზრდას და, შესაბამისად, არ უღირდათ სარგებლის მიღება მომავალში კეთილდღეობის გაუარესების ხარჯზე. ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობის, განათლების და ჯანდაცვის სექტორი შთანთქავს სესხს და ვერ შეძლებს მის კვლავწარმოებას. შედეგად, ეკონომიკის ის სექტორები, რომელიც ვითარდება, ვეღარ შეძლებს ადამიანების დამატებით დასაქმებას. იმას, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის სარგებელი გაიზრდება სოფლის მეურნეობის, განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებში, საზოგადოება თვალნათლივ ხედავს, თუმცა საფასური, რომელსაც საზოგადოება ამ სარგებლისთვის იხდის, უხილავია. როგორც წესი, ბევრი ადამიანი – და, მათ შორის, ბევრი პოლიტიკოსი – ვერ ათვითცნობიერებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების ეკონომიკურ შედეგებს. ამდენად, როდესაც მთავრობა ამაყობს იმით, რომ ჯანდაცვის და განათლების ხელმისაწვდომობა ან აგრარულ სექტორში პროდუქტის წარმოება იზრდება, ამომრჩეველს ასევე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ საფასურის შესახებ, რომელსაც საზოგადოება იხდის სანაცვლოდ.
  • მშპ-ის 5%-ით გაზრდა ძალზე ამბიციური პროგნოზია იმ ფონზე, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვეტიციები მცირდება. ბოლო წლების სტაბილური გაუმჯობესების შემდეგ, ეს კლება სერიოზული შეშფოთების საგანია ეკონომიკური პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის. ვინაიდან საქართველოს შიდა კაპიტალის ბაზარი კვლავ განუვითარებელია, ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დაფინანსების გარე წყაროებზე და, კერძოდ, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოიყენება, რომელთა განხორციელებაც, მხოლოდ ადგილობრივი საბანკო სექტორის დაფინანსებით, შეუძლებელი იქნებოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2014 წელს უმუშევრობა 17.1%-მდე გაიზრდება. ამდენად, რეცესიის ალბათობა არის უფრო მაღალი, ვიდრე ეკონომიკის 5%-იანი ზრდა – რაც გულისხმობს, რომ სესხის დაბრუნების წყარო კვლავ საგარეო ვალი გახდება, ეს კი პირდაპირ იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოების ნაწილი 1 მილიარდ ლარს ანიავებს იმ იმედით, რომ მომავალში ისევ ვალს აიღებენ და მას მომავალი თაობები გადაიხდიან.
  • აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2013 წლის ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით 657 მილიონი ლარით გაიზარდა, რადგან დაგეგმილი იყო ეკონომიკის 6%-იანი ზრდა. თუმცა რეალობა სხვა არის – იზრდება უმუშევრობა, მცირდება ინვესტიციები. შესაბამისად, ეკონომიკა უფრო ახლოს არის იმ მაჩვენებელთან, რომ შეიძლება არც გაიზარდოს. უფრო პატარა ეკონომიკიდან მეტ შემოსავლებს ვერ ამოიღებ და, შესაბამისად, ბიუჯეტში დეფიციტი გაიზრდება. ამ შემთხვევაში ორი გზა არის: ან ფული უნდა ისესხოს მთავრობამ, ან სეკვესტრი უნდა განახორციელოს. იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წელს სახელმწიფომ ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად 58,315 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გამოუშვა, ხოლო 2013 წელს – 150 მლნ ლარის, რასაც კიდევ დაემატება 2014 წლის 1.3 მლრდ ლარი, სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრობის გაზრდას. საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ათვითცნობიერებს ქვეყნისთვის ეკონომიკის ზრდის მნიშვნელობას. ყოველი დაკარგული 1% ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობის ზრდა გადაიწევს ათწლეულებით. ეს არის ის საფასური, რასაც სახელმწიფო საზოგადოებას სანაცვლოდ სთავაზობს.
  • 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 2013 წლის ბიუჯეტთან შედარებით კიდევ უფრო მეტად ინფლაციურია. გარდა იმისა, რომ დეფიციტი უბიძგებს მთავრობას ფულის რაოდენობის ზრდისკენ (იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა ფულის სესხება, სეკვესტრისგან თავის არიდების ერთადერთ გზას წარმოადგენს ეკონომიკის ინფლირება). სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსების მკვეთრი ზრდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდასთან ერთად შეიცავს სერიოზულ ინფლაციურ საფრთხეს, რასაც მთავრობა არ შეიძლება მოუმზადებელი შეხვდეს.

რამდენად სწორია ზემოაღნიშნული საფასურის სანაცვლოდ ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებისთვის დაფინანსების გაზრდა? რა არის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების ფასი?

აგრარული სექტორი – საპარლამენტო უმრავლესობა და საქართველოს მთავრობა მესამე და მეოთხე კვარტლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზის გაკეთების დროს დიდ იმედებს ამყარებდა სოფლის მეურნეობაში ჩადებული კაპიტალის უკუგების მაჩვენებლებზე. კერძოდ: 1) უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის – 0%; 2) შეღავათიანი აგროკრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის – არაუმეტეს 8%-ისა (საბრუნავი საშუალებების და მარაგების შესყიდვის დაფინანსება მოკლე ვადით) და 3) შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის არაუმეტეს 3%-ისა (ძირითადი საშუალებების და ტექნოლოგიების დაფინანსება ხანგრძლივი პერიოდით). თუმცა, არსებული სტატისტიკით დასტურდება, რომ პროგნოზი არ გამართლდა. აგრარული სექტორი ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის 9%-ს, რაც დაახლოებით 2,3 მილიარდ ლარს შეადგენს მიმდინარე ფასებში, ხოლო ამ სექტორში დასაქმებული მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობის 48%-ია. ფაქტობრივად, ინფლაციის ტემპის გათვალისწინებით, დარგში განსახორციელებელი სახელმწიფო ინვესტიცია დარგის მიერ წამოებული პროდუქციისა და მომსახურების ღირებულების 50%-ს უტოლდება.

გარდა ამისა, სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ აღნიშნულ სექტორში ტექნოლოგიები თითქმის არ გამოიყენება და წარმოადგენს მეტისმეტად შრომატევად დარგს, განსხვავებით სხვა დარგებისგან, სადაც მოსახლეობის 52% ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის 91%-ს. მასშტაბის ეკონომიურობისა და სხვა მიზეზების გამო, აღნიშნულ სექტორში მწარმოებელს პროდუქტის შექმნა ძვირი უჯდება, რის გამოც პროდუქტი არაკონკურენტუნარიანია. შესაბამისად, შეღავათს, რომელსაც ფერმერი მიიღებს სუბსიდიის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ექნება მოკლევადიანი ეფექტი, რადგან წარმოქმნილი ჭარბწარმოების და შეუცვლელი მოთხოვნის პირობებში, ფასი აგრარულ პროდუქტზე შემცირდება.

სიტუაციიდან გამოსავლის ერთ-ერთი გზა არის სახელმწიფოს მიერ აგრარული პროდუქტის ძვირად შესყიდვა, ანუ ხელოვნური მოთხოვნის შექმნა, რა პოლიტიკასაც საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად მიმართავს ყურძენთან მიმართებით, რის შედეგადაც ბოლო 2 წლის განმავლობაში 1 კგ ყურძნის საბითუმო ფასი 1 ლარის ფარგლებში მერყეობს. მანამ, სანამ: ა) საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ახერხებს მოგებიანი პროექტების დანერგვას, შეძლებს მთავრობისთვის ფულის სესხებას; ბ) სანამ მთავრობა საკუთარი მოქალაქეების დაუკითხავად ახერხებს საგარეო ვალის მობილიზებას (რადგან ვალი, რომლის აღებაც არ გვინდოდა, ჩვენი დასაბრუნებელია) და გ) სანამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი უძლებს საშინაო და საგარეო ვალის სიმძიმესა და ეკონომიკის ინფლირებას, სუბსიდიებით შესაძლებელი იქნება ფერმერთა მდგომარეობის შენარჩუნება.

ყოველდღიურად, სუბსიდირების ტვირთი უფრო მეტი სიმძიმით დააწვება საზოგადოებას, რადგან მთავრობას უფრო მტკივნეული არჩევანის გაკეთება მოუწევს მოკლევადიან პერიოდში უმუშევრობასა და ინფლაციას შორის. გრძელვადიან პერიოდში კი, ეს ფაქტორი პროგრესირებადი სიმძიმით იმოქმედებს ერთობლივი მიწოდების ზრდაზე, უფრო მეტად შეუშლის ხელს ეკონომიკის ზრდას ერთი წლის შემდეგ, ვიდრე დღეს და ა.შ.

რა საფასურს ვიხდით ფერმერთა კეთილდღეობის შენარჩუნებაში და რამდენად გვიღირს ამ საფასურის გადახდა? როგორც წესი, მთავრობა არასდროს საუბრობს პოლიტიკური გადაწყვეტილების ეკონომიკურ შედეგებზე, რომელიც ზოგჯერ შეიძლება დამანგრეველიც კი იყოს, რადგან ხშირ შემთხვევაში ვერ ათვითცნობიერებს მას. პოლიტიკოსებს, იძენენ რა მოქალაქეებისგან ლეგიტიმურ ძალაუფლებას, გულწრფელად სჯერათ, რომ შეუძლიათ ადამიანების და თუნდაც საზოგადოების მცირე ჯგუფის კეთილდღეობის გაუმჯობესება, მაგრამ რის ხარჯზე? სამწუხაროდ, ამის ანალიზს არავინ აკეთებს.

მსგავსი ექსპერიმენტები რომ წარმატებით არ სრულდება, ამას უამრავი ქვეყნის გამოცდილებაც მიუთითებს. მაგალითად, მას შემდეგ, როდესაც აშშ-ის ექსპორტი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მკვეთრად შემცირდა ევროპის ქვეყნებში, მთავრობამ წამოიწყო სოფლის მეურნეობის დახმარების პოლიტიკა. 1923 წელს გამოქვეყნდა ნორმატიული აქტი აგროსექტორის კრედიტების შესახებ (Agricultural Credits Act). ეს იყო ერთ-ერთი მიმართულება მთავრობის მრავალი მცდელობიდან, რომელიც უნდა გამკლავდებოდა აშშ-ის 1920-იანი წლების მწვავე რეცესიას. დოკუმენტი მიზნად ისახავდა ფერმერებისთვის შეღავათიანი კრედიტების მექანიზმის შექმნას. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შეიქმნა 12 ფედერალური საკრედიტო საშუამავლო ბანკის (Federal Intermediate Credit Banks) ქსელი, რომელთა ამოცანასაც წარმოადგენდა შეღავათიანი კრედიტების გაცემა ფერმერებისთვის.

დღეს არავინ დავობს იმაზე, რომ ამ ფაქტმა დააჩქარა სოფლის მეურნეობის კრიზისი, რომელიც გამოხატული იყო ჭარბ წარმოებაში, რადგან ევროპის ქვეყნებში შემცირებული მოთხოვნის გამო, წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი აღარ იყიდებოდა, რამაც გამოიწვია ფასების მკვეთრი შემცირება. ამ ფაქტორმა უკიდურეს გასაჭირში ჩააგდო ფერმერები, განსაკუთრებით კი დიდი დეპრესიის პერიოდში. ფერმერების დახმარების ეგიდით, პრეზიდენტ ჰუვერის მთავრობამ 1929 წელს შეიმუშავა საფასო მხარდაჭერის პოლიტიკა, რომელიც გულისხმობდა ჭარბად წარმოებული პროდუქციის შესყიდვას (ძირითადად, მარცვლეულზე). აშშ-ის მთავრობა იქცა ბაზრის ერთ-ერთ მსხვილ მომხმარებლად, რამაც ხელი შეუწყო ფასების ზრდას სოფლის მეურნეობის პროდუქტზე. ამ ფაქტით წახალისებულმა ფერმერებმა კიდევ უფრო გაზარდეს წარმოების მასშტაბები, რასაც მთავრობის 500-მილიონიანმა ფონდმა ვერ გაუძლო და პოლიტიკა კრახით დასრულდა.

30-იან წლებში რუზველტის მთავრობამ შექმნა „ახალი საქმის პროგრამა (New Deal Program)" (Agricultural Adjustment Act (AAA) of 1933), რომლის მიხედვითაც ფერმერებს დაუმტკიცდათ წარმოების კვოტა, რის შედეგადაც წარმოების დონე შემცირდა და შესაძლებელი გახდა ფასების გაზრდა. ზემოხსენებული მთავრობის არცერთი ქმედების შედეგად ფერმერთა საერთო კეთილდღეობა არ გაუმჯობესებულა. სინამდვილეში, მოხდა შემდეგი: 1) ფერმერთა ერთი ნაწილი უკეთესად გრძნობდა თავს, რადგან ფერმერთა მეორე ნაწილს შეუმცირდა შემოსავლები (რუზველტის პოლიტიკა), 2) თითოეული ფერმერის შემოსავალი შემცირდა, რადგან იაფიანი კრედიტის სტიმულით შექმნეს პროდუქტი, რომელზეც მოთხოვნა არ იყო (1923 წლის აქტი) და 3) ფერმერთა შემოსავლები შენარჩუნდა მოკლევადიანი სუბსიდიის ხარჯზე, თუმცა ამან აშშ-ის მთავრობის 500-მილიონიანი ფონდი იმსხვერპლა.

მას შემდეგ, ფერმერთა დახმარების საკითხი მუდმივად დგას აშშ-ის პოლიტიკურ საარჩევნო რიტორიკაში. გაითვალისწინეს რა წარსული შედეგები, პოლიტიკოსთა ყურადღება ბოლოს პრეზიდენტ ჰუვერის სტრატეგიაზე შეჩერდა. მათ მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი სამი ვარიანტიდან, ჰუვერის სტრატეგია ყველაზე რაციონალურია. დღეს, საფასო მხარდაჭერა (price support) ცნობილია შემოსავლების მხარდაჭერის (Income Support) პოლიტიკით, რომლის მიზანიცაა ფასების სტაბილიზაცია სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. შედეგად, ფერმერებს ეძლევათ პირდაპირი სუბსიდიები შემოსავლების შესანარჩუნებლად – სუბსიდიები, რომელიც წარმოადგენს ეკონომიკის სხვა სექტორში შექმნილი შემოსავლის წყაროს, რაც აფერხებს ეკონომიკის ზრდის პროცესს.

ჯანდაცვის სექტორი – ცნობილია ქართული ანდაზა, რომ საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე უნდა დაიფარო. ჯანდაცვა ძვირადღირებული მომსახურებაა. ზოგჯერ მისი მომსახურება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე საცხოვრებელი სახლის შეძენა. ნებისმიერი ადამიანი ცდილობს, რომ საკუთარი შემოსავალი გაანაწილოს რაციონალურად, ხოლო ადამიანების სურვილები, საჭიროებები და მოთხოვნილებები უსაზღვროა. განსაზღვრული მხოლოდ მოთხოვნაა, რომელიც წარმოადგენს სწორედ გადახდისუნარიან მოთხოვნილებას და შემოსაზღვრულია შემოსავლით.

საქართველოში ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 3,500 აშშ დოლარია. საქმე ეხება საქმიანობებს, დაწყებული პროფილაქტიკური გამოკვლევებიდან, დაგეგმილი ქირურგიული ოპერაციების ჩათვლით, მოქალაქეებისთვის უფასოდ მიწოდებას. ეს სერვისი ბევრად აღემატება ეკონომიკის რეალურ შესაძლებლობას. მეტიც, აღნიშნულის უზრუნველყოფას ვერ ახერხებს აშშ-ის მოქმედი მთავრობა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 47000 აშშ დოლარია. გარდა ამისა, სახელმწიფო თავად აპირებს პროდუქტის წარმოებას სახელმწიფო საწარმოების ხარჯზე. უფასო მომსახურების მიწოდებით, იგი ძალზე მძიმე მდგომარეობაში აყენებს კერძო სადაზღვევო კომპანიებს, რომლებმაც მცირე მოცულობის ბაზრის გათვალისწინებით, მოახერხეს გარკვეული სისტემის ჩამოყალიბება, რომლის საფუძველზეც, გარკვეულ საფასურად, შედარებით შეძლებული საზოგადოების მცირე ჯგუფისთვის ჯანდაცვის შეზღუდული მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა.

უფასო მომსახურება ნიშნავს ბაზრის პრინციპის იგნორირებას. ეს აღარ არის ბაზრის შერეული (mixed) მოდელი, სადაც სექტორში კერძო კომპანიებთან ერთად სახელმწიფო ორგანიზაციები ოპერირებენ (მაგალითად, განათლების სფერო). აქ საუბარია კერძო კომპანიების მთლიან ჩანაცვლებაზე სახელმწიფო კომპანიებით, რაც სოციალიზმს ნიშნავს. ჯანდაცვა, ისევე როგორც განათლება, პოზიტიური გარეგანი ეფექტია (externality). აქედან გამომდინარე, თეორიულად, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაა და ამ კონტექსტში, თეორიულად, მთავრობას შეუძლია პოზიტიური როლი ითამაშოს (მაგალითად, ინფორმაციის გავრცელება, ინფექციური დაავადებების პრევენცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა). თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების უარყოფითი ეკონომიკური შედეგები ვერ გადაწონის სარგებელს.

როდესაც ჯანდაცვის სექტორში ბრუნდება სოციალიზმი, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ დიდი ალბათობით, ხელმისაწვდომი აღარ იქნება ის მომსახურებაც, რომელიც კერძო სექტორმა შექმნა. ამაზე მეტყველებს მიზნები, ამოცანები, შედეგები და შეფასების არაფრის მთქმელი ინდიკატორები, რომელიც ბიუჯეტის პროექტირების დონეზეც ნათლად ჩანს, რომ გაუგებარია, თუ რაში უნდა დაიხარჯოს ის მილიარდიანი ვალდებულებები, რომელიც მომავალმა თაობებმა უნდა გადაიხადონ. რა უჯდება საზოგადოებას ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა? 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, ჯანდაცვა უფრო ხელმისაწვდომი იყო?

„როდესაც ადამიანი ხარჯავს მის შემოსავალზე მეტს, ხშირად, მთელი ცხოვრების მანძილზე უწევს ვალების გასტუმრება. ვალი, მისი სიდიდან გამომდინარე, შეიძლება შთამომავლობასაც გადაეცეს. ამბობენ, რომ ეს ადამიანი მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია. როდესაც მთავრობა შეგნებულად ახალისებს ბიუჯეტის დეფიციტს, საზოგადოებას საგარეო ვალების გასტუმრება უწევს, რაც მომავალ თაობებზე გადადის. ამბობენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დგება. სწორედ ამაში გამოიხატება უპასუხისმგებლო მთავრობის ქმედება" 

ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ წინასაარჩევნო უტოპიური დაპირებები რეალობად აქციოს. თუმცა, რა ფასი უჯდება საზოგადოებას მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები და ვის აქვს მოლოდინი, რომ 2014 წელს ჯანდაცვის ან/და განათლების ხელმისაწვდომობა გაიზრდება?

კომენტარები